ტყვია, რომელიც თოფის გარეშე კლავს

თბილისი (BPI) – თამარის შვილს სისხლში ტყვიის მაღალი დონე აღმოუჩინეს. თამარმა კვლევის ჩატარება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სხვა მშობლებთან სოციალურ ქსელში საუბრისას აღმოაჩინა, რომ სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობის მქონე ბავშვების ყველა სიმპტომი მისთვის ნაცნობი იყო. მას შემდეგ რაც გაბრიელს სისხლში ტყვიის მაღალი დონე დაუდგინდა, კვლევა მეორე შვილსაც ჩაუტარა. თამარი სახელმწიფოსგან მხარდაჭერას ვერ გრძნობს, რადგან არ იცის რა არის სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობის წყარო და არ არის ინფორმირებული როგორ უნდა მოიქცეს. ამ პრობლემას თამარის შვილები წლებია უკვე ებრძვიან, თუმცა უშედეგოდ. გაბრიელისა და მისი ძმის სისხლში ტყვიის შემცველობა 150 მკ/გ-ს აჭარბებს. ოჯახმა ინტოქსიკაციის წყაროს დღემდე ვერ მიაკვლია. სწორედ ამას მიიჩნევს, თამარი მთავარ პრობლემად. “მომაწოდონ ინფორმაცია რა წამალი დავალევინო, სად ვასეირნო, რა სათამაშოები ვუყიდო“.

ტყვია მძიმე მეტალთა ჯგუფს ეკუთვნის. ის არის რბილი, მკვრივი და დრეკადი ლითონი, რომელიც  გარემოს ბუნებრივი დამაბინძურებელია. იგი სერიოზულ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ტყვია აღწევს თავის ტვინში, ღვიძლში და თირკმელებში. დროთა განმავლობაში მისი აკუმულირება კბილებსა და ძვლებში ხდება. იმის გამო, რომ ამ დროს პაციენტს გამოკვეთილი სიმპტომები არ აღენიშნება, მოწამლვა ხშირად შეუმჩნეველი რჩება. დიდი რაოდენობით ტყვიას იერიში თავის ტვინზე და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მიაქვს. ტყვია არის ნიადაგში, წყალში, დაბინძურებულ ჰაერში და შესაბამისად, საკვებშიც.

ტყვიით ინტოქსიკაციის  შესაძლო გზებია:

  1. საღებავი, რომელიც შეიცავს ტყვიას;
  2. სახლის მტვერი ან ნიადაგი.
  3. ტყვიის შემცველი სამშენებლო მასალა;
  4. დაბინძურებული გარემო, საოჯახო მტვერი;
  5. ტკბილეული/სანელებლები, თუ მასში გამოყენებულ საღებავში მაღალია ტყვიის შემცველობა;
  6. სათამაშოები, პარფიუმერია, რომლებიც შეიცავენ სხვადასხვა საღებავ ელემენტებს;
  7. წყლის მილები;
  8. საწვავი.

ადამიანები ტყვიას სხვადასხვა პროდუქტში უკვე 8000 წელია იყენებენ, ამიტომაც გაგიკვირდებათ თუ გაიგებთ, რომ მხოლოდ დაახლ. 150 წ-დან ჩვ. წელთაღრიცხვამდე გახდა ცნობილი, რომ ტყვია საშიშია და მასთან თამაში არ ღირს, როცა ადამიანის სხეულზე მისი გავლენა ცნობილმა ბერძენმა ფიზიკოსმა ნიკანდროს კოლოფონელმა შეისწავლა. ნიკანდროსმა ეს მეტალი „მომაკვდინებლადაც“ კი აღწერა. მან თავის ნაშრომში „ალექსიფარმაკა“ განვრცობით დაწერა ადამიანის სხეულზე მისი საზიანო ეფექტების შესახებ.

ამის შემდგომ, ახ. წ.-ით I საუკუნეში ბერძენმა ფიზიკოსმა პედანიუს დიოსკორიდესმა აღნიშნა: „ტყვია გონებას აფერხებს“.

Occupation Safety and Health Research Institute-ის თანახმად, ტყვიით მოწამვლა ერთ-ერთი უძველესი, დადგენილი და ყველაზე ცნობილი პროფესიული დაავადებაა. მისი მწვავე შედეგები ძველი დროიდანვეა აღმოჩენილი.

ძველმა ბერძნებმა და რომაელებმა იცოდნენ ტყვიის მომაკვდინებელ და საგანგაშო ეფექტებზე ადამიანის სხეულში, თუმცა ისინი კვლავ მოიხმარდნენ მას, რადგან იოლად მოსახმარი მეტალია, ჟანგგამძლეა და მკვრივი. რომაელები განსაკუთრებული სიხშირით მოიხმარდნენ ტყვიას წყლის მილებისა და ქვაბების დასამზადებლად. იულიუს კეისარის მთავარმა ინჟინერმა ვირტუვიუსმა როგორც აღნიშნა, წყალი მიწისგან დამზადებულ მილებში უფრო ჯანსაღია, ვიდრე ტყვიის მილებში – როგორც ჩანს, ტყვია აზიანებს.

წყაროს მიკვლევის მიზნით, სხვადასხვა სამთავრობო უწყებამ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად რამდენიმე კვლევა ჩაატარა. კვლევების თანახმად, ტყვია ნორმაზე მაღალია, თუმცა  რა იწვევს სისხლში, მათ შორის ბავშვებში, ტყვიის მაღალ კონცენტრაციას უცნობია.

„მდგომარეობა შეუსწავლელია, ტყვიის წყარო დაუდგენელია. საჭიროა ფუნდამენტური კვლევები.  სამინისტროს  წარმომადეგენელი ამბობს, რომ ჰაერში ტყვია არ არის, მაგრამ ეს გვიცვლის იმ ფაქტს, რომ ბავშვების სისხლში ტყვიის გადაჭარბებული შემცველობაა, მაგრამ არავის აქვს პასუხი თუ საიდან ხვდება ბავშვებში ტყვია. საჯაროდ გამოდიან სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები განცხადებებით, რომ მათ არანაირი პრობლემა ტყვიის არსებობის კუთხით,“ –  ამბობს მანანა ქოჩლაძე მწვანე ალტერნატივადან.

კონსტიტუციის 37-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეს აქვს  ხელშეუვალი უფლებები:

1.ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი. ყველა ვალდებულია გაუფრთხილდეს ბუნებრივ და კულტურულ გარემოს;

 2. ადამიანს უფლება აქვს მიიღოს სრული, ობიექტური და დროული ინფორმაცია მისი სამუშაო და საცხოვრებელი გარემოს მდგომარეობის შესახებ.

მანანა ქოჩლაძის განცხადებით, ტყვიის წყარო შესაძლოა ბევრი რამ იყოს და ამაზე საზოგადოება არ არის ინფორმირებული, რაც ძალიან დიდი პრობლემაა. „ბევრი მათგანი აკუმულატორებს ინახავს აივანზე ან უბრალოდ ნაგავსაყრელზე ყრის და საერთოდ არ იცის რომ მის ორგანიზმში ტყვია შესაძლოა ზუსტად აკუმულატორისგან მოხვდეს“

სახელმწიფო არ ახდენს მოსახლეობის სათანადო ინფორმირებას რასაც თავად დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი ლელა სტურუაც ადასტურებს. ლელა სტურიას შეფასებით, ქვეყანაში არსებული სამედიცინო ცოდნა დაბალია და სამომავლოდ ფიქრობს კარგი იქნება თუ სახელმწიფოს მხრიდან მოხერხდება საკომუნიკაციო გეგმის გაუმჯობესება. “ეს ძალიან კარგი იქნება ადამიანებმა გააცნობიერონ რა შეიძლება იყოს ტყვიის პოტენციური წყარო.“

თავიდან საქართველოში ტყვიაზე საუბარი 2011 წელს მაშინ დაიწყო როცა ამერიკის შეერთებულ შტატებში „ამერიკის ხმამ“ გამოაქვეყნა სტატია ქართველ ბავშვებში სისხლის მომატებული შემცველობაზე, მიზეზად კი სუნელები დასახელდა. 2018 წელს ესტონეთის ელჩმა კაი კაარელონსმა ორგანიზამში მძიმე მეტალების შემცველობა შეიმოწმა. პასუხი შემაშფოთებელი აღმოჩნდა, საქართველოში ცხოვრების 2 წლის განმავლობაში მის სისხლში ტყვიის შემცველობა საგრძნობლად მომატებული აღმოჩნდა.

“ჩემი მაჩვენებელი ნორმასს 2-ჯერ აღემატებოდა.“ ესტონეთის ელჩი არ გამორიცხავს, რომ ტყვიის მაღალი კონცენტრაცია მის სისხლში საქართველოში ცხოვრებას უკავშირდება.ა ნალიზების პასუხის მიღების შემდგომ მან საქართველო დატოვა და რამდენიმე კვირა ესტონეთში გაატარა. ესტონეთში გატარებული ერთი თვის შემდეგ კი კაარელსონის სისხლში ტყვიის კონცენტრაცია საგრძნობლად შემცირდა.

„როგორც ვიცი, სისხლში ტყვიის შემცველობა იკლებს თუ დაბინძურების წყაროს 40-60 დღე მოშორდებ,ი ესტონეთში ზაფხული გავატარე და ტყვიის შემცველობამ ჩემ ორგანიზმში დაიკლო. რაც იმას ნიშნავს რომ მიზეზი უნდა იყოს ისეთი რამე  რაც საქართველოშია,“ – კაი კაარელსონი.

სისხლის  ანალიზი საელჩოს სხვა თანამშრომლებმაც გაიკეთეს, შედეგი კი კვლავ საგანგაშო აღმოჩნდა. ტყვიის შემცველობა სისხლში მომატებული ჰქონდა ესტონეთის საელჩოს კონსულს იურგო ლოსსაც. ესტონეთის კონსული სისხლში ტყვიის მატებას თბილისის ქუჩებში ფეხით გადადგილებას აბრალებს. “მიზეზი შეიძლება ისიც იყოს რომ ორი წელია თბილისში საბურთალოზე ვცხოვრობ, სადაც ჩემი ვარაუდით გამონაბოლქვი ყველაზე მეტია“, – ამბობს იურგო ლო. კაი კაარელსონმა ის იცის რომ საქართველოში ტყვიის გამომწვევი მიზეზის შესახებ პასუხი არავის აქვს. მიზეზის დასადგენად საქართველოში საფუძვლიანი კვლევა არ ჩატარებულა. “მნიშვნელოვანია გაირკვეს რა არის ამის გამომწვევი მიზეზები“, – კაი კაარელსონი.

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ, რამდენიმე უწყებამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ 2018 წელს ჩატარებული მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის პრეზენტაცია უკვე გამართა და დეტალებიც წარადგინა, ამ დრომდე არ არსებობს კვლევის კონკრეტული ანგარიში, ეს კი გარკვეულ კითხვის ნიშნებსაც ბადებს.

Unicef-ის ჯანდაცვის სპეციალისტის თამარ უგულავას განცხადებით, კვლევის სტატისტიკური მონაცემები და ნახაზები ჯერ არ არის შედგენილი და ვარაუდობენ, რომ ივლისის ბოლოს კვლევა ანგარიშის სახით გამოქვეყნდება. ამიტომაც ამ ეტაპზე საქართველოს მოსახლეობა იძულებულია კვლევებს ანგარიშის გარეშე დაეყრდნოს და იხელმძღვაანელოს.

კვლევის გასაჯაროებული მონაცემებით, ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 85% აჭარაზე მოდის. არასამთავრობო ორგანიზაცია  „საქართველოს მწვანეები“ არ გამორიცხავს რომ საქართველოში ტყვიის გადაჭარბებული  ოდენობა ჩერნობილის ატომურ სადგურზე მომხდარი ავარიას და ამ ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოების შედეგად გარემოს რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებას უკავშირდებოდეს.

”2000 წელს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს და ფრანგი სპეციალისტების დახმარებით, უკონტროლო რადიაქტიური ნივთიერებების დაძიების მიზნით, განხორციელდა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიების  აეროსპექტრალური შესწავლა და თერჯოლის ტყის ეკოსისტემებში აღმოჩნდა ჩერნობილის აფეთქების კვალი, რაც მანამდე არ იყო აღრიცხული. ალბათობა იმისა, რომ ტყვიით საქართველოს გარკვეული ტერიტორიების დაბინძურების ერთ-ერთი ფაქტორი სწორედ ჩერნობილის აეს-ზე მომხდარი ავარიაა საკმაოდ მაღალია. 1986 წელს დასავლეთ საქართველოს რიგ რაიონებს გამოუსწორებელი ზიანი მიადგა და მისი შედეგები დღემდე შესწავლილი არაა,” – ამბობენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

არასამთავრებო ორგანიზაცია მწვანე ალტერნატივის თავმჯდომარე მანანა ქოჩლაძე ამ ვარაუდს არ ეთანხმება და ერთ-ერთ სავარუდო მიზეზად ნადირობას ასახელებს, რადგან  ნადირობის შემდგომ ტყვია-წამალს არავინ აგროვებს და ნიადაგში რჩება. “ეს შესაძლოა დაკავშირებული იყოს კვებით ჯაჭვთან. როცა ცხოველები მიტოვებულ ლეშს ჭამენ და შემდგომ მათი ფეკალიები ბუნებაში რჩება“. ორგანიზაციის თავმჯდომარე არ გამორიცხავს არც ჰაერიდან ტყვიის ათვისების შესაძლებლობას. „ყველა კვლევა ადასტურებს, რომ თბილისში ჰაერის დაბინძურების მთავარი გამომწვევი მიზეზი არის ავტოტრანსპორტი, შემდეგ მშენებლობები და რეგიონებში გვაქვს საწარმოო-ინდუსტრიული ზონები, აქ უკვე სხვა დამაბინძურებლებიც იზომება, მაგალითად მანგანუმი ჭიათურაში“, – განაცხადა ქოჩლაძემ.

WHO-ს 2018 წლის ანგარიშში ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის სიდიდის მაჩვენებლით საქართველო 70-ე ადგილზეა.

არსამთავროებოებს შორის არსებული განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად, ორივე ორგანიზაციაში დასავლეთში არსებულ მაღალი მაჩვენებელის ერთ-ერთ მიზეზად ზღვა სახელდება, რადგან დაგროვილი ტყვიის ნარჩენების ევტროფიკაცია ხდება, თუმცა ამ ვარაუდზე ყველაზე ნაკლები კვლევაა  ჩატარებული.

მას შემდეგ რაც ეთილირებული ბენზინი ხმარებიდან ამოიღეს ვარაუდმა, რომ ადამიანის ორგანიზმში ტყვია ჰაერიდან ხვდება უკანა ფლანგზე გადაიწია. სამინისტროები ამას გამორიცხავენ, თუმცა დროდადრო იწერება  სტატიები სადაც ხაზგასმულია საქართველოში ჰაერის  დაბინძურების საგანგაშო მდგომარეობა. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოში ამბობენ, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგს აქტიურად ახორციელებენ. დღეის მდგომარეობით, 7 ავტომატური, მათ შორის 1 მობილური სადგური ფუნქციონირებს. „გარდა ამისა, 2018 წლის სექტემბრიდან გაფართოვდა ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის კვლევები. ბოლო პერიოდში მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩამოყალიბდა ტენდენცია, რომლის თანახმადაც აქტიურად მიმდინარეობს ჰაერში ტყვიის შემცველობის შესწავლა და ამ მიმართულებით არსებული პრობლემური საკითხების გადაჭრაზე ზრუნვა. დღეის მდგომარეობით თბილისის მასშტაბით უკვე შემოწმებულია 100-ზე მეტი წერტილი და ჰაერში ტყვიის შემცველობის თვალსაზრისით ნორმაზე გადაჭარბების არც ერთი შემთხვევა არ ფიქსირდება.“

არასამთავრებო ორგანიზაციის, „ეკოხედვის“ მიერ ატმოსფერული ჰაერის ნიმუშების შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ დედაქალაქში ტყვია დასაშვები კონცენტრაციისაა (0.3 მკგ/მ3) (მინიმუმ 0.01 მკგ/მ3 და მაქსიმუმ 0.06მკგ/მ3). კვლევის არეალში მოხვდა გმირთა მოედანი, ლისის ტბა, ვაკის პარკი და ორი მშენებლობა დიღმის მასივსა და დიდ დიღომში. როგორც აღმოჩნდა, ტყვიით ყველაზე მეტად მშენებლობების ირგვლივაა ჰაერი დაბინძურებული, ლისის ტბასა და ვაკის პარკში კი რეკრეაციული ზონისთვის შესაფერისი ჰაერი დაფიქსირდა. თბილისის ჰაერში ტყვიის შემცველობას ცალკეულ უბნებში 2008 წლიდან ზომავს გარემოს ეროვნული სააგენტო, თუმცა ნორმაზე მაღალი მაჩვენებელი ჯერ არ დაფიქსირებულა. „ეკოხედვის“ ექსპერტი ნუგზარ ბუაჩიძე, რომელიც „ეკოხედვის“ კვლევაზე მუშაობდა, მიიჩნევს, რომ ჰაერის დაბინძურების აღმოსაფხვრელად შედეგს გამოიღებს ავტოტრანსპორტის ტექნიკური დათვალიერების შემოღება და ავტომობილების მოძრაობის მოწესრიგება ქალაქში. კვლევის ავტორების რეკომენდაციაა ასევე სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების შემუშავებაა.

გარემოს კომიტეტი იზიარებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციას, რომ გამკაცრდეს მონიტორინგი მიკროავტობუსებისა და ავტობუსების ტექნიკურ მდგომარეობაზე. ასევე, ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულების შესრულებაზე. ორგანიზაციამ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. ირკვევა, რომ ავტომობილის მფლობელები ტექინსპექტირების გავლის მიზნით, საბურავებს, ფარებს, ცეცხლმაქრებს და სხვა აღჭურვილობას თხოულობენ, ან ქირაობენ. მძღოლები ავტონაწილებს ქირაობენ ბაზრობებზეც და სოციალური ქსელების ჯგუფებშიც. რაც რასაკვირველია მსგავსი შემოწმების არსსებობას აბათილებს და გამოუყენებელს ხდის. „ჯეოველ რისერჩის“ კვლევების დირექტორის, დავით ჯიჯელავას თქმით, ავტონაწილების თხოვება, ან დაქირავება კანონით არ იკრძალება.

„არსებული რეგულაციებით შეუძლებელია ნაწილების თხოვების აკრძალვა. მნიშვნელოვანია, რომ ეს რისკები იყოს გათვალისწინებული და ხდებოდეს მისი მართვა.”

„გამორთე ან გამართე“ – ამ სახელწოდების სოციალური კამპანიის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციამ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თბილისში ჰაერის ხარისხის მაჩვენებლის შედეგების პრეზენტაცია გამართა. კვლევა ეწინააღმდეგება გარემოს სააგენტოსს მოსაზრებას, რომ ჰაერის დაბინძურების კუთხით თითქოს საგანგაშო არაფერი არ არის.

კვლევა სააგენტოს მაჩვენებელებთან წინააღმდეგობაში მოდის და ადასტურებს, რომ 2018 წელთან შედარებით თბილისში ჰაერის ხარისხი გაუარესებულია.

მიუხედავად იმისა რომ კვლევებში ბენზინში ტყვიის არსებობა არ დასტურდება, ვერ დგინდება რატომ არის ბავშვის სისხლში ტყვიის დასაშვებზე მაღალი კონცენტრაცია.

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თემატური მოკვლევის ანგარიშში წერია „ადამიანის სისხლში მომატებული ტყვიის შემცველობის მიზეზი არ არის საწვავი. თუმცა, დღემდე არ გვაქვს პასუხი გამომწვევი მიზეზების შესახებ. მთავრობამ უნდა განსაზღვროს პასუხისმგებელი ორგანოები და დაიწყოს კვლევა, თუ რამ გამოიწვია ადამიანის სისხლში ტყვიის შემცველობის მატება. შესაბამის ღონისძიებათა გასატარებლად აუცილებელია გამომწვევი მიზეზების ზუსტად ცოდნა.”

18 მარტიდან დაიწყო კამპანია „ჩემი ქალაქი მკლავს“ რომელშიც სამოქალაქო აქტივისტები არიან ჩართული. „ჩვენი ქალაქის უდიდესი პრობლემა არის ეკოლოგიური მდგომარეობა. ჩვენი მიზანია, გავაუმჯობესოთ ვითარება ქალაქში: გაჩერდეს გაუმართავი ავტომობილები, გაშენდეს ბევრი პარკი, გაკონტროლდეს მშენებლობების ხარისხი, საკვების ხარისხი და მოგვარდეს რიგი სხვა პრობლემები. ჩვენ ვიბრძვით ჩვენივე უფლებისთვის ვიცხოვროთ ჯანსაღ გარემოში“  სოციალურ ქსელში აქტიურად პოსტავენ გამონაბოლქვის ამსახველ ვიდეობს და მოუწოდებენ მთავრობას დროულად ჩაანაცვლონ შავი ბოლის მფრქვეველი ყვითელი ავტობუსები ახლით. კამპანიის ფარგლებში ცნობილი ადამიანები ვიდეორგოლებში საუბრობენ ჯანსაღი გარემოს მნიშვნელობაზე.

ტყვიის როგორც მეტალის არსებობა ჰაერსა და საკვებ პროდუქტებში მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის, მისი პრევენციისთვის იბრძვის მთელი მსოფლიო.

1980-იანი წლებიდან ტყვიის საწინააღმდეგო კამპანიამ მოიცვა მსოფლიოს თითქმის ყველა განვითარებული ქვეყანა. 1993 წლიდან 1996 წლის ჩათვლით ტყვიის შემცველი ბენზინის გამოყენება აიკრძალა ავსტრიაში, გერმანიაში, დანიაში, კანადასა და შვედეთში. ეს ტენდენცია გავრცელდა ევროპაში, ცენტრალური ამერიკის ქვეყნებში და 2000 წლისთვის 42-მა ქვეყანამ აკრძალა ტყვიის შემცველი ბენზინის გამოყენება, რაც დასრულდა 2002 წლის ევროგაერთიანების დადგენილებით ტყვიის შემცველი ბენზინის აკრძალვაზე ევროგაერთიანების ქვეყნებში. აშშ-ში მიჩიგანის ქალაქ ფლინტში 13 ადამიანი ემსხვერპლა ტყვიით დაბინძურებულ წყალს, რაც იაფფასიანმა ტყვიის მილებმა გამოიწვია. 2014 წლიდან წყალი მოსახლეობას დაახლოებით 2 წლის განმავლობაში წამლავდა. მოგვიანებით, ფლინტში მილების გამოცვლა დაიწყო, რომელიც დღესაც გრძელდება და დაახლოებით 2020 წელს დასრულდება. იმის მიუხედავად, რომ ტყვიის შემცველობა წყლის ბევრ სინჯში უკვე ნორმასთან ახლოსაა, ფლინტის მოსახლეობას 2020 წლამდე მაინც მხოლოდ ბოთლის წყლის დალევას ურჩევენ.

გარდა ჰაერისა ტყვიით ინტოქსიკაციის ერთ-ერთი მიზეზია საკვები. მიუხედავად იმისა რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოში საგანგაშოსს ვერაფერს ხედავენ და აცხადებენ,რომ ტყვიის შემცველობის საშიში მდგომარეობა არცერთ პროდუქტში ვლინდება, 2018 წლის მონაცემებით, სხვა კვლევებში მკაფიოდ იკვეთება საკვებში ტყვიის არსებობა. „ორბელიანი საქართველო“-ს დაფინანსებით 2019 წლის იანვარ-მარტში არასამთავრებო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით სურსათში ტყვიის მაჩვენებელი საგანგაშოა. სურსათიდან აღებულ სინჯებში ტყვიის მაღალი კონცენტრაცია ფიქსირდება სუნელებში. ტყვიის კონცენტრაცია განსაკუთრებით საგანგაშოა ყვითელ ყვავილში, რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ნორმას 246-ჯერ აღემატება. 2018 წელს, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლეულია 1176 ნიმუში, მათ შორის, დარღვევა გამოვლინდა 23 ნიმუშში, რაც საერთო რაოდენობის 2%-ს შეადგენს. ტყვიის შემცველობა ნორმას არ აღემატება ბავშვთა კვების პროდუქტებში, თევზში, პურ-პროდუქტებში, ბურღულეულსა და ბოსტნეულში.

გასულ წლებთან შედარებით, ტყვიის გადაჭარბებული ოდენობა არ გამოვლენილა ხორცის ნიმუშებში.

დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობა აღინიშნა ნედლი რძის 15 და სუნელ-სანელებლებლების 8 ნიმუშში. 2019 წელს სურსათის ეროვნული სააგენტო გეგმავს 1200-მდე ნიმუშის აღებას და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას თუ ამა თუ იმ შემთხვევაში გადაჭარბებული რაოდენობა გამოვლინდება.

კიდევ ერთ დიდ პრობლემას წარმოადგენს, რომ არ ხდება ყველა პროდუქტის შემოწმება ტყვიის შემცველობის მხრივ. “სურსათის გარდა, ჩვენთან სხვა ნივთებზე კონტროლი, პრაქტიკულად, არ ხორციელდება… სათამაშოებში, საღებავებში, სამშენებლო მასალებში, ავეჯსა და სხვა ნივთებში თავისუფლად შეიძლება იყოს ტყვიაც და სხვა მომწამვლავი ნივთიერებებიც,”- განმარტავენ  სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრში.

ტყვიის მავნე ზემოქმედების პოტენციალი ბავშვებში უფრო დიდია ვიდრე მოზრდილებში, რადგან ბავშვები ტყვიის შემცველ რის-ჯგუფებში შედიან 0-6 წლამდე ასაკის ბავშვები, ორსულები, მე-20 საუკუნის 70-იან წლებამდე აშენებულ სახლებში მცხოვრებლები. ტყვიით ინტოქსიკაცია გამოიხატება შემდეგი სიმპტომებით: ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა, ჰიპერაქტიულობა, სირთულეები კითხვისას, კოორდინაციის გაძნელება, ქცევითი დარღვევები, დაბალი მოსწრება სკოლაში, ზრდისა და განვითარების შეფერხება. რაც შეეხება კლინიკური სიმპტომებს ეს გამოიხატება მუცლის არეში ტკივილით, ანემიით, ყაბზობით, თავის ტკივილითა და მადის დაქვეითებით.

ჯანმო ტყვიის ინტოქსიკაციისგან თავის დასაღწევ  რეკომენდაციებს ავრცელებს:

1. ხშირად დაალაგეთ სახლი და ბავშვის ოთახი სველი წესით;
2. მიზანშეწონილია ხშირად გარეცხოთ ბავშვის სათამაშოები;
3. მიაჩვიეთ ბავშვი ქუჩიდან ან ეზოდან სახლში შემოსვლის შემდეგ დაიბანოს ხელი;
4. მიიღეთ რკინით, კალციუმით და ცილებით მდიდარი საკვები, რადგან ისინი ზრდიან ტყვიისადმი ორგანიზმის წინააღმდეგობას;
5. განსაკუთრებით მოერიდეთ ტყვიის ექსპოზიციას ფეხმძიმობის დროს;
6. მოერიდეთ ფეხით სიარულს ტრანსპორტით გადატვირთულ ქუჩებში;
7. აქტიურად ჩაებით ტყვიის შემცველი საღებავების გაყიდვის აკრძალვის კამპანიებში;
8. არ გამოიყენოთ ტყვიის შემცველი საღებავები

ტყვიის სხეულიდან გამოდევნის საუკეთესო გზა სწორად შერჩეული კვების რაციონია. საკვები რომელიც რკინასა და c-ვიტამინს შეიცავს ორგანიზმიდან ტყვიის გამოდევნას უწყობს ხელს. ჯანმრთელი რაციონი აფერხებს ტყვიის ორგანიზმში არსებობას თუმცა ჯერ-ჯერობით დაუდგენელია ისეთი მეთოდი, რომელიც სრულიად გაანთავისუფლებს ორგანიზმს ტყვიის კონცენტრაციისაგან.

დღევანდელი გადმოსახედიდან საქართველო მწვავე პრობლემების წინაშე დგას, სახელმწიფო კი ვერ ახერხებს პრობლემის პრევენციას, რადგან ჯერ არ უპოვია ტყვიის წყარო. ამიტომ ვერაფერი ცხადყოფს იმას თუ რატომ არის ბავშვთა სისხლში მაღალი კონცენტრაცციით ტყვია.

ლიკა ლეჟავა, “საქართველოს უნივერსიტეტის” სტუდენტი

შემთხვევითი სიახლე

რაზე იმსჯელეს სემეკის საჯარო სხდომაზე

კომისიის საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს, რომლებიც შეეხებოდა ელექტროენერგეტიკის სექტორის სხვადასხვა მარეგულირებელი აქტების …