პატარა მცენარე დიდი პრობლემებით-გაეცანით მარიხუანას მოხმარების დადებით და უარყოფით მხარეებს

თბილისი (BPI) – სურვილი, სათანადო სანაცნობო წრე, თანხა 150 ლარის ექვივალენტში და შენ უკვე 3 გრამი მარიხუანას „იღბლიანი“ მფლობელი ხარ. ახლა შენ უკვე შეგიძლია დაივიწყო ყოველდღიური ყოფითი პრობლემები, გაექცე მოსაბეზრებელ, არასასურველ რეალობას და სიამოვნების, ეიფორიის რამდენიმე საათიან მორევში გადაეშვა. ეს სიტყვები ძვირადღირებული რეკლამის ტექსტს უფრო ჰგავს, ვიდრე ნარკოტიკული საშუალების ანოტაციას, მაგრამ რეალობა ასეთია.   იმ დროის განმავლობაში, სანამ მარიხუანა მთელ შენს ორგანიზმში იკავებს ადგილს და შენი ორგანოები კვამლში ეხვევა, შენ გრძნობ მხოლოდ სიამოვნებას, მოდუნებას და ბედნიერების განცდით ივსები.  შენ არ გაინტერესებს არავინ და არაფერი, მაგრამ ამ მდგომარეობაში  დიდი ალბათობით მარტო არ ხარ. პარალელურად შენთან ერთად ამ რამდენიმესაათიან გამოგონილი სამყაროში რამდენიმე ასეული ადამიანი იმყოფება მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში.

ნარკოტიკული ნივთიერებების კომისიის OOH-ის ცნობით, რომელიც მარიხუანასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს და   ამ ნარკოტიკის სტატისტიკას გვაწვდის  მსოფლიოს მასშტაბით, სინამდვილეში მსოფლიოში ადამიანების 3,9% ყოველდღიურად მოიხმარს მარიხუანას.  სტატისტიკა საკმაოდ მაღალია საქართველოშიც.

ალკოჰოლისა და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების შესახებ „ალტერნატივა ჯორჯიასა“ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ჩატარებული კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 15.9% აღიარებს, რომ კანაფი იგივე მარიხუანა ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოუხმარია.

ისმის კითხვა რა არის ეს ნივთიერება, რომელიც დროს აჩერებს და ორგანიზმში ერთგვარ ბედნიერების ჰორმონს გამოიმუშავებს. მარიხუანა, როგორც  სამკურნალო, საყოფაცხოვრებო და მსუბუქი თრობის პოპულარული საშუალება უძველესი დროიდანაა ცნობილი.  ის შეიცავს ოთხასზე მეტ ქიმიურ ნაერთს, თუმცა მთავარი მოქმედი ნივთიერება, რომელიც მათრობელა ეფექტს ქმნის არის კანაბიონიდი. ბუნებაში დაახლოებით სამოცი სახის კანაბიონიდი არსებობს, მათგან ყველაზე მოქმედე დელტა-9-ტეტრაჰიდროკანაბინოლია. მასში შემავალი კომპონენტები ტეტრაჰიდროკანაბინოლი და კანაბიდიოლი ფსიქოტროპული ნივთიერებებია. მარიხუანას მოხმარებისას ტეტრაჰიდროკანაბინოლი ხვდება სისხლში, საიდანაც სწრაფად მიეწოდება ყველა ორგანოთა სისტემას. მისი მოქმედება გრძელდება მოწევიდან 3-4 საათის განმავლობაში. მინიმალური ტოქსიკური დოზაა 25 მგ/კგ სხეული წონაზე, სასიკვდილო ზოდა კი 2,16 მ/კგ. თუმცა ამ მონაცემებით ადამიანმა უნდა მოწიოს 60 გ მარიხუანა THC 5 % შემცველობით ან შეჭამოს 1-2 კგ ბალახი, რათა მოხდეს ინტოქსიკაცია და დაფიქსირდეს სიკვდილი.

კანაფს, იგივე მარიხუანას, დიდი ისტორია აქვს. მისი მოხმარება ყოველთვის აქტიური მსჯელობის საგანი იყო. არ არსებობს ცალსახა აზრი ცუდია თუ კარგია მისი გამოყენება.

ერთნი ამბობენ, რომ ის არაფრადაა სასმელზე ან თუნცაც სიგარეტზე საშიში, სხვები კი ემიჯნებიან ამ აზრს და აცხადებენ, რომ მარიხუანა ჩვეულებრივი ნარკოტიკია და ისეთივე დამანგრეველი ძალით მოქმედებს ადამიანზე, მის ორგანიზმსა და ნერვულ სისტემაზე.

დღესდღეობით მარიხუანა და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი  აქტიური მსჯელობის საგანია, თუმცა განსაკუთრებულ დებატებს და ზოგჯერ ცხარე კამათსაც კი იწვევს თემა ღირს თუ არა მარიხუანას დეკრიმინალიზაციაა / ლეგალიზაცია. მარიხუანაზე მსჯელობა სწორედ ამ საკითხის განხილვით უნდა დავიწყოთ.

მარკეტინგული კვლევებისა და კონსულტაციის კომპანია “ეისითის” მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, თბილისის მოსახლეობის 37% ემხრობა მარიხუანას დეკრიმინალიზაციას, 53% კი წინააღმდეგია. თბილისელების 10%-ს არ გააჩნია ამ საკითხთან დაკავშირებით მყარი მოსაზრება. რაც შეეხება სხვა მსუბუქ ნარკოტიკულ საშუალებებს, თბილისის მოსახლეობის 29% თვლის, რომ უნდა იყოს დეკრიმინალიზებული.  აღნიშნული კვლევა არ იყო მასშტაბური, გამოიკითხა სულ რაღაც 400 ადამიანი, როგორც დადგინდა მათგან ორმოც მოქალაქეს არ გააჩნია პოზიცია და საკუთარი აზრი, რაც აღნიშნულ რაოდენობრივ კატეგორიაში საკმაოდ ხაზგასასმელი ფაქტია. ამ შემთხვევაში, ეს ორმოცი ადამიანი იმ ოცდაჩვიდმეტ პროცენტზე უფრო საყურადღებოა, ვინც დეკრიმინალიზაციის მომხრეა, რადგან მათ შეიძლება ამ ტერმინის განმარტებაც კი არ იციან. სწორედ აქ იჩენს თავს მთავარი პრობლემა, ინფორმაციული ვაკუუმი.  როგორ შეიძლება ვიმსჯელოთ მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე, მის ავ-კარგიანობაზე, როცა საზოგადოების დიდ ნაწილს არ გააჩნია პოზიცია და აზრი ამ თემასთან დაკავშირებით.

ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ ნარკოპოლიტიკის დარეგულირებისთვის სამი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გადაიდგას.  პირველ რიგში უნდა გავიგოთ, რომ ნარკომომხმარებელი კრიმინალი არ არის, თუ არ არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და არ ჩადის სხვა დანაშაულს, შესაბამისად ის კი არ უნდა დავსაჯოთ ციხეში გამომწყვდევით, არამედ უნდა ვუმკურნალოთ, ვიზრუნოთ და დავეხმაროთ ცხოვრების გასწორებაში.

მეორე უნდა გამკაცრდეს  საკანონმდებლო ნორმები და სამართალდაცვითი ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ. მათ შორის ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ ხელშეწყობის გათანაბრება ნარკოტიკულ დანაშაულთან. და მესმაე – პრევენცია, ბავშებთან და ახალგაზრდებთან საგანმანათლებლო მუშობა სკოლებში, უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში, სპორტი, ჯანსაღი ცხოვრების წესი, უნდა იქცეს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ძირითად ფრონტად. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება საუბარი ლეგალიზაციაზე.

„მე ვემხრობი ამ ქმედებას ოღონდ არა მხოლოდ მარიხუანის არამედ ყველა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების და პირადი მოხმარების მიზნით მცირე ოდენობის შენახვის დეკრიმინალიზაციას.

ბოლო წლებში მსოფლიო თანამეგობრობა, გაეროს და სხვა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები ყალიბდებიან საერთო მიდგომაზე, რომ მხოლოდ რეპრესიებით ნარკოდანაშაულის და ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეულ ზიანს ვერ შევამცირებთ რომ საჭიროა ე.წ. ოთხსვეტიანი მიდგომა: რომელიც მოიცავს: პრევენციას, მკურნალობას, ზიანის შემცირების და სამართალდამცავთა ქმედების ჰარმონიულ შეხამებას – ბალანსს; ამ მიდგომას იყენებს დღეს ყველა ის ქვეყანა რომელმაც გარკვეულ წარმატებას მიაღწია საზოგადოებაზე ნარკოტიკებით მიღებული ზიანის შემსუბუქების კუთხით. გარკვეულ შემთხვევებში მარიხუანას გააჩნია სამედიცინო მოხმარება (სიმსივნეების და სისტემური დაავადებების დროს ტკივილდამაყუჩებელ, სპაზმოლიზური და ანტიდეპრესანტული ქმედება).  არ მგონია რომ დღეს ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი გაგებით შეხვდეს ამ ნაბიჯს, თუმცა მჯერა რომ ამის დროს მოვა“,- აცხადებს აკაკი ზოიძე.

ნარკოპოლიტიკაზე საუბრისას ხშირად ხდება დეკრიმინალიზაციისა და ლეგალიზაციის ცნებების ერთმანეთში აღრევა.  ამის მიზეზი საზოგადოების ცნობიერების დაბალ დონესთან ერთად ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტაკაცაა.

საქართველო ერთ-ერთი მკაცრი ნარკოპოლიტიკით გამოირჩევა რეგიონში. წლების განმავლობაში დაგროვებული მასალების განხილვით ცხადი ხდება, რომ კანონმდებლობა ნარკოტიკების მომხმარებლების მიმართ ითვალისწინებს არასამართლიან და  არაპროპორციულ სასჯელს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნებს და ინტერესებს, როგორც საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას ისე საერთაშორისო, კერძოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილებას, იმ ქვეყნებისა, რომლისკენაც საქართველო უკვე წლების განმავლობაში მიილტვის.

მიუხედავად იმისა, რომ ჰოლანდიის გარდა მარიხუანა დღესდღეობით არსად თავისუფალ გაყიდვაში არაა, ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში არსებობს ე.წ. „ტოლერანტობის ზღვარი“, რაც მარიხუანისა და ჰაშიშის მოხმარებას არ დევნის და არც განსაზღვრული რაოდენობით მათი შენახვა  მიიჩნევა კრიმინალად. ამასთანავე უკვე რამდენიმე წელია დასავლეთის ზოგიერ ქვეყანაში, მათ შორის, ამერიკის რამდენიმე შტატში მარიხუანა ექიმის რეცეპტით გაიცემა, როგორც დამამშვიდებელი და ანტიდეპრესიული საშუალება.  

საქართველოს კანონმდებლობა მკაცრია ამ მხრივ, ვინაიდან მისი მოხმარება სისხლისსამართლებრივი დანაშაულია. მარიხუანას მოხმარება პირადი სარგებლობისთვის პირველ ჯერზე ექვემდებარება 500-ლარიან ჯარიმას, მეორეზე- 2000ლარამდე ჯარიმას ან პატიმრობას, მესამე ჯერზე -11წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ამის მიზეზი კი ისაა, რომ კანონმდებლობაში არაა ნარკოტიკები კატეგორიზებული მსუბუქ და მძიმე ნარკოტიკებად, ყველა ერთ ჯგუფშია გაყვანილი, რაც თავისთავად სასჯელის სწორად დარეგულირების პრობლემას წარმოშობს.

ნარკოპოლიტიკაში წინ გადადგმულ ნაბიჯად ახალი კანონპროექტი მოიაზრებოდა, რომლის მიხედვით მარიხუანის და კანაფის მცირე ოდენობით, 70 გრამამდე მოხმარება დასჯადი არ იქნებოდა. შემცირდებოდა ჯარიმებიც სავარუდოდ – 500-იდან 300 ლარამდე. ცვლილებების მიხედვით, მარიხუანას და კანაფის დიდი ოდენობა იქნებოდა 140 გრამი, 50 გრამის ნაცვლად, განსაკუთრებით დიდი ოდენობა – 1 000 გრამი, 250 გრამის ნაცვლად. თუმცა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის მიერ ახალი კანონპროექტი დამკიცდა.  ჯარიმები არ შეცვლილა, კანაფის განაკუთრებული დიდი ოდენობა 1000 გრამის ნაცვლად კომიტეტზე წარმოდგენილი ვარიანტის მიხედვით  750 გრამია. პროექტში უცვლელი რჩება სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები. კერძოდ, კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებით კოდექსს ემატება 273 პრიმა მუხლი და მცირე ოდენობით მცენარე კანაფის, მარიხუანის უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნისთვის ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისთვის პირი დაისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით  100-დან 160 საათამდე ვადით. ჯარიმა არ უნდა იყოს 1500 ლარზე ნაკლები. იგივე ქმედება ჩადენილი დიდი ოდენობით, დაისჯება ჯარიმით ან/და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 300-400 საათამდე ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ხოლო, განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაში, პირი ორიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

ნარკოპოლიტიკასა და მის არაჰუმანურ, უსამართლო ქმედებებზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ერთ-ერთი წევრი ირაკლი ჩალაძეც საუბრობს, და მიიჩნევს რომ მარიხუანას მოხმარების მიზეზით ადამიანის ციხეში ჩასმა არ ჯდება არანაირ კანონიერ ჩარჩოებში და ეს ქმედება აზიანებს არა მხოლოდ ამ ადამიანს, არამედ მთლიან სახელმწიფოს.

“დაუშვებელია ადამიანის ციხეში გაშვება აკრძალული  ნივთიერების მხოლოდ მოხმარების გამო, ეს გაუმართლებელია თუნდაც სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით რადგანაც სახელმწიფოს უჯდება უფრო მეტი ამ ადამიანის ციხეში შენახვა ვიდრე იმ შემთხვევაში თუ მას შესთავაზებენ რაიმე ალტერნატივას იქნება ეს მკურნალობა თუ რეაბილიტაცია. მეორე მხრივ, ციხეში მოხვედრილი ადამიანი განთავისუფლების შემდეგ უმეტეს შემთხვევაში აგრძელებს მოხმარებას, წყდება ოჯახს, წყდება სამსახურს, საზოგადოებას, ვეღარ რეინტეგრირდება საზოგადოებაში და ფაქტიურად ადამიანები, საზოგადოება, სახელმწიფო კარგავს ამ პიროვნებას. ამის ალტერნატივა კი შეიძლება იყოს  მკურნალობა თუ ეს ადამიანი არის წამალდამოკიდებული, რეაბილიტაცია და საზოგადოებაში ინტეგრაცია. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ნაკლები დანახარჯი აქვს და შედეგიც გაცილებით ეფექტურია.ადამიანს ეძლევა შანსი დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას და გახდეს ჩვეულებრივი მოქალაქე.“

დღევანდელი კანონმდებლობის პირობებშიც შესაძლებელია ნარკოტიკების მოხმარების დეფაქტო დეკრიმინალიზაცია, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება კვლავ თვლის, რომ საჭიროა ძალისმიერი და მკაცრი სანქციებით მიდგომა.

ნარკოპოლიტიკაზე საუბრისას ხშირად ხდება დეკრიმინალიზაციისა და ლეგალიზაციის ცნებების ერთმანეთში აღრევა. ამ თემის განხილვის პროცესში აუცილებელია ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ეს ორი ტერმინი.

დეკრიმინალიზაცია გულისხმობს მცირე რაოდენობის მარიხუანას ან სხვა რეკრეაციული ნარკოტიკების ფლობის გამო სასჯელის შემსუბუქებას ან გაუქმებას. დეკრიმინალიზებულ ქვეყანაში დიდი რაოდენობით ნარკოტიკის გაყიდვა კვლავ სისხლის სამართლის დანაშაულია. მეორე მხრივ, ლეგალიზაცია ითვალისწინებს მარიხუანას ფლობის და პერსონალური გამოყენების აკრძალვის გაუქმებას. ლეგალიზაცია  არის კანონის ფარგლებში ისეთი საქმიანობის მოქცევა, რაც მანამდე უკანონო, აკრძალული ან მკაცრად რეგლამენტირებული იყო.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი ვექტორის“ წარმომადგენლის განცხადებით მარიხუანას ლეგალიზება ქვეყნის განვითარებისთვის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, რომელსაც ძალიან ბევრი დადებითი ეფექტის მოხდენა შეუძლია. „ლეგალიზაციის შემდეგ მნიშვნელოვნად  შემცირდება მოთხოვნა ან საერთოდ გაქრება  ისეთ საშინელ ნარკოტიკებზე, როგორებიც არი ბიო ნარკოტიკები და რომელთა მოხმარებასაც  გამოუსწორებელ შედეგებამდე მივყავართ. ასევე ადამიანები, რომლებსაც არც მკურნალობა ჭირდებათ და არც არავის არაფერს უშავებენ, აღარ იქნებიან პოლიციის დევნის ობიექტები. ამით დაიზოგება სამარალდამცავთა როგორც ადამიანური ისე მატერიალური რესურსები ასევე ეს ადამიანები, რომლებიც დღეს მსჯავრის გამო ვერ ახერხებენ სოციალიზაციას, იქნებიან რეალიზებულნი და თავიანთ ოჯახებს და ქვეყანას სარგებელს მოუტანენ. უსამართლობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ და ალკოჰოლთან და სხვა ჯანმრთელობისთვის საზიანო პროდუქტების მოხმარებასთან პარალელი რომ არ გავავლოთ და ბოლოს ალბათ ყველას სმენია კარიბჭის თეორიის შესახებ, რომლის მიხედვით მარიხუანა ითვლება ნარკოსამყაროში შესასვლელ კარიბჭედ ანუ თითქოს პირველად პლანს ეწევა ყველა და ამის გამო გადადიან მძიმე ნარკოტიკებზე. ეს დიდი სისულელეა. მარიხუანა მართლაც არის ხშირად კარიბჭე, ოღონდ არა შესასვლელი მძიმე ნარკოსამყაროში, არამედ იქიდან გამოსასვლელი,“-განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა თემო ხარატიშვილმა.

საქართველოს ნარკოპოლიტიკა, რომ არ გამოირჩევა ჰუმანურობით და ზედმეტად მკაცრი და რიგ შემთხვევებში არასამართლიანიც როა ფაქტია,მაგრამ ბოლო ხანს საზოგადოებაში კარგად დავიწყებულმა პრობლებამ იჩინა თავი, რომელიც  რამდენიმე წლის წინ უფრო მეტად იყო გავრცელებული. ამ ბოლო დროს ხშირად საუბრობენ იმის თაობაზე, რომ გახშირდა ადამიანთა დაკავების მიზნით ნარკოტიკების ჩადების ფაქტები.

თავისუფალი სიტყვისა და მოქმედებისთვის საზოგადოების ჩვეულებრივ წევრებთან ერთად სხვადასხვა ორგანიზაციაც  აქტიურად იბრძვის. „2 ივნისის მოძრაობა“ სრულად იყო ჩართული ამ პროცესში. მათვის მსგავსი სახის ქმედება პოლიციის მხრიდან უსამართლობის და უკანონობის პიკია. „ბუნებრივია, რომ თავისუფლების მოყვარულ ადამიანებს გვსურს ცივილიზებულ სახელმწიფოში ცხოვრება, რომელიც სისხლის სამართლის წესით არ სჯის საკუთარ მოქალაქეებს იმ ქმედებისთვის, რომელიც არანაირ ზიანს აყენებს საზოგადოებას.  ე.წ ჩადების პოლიტიკა კი, რომელიც დღემდე არსებობს  შსს-ს სრული რეფორმით უხშობს ადამიანს ნებისმიერ გზას არა მარტო თავისუფლებისკენ, არამედ ზოგადად ნორმალური განვითარებისკენ. დეკრიმინალიზაცია არ წყვეტს ამ პრობლემას. საჭიროა პოლიტიკური ნება ხელისუფლების მხრიდან, რომ შეწყდეს ჩადებები. დეკრიმინალიზაციის პირობებშიც კი ადამიანებს ჩაუდებენ დიდი ოდენობით ნარკოტიკს ან იარაღს და ა.შ.  დეკრიმინალიზაციას, ანუ სახელმწიფოს მიერ უდანაშაულო ადამიანების უსამართლო დევნის შეწყვეტას  უარყოფითი შედეგები არ აქვს, მაგრამ ის ვერ მოახდენს სასწაულს. აუცილებელია სახელმწიფომ მკაცრად და საფუძვლიანად გადახედოს კანონმდებლობას და უშუალოდ საპატრულო პოლიციის მუშაობის სპეციფიკას, მხოლოდ ასე აღმოიფხვრება პრობლემა,“- განაცხადა აღნიშნული მოძრაობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ლექსო მაჭავარიანმა.

მარიხუანასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი ასოციაცია ჩნდება – მოწევა. მას ნარკოტიკად მიიჩნევენ და ამიტომ ასოციალურ პროდუქტად ითვლება, პროდუქტად რომლის სასარგებლო თვისებებზე საუბარი არ ღირს. არადა ისიც მცენარეა, მცენარე, რომელსაც ბუნება გვაძლევს და შესაბამისად შეუძლებელია რამე სასარგებლო თვისებები არ ჰქონდეს.

მარიხუანას მოწინააღმდეგეთა მთავარი არგუმენტი არის მოსაზრება, რომ ის არის ხიდი სხვა უფრო მძიმე ნარკოტიკისკენ, განსაკუთრებით ახალგაზრდებში.  2016 წელს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა გაატარა კვლევა, რომლის თანახმადაც  მოსწავლეთა 21%-სათვის კანაფის შოვნა საკმაოდ ადვილი ან ძალიან ადვილია. ეს მაჩვენებელი რა თქმა უნდა გასათვალისწინებელია, თუმცა ამ ფაქტის საპირისპიროდ შეგვიძლია შემდეგი ინფორმაცია გამოვიყენოთ. ანტინარკოტიკულმა ორგანიზაციამ  D.A.R.E-მა მარიხუანა „კარიბჭის ნარკოტიკების“ სიიდან ამოიღო. სიაში რომელიც ორგანიზაციის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული მხოლოდ თამბაქო და ალკოჰოლია აღნიშნული. საქართველოს მაგალითზეც აშკარად ჩანს, რომ თამბაქოსგან და ალკოჰოლისგან მიღებული ზიანი ბევრად აღემატება მარიხუანის მოხმარებისგან მიღებულ ზიანს.  ასე რომ ახალგაზრდებს თამბაქოსა და ალკოჰოლისგან მეტად სჭირდებათ დაცვა ვიდრე მარიხუანასგან.

„საქართველოს რესპირაციული ასოციაციის” კვლევის თანახმად თამბაქოსაგან გამოწვეული დაავადებებით საქართველოში ყოველწლიურად 11,000-მდე ადამიანი იღუპება, მათ შორის 3,000 პასიური მოწევის მსხვერპლია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ  გამოქვეყნებული მონაცემებით კი ალკოჰოლიზმით გამოწვეული დაავადებებით ყოველწლიურად 2.5 მილიონი ადამიანი იღუპება. აქვე უნდა ვთქვათ, რომ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) მონაცემებით, 2016 წელს კანაფის მოხმარებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ქვეყნის მასშტაბით, სამკურნალო დაწესებულებებს მხოლოდ 12-ჯერ მიმართეს.

ამერიკელი და ევროპელი მეცნიერების მრავალრიცხოვანი გამოკვლევები იძლევა იმის მტკიცებულებას, რომ  კანაბისის მოხმარების ჩვევა, თვით ყველაზე მძიმე ფორმებშიც კი, ვერ შეედრება ალკოჰოლის მოხმარების დამანგრეველ შედეგებს. მისი შედარება უფრო ნიკოტინისადმი დამოკიდებულებასთან შეიძლება. თუმცა არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ კანაფის პროდუქტების ხანგრძლივი მოხმარება, იწვევს თამბაქოს მომხმარებელთათვის დამახასიათებელ ტიპიურ დაავადებებს, როგორიცაა – ფილტვების კიბო, ათეროსკლეროზი, ჰიპერტონია, გასტრიტი, სტენოკარდია და ა.შ.  კანაბისის ფისისთვის დამახასიათებელია ამოსახველებელი და სისხლძარღვების გამაფართოებელი ეფექტები. ამიტომ ძველთაგანვე კანაფისგან მზადდებოდა ასთმისა და შაკიკის სამკურნალო საშუალებები.

კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა საქართველოში განვითარებული სააფთიაქო ნარკომანიაა, რაც იმაზე დიდ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ვიდრე შეიძლება ერთი შეხედვით ვიფიქროთ. „სააფთიაქო ნარკომანია“ არ შემოიფარგლება მხოლოდ ე.წ. „კუსტარული“ საინექციო ნარკოტიკებით. განსაკუთრებით მოზარდებსა და ახალგაზრდებში საკმაოდ ხშირია სამკურნალო დანიშნულების მქონე ტაბლეტების – ფსიქოტროპული პრეპარატების მოხმარება. სამწუხაროდ, მდგომარეობა საგანგაშოა.            ფარმაცევტ ინგა გრძელიშვილის თქმით სააფთიაქო  ნარკომანია დიდი ბრძოლის მიუხედავად მაინც აქტიურად ვითარდება, „დიდი ხანია ფარმაცევტულ საქმიანობას ვეწევი. ყოველდღიურად უამრავ ადამიანს ვემსახურები, ამიტომაც ე.წ სააფთიაქო ნარკომანიაზეც მაქვს წარმოდგენა.  რა თქმა უნდა ადამიანი ვერ შემოვა და ვერ იყიდის იმ პრეპარატებს, რომელთა დახმარებითაც შეძლებს კუსტარულად  დაამზადოს ნარკოტიკი, თუმცა მას შეუძლია იყიდოს საძილე აბები, დამამშვიდებელი პრეპარატები  და სხვა ისეთი წამალი, რომლის მიღების შემდეგაც ის იგივეს განიცდის, რასაც ნარკოტიკის მიღების შემდეგ. ამ პროცესის კონტროლი ძალიან რთულია“.

საქართველოში არსებულ ნარკოპოლიტიკასა და ზოგად მდგომარეობას გავეცანით და ნათელი გახდა, რომ ჩვენი ქვეყნის სისტემა დახვეწას საჭიროებს. ქვეყანაში, სადაც ყვავის ე.წ სააფთიაქო ნარკომანია, სადაც პოლიცია აჭარბებს თავის უფლებამოსილებას და საზოგადოების ყურამდე მიდის ნარკოტიკის ჩადების ფაქტები, სადაც ადამიანებმა არ იციან განსხვავება დეკრიმინალიზაციასა და ლეგალიზაციას შორის და ქვეყანაში, სადაც ურჩევნიათ თვალი დახუჭონ არსებულ ვითარებაზე, იმაზე რომ ახალგაზრდები იღუპებიან ბიოსა და სპაისის მოხმარებისგან, იმაზე , რომ დილით სადარბაზოსა თუ სკვერში გასვლა დიდი რისკის ფასად არის შესაძლებელი მხოლოდ იმიტომ რომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე გამოყენებული შპრიცები ყრია, შეიძლება არ ღირს კიდეც ზოგადად ამ თემის განხილვა.

 მეცნიერულ დონეზე, მრავალი კვლევითა და ექსპერიმენტით  არის დადგენილი, რომ მარიხუანას ყველა დადებით თვისებას, რომ ხაზი გადავუსვათ ის მაინც ყველაზე მსუბუქ, არასასიკვდილო საშუალებად ითვლება.  და  თუ იმ ფაქტსაც მივიღებთ მხედველობაში თუ  რა პერსპექტივები ესახება მას მედიცინაში,ნათელი ხდება, რომ წარმოუდგენელია მისი დადებითი თვისებები ჩვენს საკეთილდღეოდ არ გამოვიყენოთ.

ამერიკულ სამეცნიერო გამოცემაში ”მარიხუანა-მითები და ფაქტები”, შეტანილია ყველა ცნობილი გამოკვლევის შედეგები, რომელიც შეისწავლიდა კანაფის ზემოქმედებას: ადამიანის ფსიქიკაზე, მეხსიერებაზე, ინტელექტუალურ შესაძლებლობაზე, ნივთიერებათა ცვლაზე, სხვადასხვა ორგანოებისა და ტვინის მუშაობაზე, სისხლის შემადგენლობაზე, იმუნურ სისტემაზე, სასქესო ჰორმონებზე, ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციულ ფუნქციებზე.

ცხოველებზე ჩატარებული კვლევების შედეგად, კანაფის დიდი დოზა  ამცირებდა ზოგიერთი სასქესო ჰორმონის გამოყოფის პროცესს და შეეძლო დაერღვია ორგანიზმის რეპროდუქციული ფუნქცია, თუმცა მრავალრიცხოვანმა კვლევებმა, რომელიც ტარდებოდა მარიხუანის მწეველ ადამიანებზე, აჩვენა, რომ მარიხუანა არ აყენებს დარტყმას სასქესო ჰორმონებს. ხოლო თუ შეიმჩნეოდა კიდეც გარკვეული დარღვევები, ისინი ატარებდა დროებით, ზომიერ, შექცევად ხასიათს და არ იწვევდა რეპროდუქციული ფუნქციების  შესამჩნევ ცვლილებებს. არ არსებობს მეცნიერული მტკიცებულება იმისა, რომ  მარიხუანა აფერხებს ადრეულ სქესობრივ განვითარებას, ან გარდაქმნის ქალის ჰორმონებს მამაკაცურად და მამაკაცებისას ქალურად.

1975 წელს  მედიკამენტების შემსწავლელმა ამერიკულმა  ცენტრმა ჩაატარა მარიხუანის მოხმარების  პირველი დამოუკიდებელი, მრავალდისციპლინირებული შესწავლა და  მწეველების გამოკვლევა. კვლევა ჩატარდა იამაიკაში იმ ადამიანებზე, რომლებიც მოიხმარდნენ მარიხუანას ყოველდღიურად 12 წლის განმავლობაში. გამოკვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მძიმე ქრონიკული მწეველებს, რომლებიც მოიხმარდენენ კვირაში დაახლოებით 400 გრამ კანაფს, აღმოაჩნდათ ფუნქციონალური ჰიპოქსიის (ჟანგბადის ნაკლებობის) გარკვეული ნიშნები. სხვა რაიმე დარღვევებს ნივთიერებათა ცვლის პროცესში, შინაგან ორგანოებში ან ტვინის ქსოვილში ადგილი არ ქონია.

მარიხუანა გავლენას ახდენს ტვინის განვითარებაზეც. ამერიკელმა ნეიროფიზიოლოგებმა მარიხუანას თავის ტვინზე გრძელვადიანი ზემოქმედება შეისწავლეს. შედეგები ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა. როგორც აღმოჩნდა, ისინი, ვინც რეგულარულად ეწევა მარიხუანას, შემცირებული აქვს ტვინის ის ნაწილი, რომელიც პასუხს აგებს ემოციების, გაწონასწორებისა და მოტივაციის რეგულირებაზე. ამასთან, მწველებს გაზრდილი აქვთ თავის ტვინის ცალკეულ ნაწილებს შორის დამაკავშირებელი კვანძები. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით, ნეიროფიზიოლოგებმა მარიხუანას მომხმარებელი 48 ზრდასრული ადამიანის ტვინი 62 ისეთი ადამიანს ტვინს შეადარეს, რომლებსაც არასდროს მოუწევიათ. ფსიქოლოგიურმა ტესტებმა აჩვენა, რომ ინტელექტის კოეფიციენტი  კანაფის მოყვარულებში შემცირებულია, თუმცა ეს არ უკავშირდება თავის ტვინში ანომალიების განვითარებას.

ცხოველებზე ჩატარებული კვლევების შედეგად, კანაფის დიდი დოზა  ამცირებდა ზოგიერთი სასქესო ჰორმონის გამოყოფის პროცესს და შეეძლო დაერღვია ორგანიზმის რეპროდუქციული ფუნქცია, თუმცა მრავალრიცხოვანი კვლევებმა, რომელიც ტარდებოდა მარიხუანის მწეველ ადამიანებზე, აჩვენა, რომ მარიხუანა არ აყენებს დარტყმას სასქესო ჰორმონებს.

სამოცდაათიანი წლების შუა პერიოდში,  ამერიკის ნაციონალურ პრესაში და სამედიცინო გამოცემებში ყოველკვირეულად ქვეყნდებოდა მონაცემები მარიხუანის დადებითი ეფექტებისა და ახალი თერაპიული თვისებების შესახებ. დადასტურებული იყო მარიხუანას ეფექტურობა ასთმური შეტევის, კეთილთვისებიანი სიმსივნის, ეპილეფსიასთან სთან ბრძოლაში. საგრძნობი გაუმჯობესება შეიმჩნეოდა პარკინსონის დაავადების, ანორექსიის (მადის დაკარგვა), მძიმე სკლეროზის, კუნთოვანი დისტროფიის დროს.

თუმცა ცალსახად მაინც ვერ ვიტყვით, რომ  მარიხუანის სამედიცინო ავ-კარგიანობა ბოლომდეა დამტკიცებული. პოზიტიური კვლევების შედეგების მიუხედავად, ბევრი მეცნიერი მაინც არ აღიარებს მის სასარგებლო თვისებებს და მას ჩვეულებრივ ნარკოტიკულ საშუალებად აღიქვამს.

ექიმ ნარკოლოგის, მაკა ღვედაშვილის თქმით არ არსებობს კვლევა, რომელიც იტყვის, რომ მარიხუანის სამედიცინო თვისებები შეუცვლელია და მას სამედიცინო თვალსაზრისით ალტერნატივა არ გააჩნია.  „ხომ შეიძლება რომ არსებობდეს მედიკამენტები, რომლებიც იგივე კუთხით მოქმედებენ ორგანიზმზე და თუ ეს ასე, მაშინ რა საჭიროა მივიღოთ მარიხუანა, რომელსაც მაინც ნარკოტიკად ვთვლი.  უნდა ჩატარდეს კვლევები და თუ ასი პროცენტით დადგინდება, რომ მარიხუანას უფრო მეტი დადებითი თვისება აქვს ვიდრე უარყოფითი, მაშინ პირველი ვიქნები, ვინც მედიცინაში მისი გამოყენების მომხრე იქნება“.

მარიხუანას პოტენციური დადებითი ეფექტების დასადგენად კვლევები ათწლეულების მანძილზე მიმდინარეობდა, რამდენიმე მათგანი ზემოთ უკვე განვიხილეთ, თუმცა მიუხედავად დიდი შრომისა, რომელიც ამ თემის დამუშავებაზე დაიხარჯა, სხვადასხვა მეცნიერის მხრიდან  მაინც არსებობს ისეთი ეფექტები მარიხუანას შესახებ, რომლებიც არ არის სათანადო კვლევებითა და ექსპერიმენტებით დასაბუთებული და ხანგრძლივ შესწავლას მოითხოვს.

მარიხუანას შეუძლია იმოქმედოს კიბოთი დაავადებული ადამიანების რეცეპტორებზე, გაუადვილოს გემოს აღქმა და გაუძლიეროს მადა.  მას შეუძლია ნეიროპათიული ტკივილის სიმპტომების შემსუბუქება.   მარიხუანა არის ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი, რომელიც ამცირებს ოპერაციის შემდგომ ტკივილებს.  ის ასევე ამსუბუქებს სპასტიურობის სიმპტომებს. «Sativex» –  სპრეი კანაბისის შემცველობით, რომელიც 2010 წელს დიდ ბრიტანეთში მიიღეს გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტების სამკურნალოდ.

მარიხუანაში შემავალ აქტიურ ნივთიერებებს შეუძლიათ პროსტატის კიბოს განვითარების შეჩერება. მარიხუანას ასევე შეუძლია დაიცვას ადამიანი ოსტეოპოროზისგან.  თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტებით მარიხუანაში შემავალი ნივთიერება ამცირებს ალცჰეიმერის განვითარებას და ამცირებს სიმპტომებს. მასში შემავალი ნივთიერებები ამცირებენ ასევე ალერგიული დერმატიტის სიმპტომებს. კანაბინოიდები სხვა ოპიატებთან ერთად გამოიყენება პაციენტებში ქრონიკული ტკივილის დროს.  ასევე მარიხუანა ამცირებს ქიმიოთერაპიის მიმდინარე და შემდგომ ტკივილს.

მნიშვნელოვანი კვლევა ჩატარდა დრავეტის სინდრომით დაავადებულ ბავშვებში. კვლევის პროცესში შეირჩა 120 ბავშვი. ამ დაავადების გამო ბავშვებს უკონტროლო შეტევები და კრუნჩხვები აღენიშნებოდათ, რომლის ჩვეულებრივი სამედიცინო გზებით მკურნალობაც არაერთგზის ჩავარდა. მკვლევარებმა ისინი შემთხვევითი შერჩევის წესით ორ ჯგუფად დაყვეს და ორივე ჯგუფს სპეციალური ზეთით დამზადებულ წამალს ასმევდნენ. ერთ-ერთი ჯგუფისთვის ისეთი წამალი იყო განკუთვნილი, რომელიც კანაბიდიოლს შეიცავს. რომელ ჯგუფს ჰქონდა კანაფის პროდუქტით დამზადებული წამალი, ამის შესახებ არც მედიკოსებმა და არც პაციენტებმა არ იცოდნენ. მომვლელებს ჰქონდათ სპეციალური ინსტრუქცია, რომლის მიხედვითაც მონიტორინგი უნდა გაეწიათ პაციენტებისთვის და შეტევის შემთხვევაში თითოეული შემთხვევა დეტალურად აღეწერათ. ექსპერიმენტის პერიოდში გამოიკვეთა გვერდითი მოვლენებიც. მათგან ერთ-ერთი მთავარი იყო მოთენთილობა და გახშირებული ძილის მოთხოვნა, რომელიც ბავშვებს აღენიშნებოდა. ამის მიზეზი, სავარაუდოდ წამალი კლობაზამი იყო, რომელსაც კვლევის პროცესში აძლევდნენ პაციენტებს. კანაბიდიოლი (CBD) არ არის ფსიქოაქტიური და მსგავსი ეფექტი არ აქვს, ამიტომ მისი ბრალეულობა ამ მხრივ გამორიცხულია. უნდა აღინიშნოს ისიც, ძილიანობა უმეტესად იმ პაციენტებს აღენიშნებოდათ, ვინც კანაბიდიოლის პროდუქტს არ იღებდა. ექსპერიმენტის შედეგით გაირკვა, რომ იმ ჯგუფში, რომელსაც კანაბიდიოლის პროდუქტით მკურნალობდნენ, დაავადებულთა რიცხვი 43%-ით შემცირდა. შედარებისთვის, პლაცებოს ჯგუფში მყოფი პაციენტების მხოლოდ 2%-მა შეძლო მდგომარეობის გაუმჯობესება. ეს შედეგი პირველივე თვეში გამოჩნდა და მას შემდეგ განსაკუთრებული არაფერი შეცვლილა.

“დღეისთვის რაც არსებობს კვლევები მათი გათვალისწინებით აღმოჩნდა რომ ძალიან ბევრი კარგი და სასარგებლო  შედეგის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს მარიხუანის მოხმარება მედიცინაში, მათ შორის ბავშვებში, მოზარდებში და ზრდასრულებში.  ხშირად სამედიცინო მიზნით მოხმარება არ გულისხმობს  ფსიქოაქტიური  შედეგის მიღწევას. სამედიცინო თვალსაზრისით ხმარობენ მარიხუანას იმ სახეობას, რომლებიც ფსიქოაქტიურ  ნივთიერებებს ნაკლებად შეიცავს და შედგება სხვა ნივთიერებებისგან, რომლებიც სასარგებლოდ მოქმედებს ჯანმრთელობაზე. ამიტომ დღეის მონაცემებით  სამედიცინო მარიხუანა ძალიან მისაღები და სასარგებლოა. მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოშიც ბევრი პაციენტი არსებობს, რომელსაც  სჭირდება დახმარება და მე მიმაჩნია, რომ მათვის მარიხუანა იქნება ერთგვარი დახმარება და შესაძლებლობა დაივიწყონ ტკივილი. ამიტომ სასურველი კი არა აუცილებელიცაა, რომ მარიხუანა მედიცინაში გამოვიყენოთ“,- აცხადებს ექიმი დავით ოთიაშვილი.

მარიხუანას მოწევის შედეგად წითლდება სკლერები, ფართოვდება სისხლძარღვები, ქვეითდება არტერიული წნევა, შეინიშნება გულისცემისა და სუნთქვის აჩქარება, მოწევის დროს, ჩვეულებრივ, იწყება ხველა, ითრგუნება ღვიძლის ფერმენტების აქტივობა, რასაც შედეგად მოსდევს ღვიძლის ფუნქციის დაგვეითება.

პრეპარატის მოქმედება იწყება მოწევიდან რამოდენიმე წუთის შემდეგ ლორწოვანი გარსების გაშრობით, ძლიერი წყურვილისა და შიმშილის შეგრძნებით, შეიძლება იყოს ყურებში შუილი, თავბრუს ხვევა, თავის ტკივილი, სიცხის ან სიცივის შეგრძნება.მარიხუანას რეგულარულად მიღების შედეგად ვითარდება ბოდვითი აზროვნებისაკენ მიდრეკილება.დიდი დოზებით სისტემურმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული ფსიქოზი-ბოდვა, ილუზიები, ჰალუცინაციები, პანიკა, აგრესიულობა.

“მარიხუანა არის ერთ-ერთი ფსიქოაქტიური ნივთიერებაა, რომელიც მიეკუთვნება ფსიქოდელიური საშუალებების ჯგუფს. იწვევს ადამიანის ცნობიერების, აღქმისა და აზროვნების შეცვლას. დაკავშირებულია გამძაფრებულ სიახლის განცდასთან  და განსაკუთრებულად ძლიერი ნივთიერების მოხმარების შემთხვევაში გარკვეული ჰალუცინოგენური მოქმედებაც აქვს. თუმცა ისეთი ნივთიერებებისგან განსხვავებით, როგორებიცაა თამბაქო და ალკოჰოლი, რომლებიც ორგანიზმში ფიზიკურ დამოკიდებულებას იწვევენ, რაც ქსოვილურ დონეზე ხდება, მარიხუანას ფსიქოლოგიური დამოკიდებულების გამოწვევა შეუძლია“-განაცხადა ფსიქოლოგმა, ფსიქოტრავმატოლოგმა,ადიქტოლოგმა მარიამ რაზმაძემ.

მარიხუანაში შემავალი კომპონენტები ტეტრაჰიდროკანაბინოლი და კანაბიდიოლი წარმოადგენენ ფსიქოტროპულ ნივთიერებებს. მარიხუანას მოხმარებისას ტეტრაჰიდროკანაბინოლი ხვდება სისხლში, საიდანაც სწრაფად მიეწოდება ყველა ორგანოთა სისტემას. მისი მოქმედება გრძელდება მოწევიდან 3-4 საათის განმავლობაში. თავის ტვინში არსებობს  გარკვეული უბნები: ჰიპოკამპი, ნათხემი, ქერქი, რომლებიც პასუხიმგებელინი არიან მეხსიერებაზე, კონცენტრაციაზე, სიამოვნების განცდაზე, კოორდინაციაზე, დროის აღქმაზე. სწორედ ამ უბნებშია მაღალი კონცენტრაციით  განლაგებული კანაბინოიდური რეცეპტორები. მათზე მარიხუანას მოქმედებისას   ვითარდება სხვადასხვა ფუნქციური დარღვევა, რასაც მოჰყვება მეხსიერების დაქვეითება,  მსჯელობის და გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობების დათრგუნვა. მარიხუანას მოხმარება განსაკუთრებით სახიფათოა მოზარდ ასაკში, ვინაიდან მან შეიძლება გამოიწვიოს ნერვული ბოჭკოების რაოდენობის შემცირება და თავის ტვინის ფუნქციონირების დაქვეითება, ამასთანავე ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა აზროვნების დაბინდვა, დიალოგის წარმოების სირთულე, კოორდინაციის დარღვევა.

მარიხუანის აღნიშნულ ეფექტებსა და ჯანმრთელობაზე მის დადებით და უარყოფით ეფექტებზე თავისი შეხედულება გააჩნიათ ნარკოლოგებსაც.  ‘’ ვიმედოვნებ, რომ სამედიცინო მარიხუანა მალე საქართველოშიც ისეთივე პოპულარული გახდება, როგორც სხვა განვითარებულ ქვეყანაში. თუმცა ცალსახად ვერ ვიტყვი, რადგან ჯერ კიდევ ძალიან ბევრი კვლევა ტარდება და დაზუსტებული პასუხი მეცნიერებს არ აქვთ და ამიტომაც დასაბუთებულად ვერ ამტკიცებენ, რომ მარიხუანას უფრო მეტი ზიანი მოაქვს ჯანმრთელობისთვის ან პირიქით უფრო მეტი დადებითი მხარე აქვს“,- ამბობს ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე

მარიხუანა ასოცირდება ნარკოტიკთან, თუმცა ბევრს ავიწყდება, რომ ის ისეთივე მცენარეა, როგორიც მაგალითად კატაბალახა. ის ისევე იზრდება მიწაში, როგორც სხვა ყველა მცენარე. მაშინ რატომ არ შეიძლება ისეთივე უსაფრთხო და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იყოს?!

კვლევების შედეგად, რომლებიც უკვე ჩატარდა, ტარდება ან სამომავლოდ იგეგმება, მარიხუანის სულ უფრო მეტ დადებით ეფექტს ეხდება ფარდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ის კურნავს ალცჰეიმერს, ეპილეპსიას, გაფანტულ სკლეროზს, დიაბეტს და ისეთ დაუძლეველ დაავადებას, როგორიც კიბოა.

ვერანაირი კვლევა და ექსპერიმენტი ვერ დაგვარწმუნებს, რომ მარიხუანა სრულიად უსაფრთხოა, მას ისეთივე გვერდითი მოვლენები შეიძლება აღმოაჩნდეს, როგორიც ჩვეულებრივ წამალს აქვს. ექიმი ამის შესახებ პაციენტს აფრთხილებს, მაგრამ ის მაინც ყიდულობს და სვამს ამ პრეპარატს. მაშინ ისმის კითხვა რით განსხვავდება მარიხუანა სხვა მედიკამენტისგან, რომელიც თავისუფალ გაყიდვაშია და ყველას მიუწვდება მასზე ხელი?!  მარიხუანა, პატარა მცენარე დიდი პრობლემებით, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა. მითქმა-მოთქმა, განხილვა და მის დადებით და უარყოფით ეფექტებზე კამათი კიდევ ძალიან დიდხანს არ შეწყდება. დიდი ალბათობით სწორედ ამ კამათში დაიაბადება ჭეშმარიტება და საბოლოოდ აეხდება ფარდა ამ დიდ საიდუმლოს, რასაც მარიხუანას ავ-კარგიანობა ეწოდება.

ანი ბერიძე, “საქართველოს უნივერსიტეტის” სტუდენტი

მასალა ქვეყნდება საქართველოს უნივერსიტეტისა და BPI- ერთობლივი პროექტის ფარგლებში

 

 

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების  ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო. აღნიშნული …