ფლორენციის რეგულირების სკოლის ორგანიზებით ენერგეტიკის საკითხებზე 21 სექტემბერს ტრენინგები ჩატარდება

21 სექტემბერს, ქ. თბილისში ფლორენციის რეგულირების სკოლის (FSR) ორგანიზებით, ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოსთან (CEER) და კომუნალური მომსახურების მარეგულირებელი კომისიების ეროვნულ ასოციაციასთან (NARUC) თანამშრომლობით, ენერგეტიკის საკითხებზე ტრენინგები ჩატარდება.

ტრენინგები ორგანიზებულია ენერგეტიკის სექტორის საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტებისა და სპეციალისტების მონაწილეობით, რეგულირების სხვადასხვა სკოლებიდან და რეგიონული მარეგულირებლების ორგანიზაციებიდან, როგორიცაა აფრიკის რეგულირების სკოლა (ASR), საზოგადოებრივი კომუნალური მომსახურების კვლევითი ცენტრი (PURC), ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაცია (ERRA) და პორტუგალიურენოვან ენერგეტიკის მარეგულირებელთა ასოციაცია (RELOP).

ტრენინგები გაიმართება ენერგეტიკის რეგულირების შესახებ IX მსოფლიო ფორუმის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) 21-24 სექტემბერს  უმასპინძლებს.

ტრენინგების თემატიკა მოიცავს ენერგეტიკის სექტორის სხვადასხვა მიმართულებებს. წამყვანი სპეციალისტები მსმენელებს გააცნობენ საუკეთესო პრაქტიკას მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ, ეფექტიანი რეგულირების ინსტრუმენტებს, ფასების რეგულირებისა და ბაზრის გამჭვირვალობის პრინციპებს, ელექტრომობილებისა და ჭკვიანი დამუხტვის რეგულირების საკითხებს.

ტრენინგების მოდულები ასევე შეეხება თემატურ სესიებს. მათ შორის, ახალგაზრდებისა და ქალების გაძლიერებას ენერგეტიკის სექტორის ტრანსფორმაციისთვის, რეგიონული ენერგეტიკული ბაზრის ინტეგრაციას, ინფრასტრუქტურული ინვესტიციებისა და სისტემის მოქნილობის მარეგულირებელ ნორმებს, მომხმარებელთა დაცვის საკითხებს, არაელექტროფიცირებადი ენერგიის მოთხოვნის დეკარბონიზაციასა და ენერგეტიკული სისტემის მდგრადობის მარეგულირებელ მექანიზმებს. ტრენინგების თემატიკა შეესაბამება WFER IX-ის თემატურ პრიორიტეტებს, მათ შორის რეგიონულ ენერგეტიკულ ინტეგრაციას, მომხმარებელთა გაძლიერებას, ეფექტურ რეგულირებას, ქსელის მოქნილობასა და ენერგეტიკულ ტრანზიციაში განხორციელებულ ინვესტიციებს.

ფლორენციის რეგულირების სკოლა წარმოადგენს უნივერსიტეტის კვლევითი ჯგუფის, მარეგულირებელი და პოლიტიკური დიალოგის პლატფორმისა და პროფესიონალი აღმასრულებელი ტრენინგების მიმწოდებლის უნიკალურ კომბინაციას, რომელიც მიზნად ისახავს ევროპასა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში პოლიტიკისა და რეგულირების გაუმჯობესებას რიგ სექტორებში – ენერგეტიკა, კლიმატი, ტრანსპორტი, წყალი და ნარჩენები

ტრენინგების პროგრამა ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.wfertbilisi2026.com/en/programa/day-1.

21 სექტემბერს, ტრენინგები გაიხსნება პლენარული სესიით, წარმოდგენილი იქნება სამი თემატური სეტი, რომლებიც შედგება პარალელური სასწავლო მოდულებისგან. თითოეულ სეტში პარალელურად სამი მოდული ჩატარდება. რეგისტრაციის დროს მონაწილეობის მსურველებს აქვთ შესაძლებლობა აირჩიონ მოდული, რომლის დასწრებაც სურთ თითოეულ სეტში.

ტრენინგებზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.wfertbilisi2026.com/en/login. ადგილები შეზღუდულია.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი აცხადებს რეგისტრაციას ახალ სასწავლო კურსზე „ელექტროსადგურების ოპერირების საფუძვლები“

სემეკის მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი იწყებს რეგისტრაციას ახალ სასწავლო კურსზე – „ელექტროსადგურების ოპერირების საფუძვლები“. …