ხვალ სემეკი 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს – რაზე გამახვილდება ყურადღება?

11 ივლისს, 11:00 საათზე, „ შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ (თელავის ქ. N20, თბილისი) გაიმართება სემეკის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია. ანგარიშშის წარდგენისას ყურადღება გამახვილდება სემეკის რეგულირების ქვეშ არსებული სექტორების 2022 წლის მაჩვენებლებზე, მათ შორის, ენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებზე.

პრეზენტაციას წარადგენს სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია. მისი განმარტებით,  რეგიონისა და ევროპის ქვეყნებთან შედარებით საქართველოში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ტარიფები ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. კერძოდ, ერთიან შკალაზე როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი გაზის ტარიფების სიმცირის კუთხით საქართველო მეორე ადგილს იკავებს. დავით ნარმანია ასევე აღნიშნავს, რომ 2022 წელი ელექტროენერგეტიკული ბაზრის სტრუქტურული რეორგანიზაციის კუთხით მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, 2022 წელს მიმდინარეობდა ახალი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა და ფორმირება. აღნიშნული პროცესი სრულად ჰარმონიზებული იყო ევროპის მე-3 ენერგეტიკული პაკეტის დირექტივებსა და  რეგულაციებთან, ასევე ენერგეტიკულ გაერთიანებასთან ხელმოწერილ შეთანხმების ოქმთან.

გარდა ამისა, ანგარიშის წარდგენისას ყურადღება გამახვილდება მომხმარებელთა უფლებების  დაცვის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზეც. დავით ნარმანია აღნიშნავს, რომ რომ სემეკი ამ მიმართულებით 2022 წელს აქტიურად განაგრძობდა მუშაობას:

„მოქალაქეებზე უსაფუძვლოდ დარიცხული და სემეკის მიერ ჩამოწერილი თანხების საერთო ოდენობამ შეადგინა 1 268 610. 37 ლარი. გარდა ამისა, სემეკის რეგულაციების შესაბამისად, მომსახურების სტანდარტების დარღვევის გამო გამანაწილებელმა კომპანიებმა მომხმარებლებს კომპენსაციის სახით გადაუხადეს 869 235  ლარი.  აქედან 695 700 ლარი გადახდილია ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების სტანდარტის დარღვევის გამო, ხოლო დანარჩენი გარანტირებული სტანდარტის დარღვევისთვის“,განაცხადა დავით ნარმანიამ. 

რაც შეეხება რეგულირების ქვეშ არსებული სექტორების ძირითად მაჩვენებლებს.

ანგარიშის ძირითადი მიმართულებები გვიჩვენებს, რომ 2022 წელი ელექტროენერგიის სექტორისთვის წარმატებული აღმოჩნდა. უფრო კონკრეტულად, გასულ წელს ელექტროენერგიის წარმოება (სალტეზე გაცემა) 2021  წელთან შედარებით 12.5%-ით, ხოლო 2020 წელთან შედარებით 27,8%-ით გაიზარდა. წარმოების ზრდასთან ერთად გაზრდილია ექსპორტის მაჩვენებელიც. ელექტროენერგიის ექსპორტი წინა წლის მაჩვენებელზე 2.5-ჯერ, ხოლო 2020 წლის მაჩვენებელზე 6.3-ჯერ მეტია. ამასთან, გაზრდილია მოხმარების მაჩვენებლებიც, კერძოდ, ელექტროენერგიის შიდა მოხმარება წინა წელთან შედარებით 3.6%-ით, ხოლო 2020 წელთან შედარებით 17.3%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება ბუნებრივი გაზის სექტორს, 2022 წელს ქვეყანაში ბუნებრივ გაზზე მოთხოვნა გაიზარდა 20%-ით და 2.998 მლრდ კუბ.მ შეადგინა. საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის ბუნებრივი გაზის მოხმარებამ 2022 წელს 1,335 მლნ კუბ.მ შეადგინა, არასაყოფაცხოვრებო მიზნებისთვის მოხმარებამ კი – 1,663 მლნ კუბ.მ, მათ შორის 754 მლნ კუბ.მ თბოსადგურების მოხმარებას შეადგენს;

რაც შეეხება წყალმომარაგების სექტორს. დავით ნარმანიას თქმით, 2022 წელს საქართველოში ოპერირებდა  წყალმომარაგების 9 ლიცენზიატი.

„წყალმომარაგების სექტორში მოქმედი ლიცენზიატებიდან 1 წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საწარმოს, 5 – მუნიციპალურს და 3 – კერძო საკუთრებაში არსებულს. მოსახლეობის 68%-ის სასმელი წყლით მომარაგებას უზრუნველყოფენ წყალმომარაგების ლიცენზიატი კომპანიები, ხოლო 31%-ის წყალმომარაგებით უზრუნველყოფა ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების ვალდებულებას წარმოადგენს. ჯამში მომხმარებელთა რაოდენობა  2022 წელს 2021 წელთან შედარებით 5.8%-ით გაიზარდა“, აღნიშნა დავით ნარმანიამ.

სემეკის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრებს კომისიის საერთაშორისო ურთიერთობებზე და რეგულირების განვითარების მიზნით განხორციელებულ საერთაშორისო პროექტებზე. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდება სემეკთან არსებულ ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დაარსებაზე. დავით ნარმანიას თქმით, ცენტრი წარმოადგენს ღირებულ პლატფორმას ენერგეტიკის სპეციალისტებისა და სხვა დაინტერესებული პირების პროფესიული განვითარებისთვის.

 

 

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ეროვნული ბანკი CENTRAL BANKING – მა ციფრული ვალუტის ინიციატივს კატეგორიაში გამარჯვებულად დაასახელა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა წამყვანი საერთაშორისო გამოცემა Central Banking – ის კიდევ ერთი ჯილდო – ცენტრალური ბანკის …