რა რეგულაციებს ითვალისწინებს კანონმდებლობა ელექტროენერგიის თვითწარმოებასთან დაკავშირებით

ელექტროენერგიის თვითწარმოება გულისხმობს პროცესს, როდესაც მომხმარებელი თავად ამონტაჟებს პატარა ელექტროსადგურს. შემდგომში კი თან აწარმოებს ელექტროენერგიას და თან მოიხმარს. აღსანიშნავია, რომ გამომუშავებული ენერგიით მომხმარებელს შეუძლია გაქვითვა მოახდინოს, ჭარბად დაგროვებული ელექტროენერგია  კი გაყიდოს.

როგორც სემეკის ელექტროენერგიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე თორნიკე აფრიაშვილი აცხადებს,  თვითწარმოებასთან დაკავშირებულმა კანონმდებლობამ სამ ეტაპიანი გარდამავალი პერიოდი გაიარა. განსაკუთრებით საყურადღებო კი მესამე საფეხური იყო, როდესაც განახლებულმა კანონმა ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი სტიმული გააჩინა ელექტროენერგიის  თვითწარმოების დანერგვა/განვითარებასთან დაკავშირებით.

„როგორც უკვე მოგეხსენებათ, სემეკის მიერ დამტკიცებულია გამანაწილებელი ქსელის წესები, ასევე გაწერილია მომხმარებლისთვის ის პოტენციური სარგებლიანობა, რაც თვითწარმოების პროცესს უკავშირდება. თვითწარმოების შესახები რეგულაცია 2016 წლიდან შევიდა ძალაში, რომელმაც განვითარების 3 სხვადასხვა ეტაპი გაიარა. პირველ საფეხურზე მომხმარებელს შეეძლო ჰქონოდა საკუთარი ელექტროსადგური, რომელიც აუცილებლად უნდა ყოფილიყო განახლებად ენერგიაზე მომუშავე.  მას შეეძლო გაექვითა ის ელექტროენერგია, რომელიც ჰქონდა მოხმარებული, ხოლო სიჭარბის შემთხვევაში ქსელის ოპერატორისთვის მიეყიდა. შემდეგ იყო განვითარების მეორე ეტაპი, რომელსაც დაემატა ჯგუფური ნეტო აღრიცხვა, სადაც უკვე შესაძლებლობა არსებობდა არა მხოლოდ ერთი მომხმარებელი, არამედ გარკვეული ჯგუფი ჩართულიყო თვითწარმოების პროცესში და ჯგუფურად მოეხდინათ ელექტროენერგიის გაქვითვა. სიჭარბის შემთხვევაშიც, ანალოგიურად ამ ჯგუფს შეეძლო ელექტროენერგია გაეყიდა. მესამე ეტაპი კი უფრო მეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო გამომდინარე იქიდან, რომ თუ ადრე დადგმული სიმძლავრის მაქსიმალური მოცულობა 100 კვ.სთ იყო, ეს მაჩვენებელი გაიზარდა 500 კვ.სთ-მდე. გარდა ამისა, მომხმარებელს შესაძლებლობაც ჰქონდა ვირტუალურ ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩართულიყო“. აცხადებს თორნიკე აფრიაშვილი.

თუკი მომხმარებელს ელექტროენერგიის გამომუშავების შედეგად დაუგროვდა ჭარბი ენერგია, რომელია მეორე მხარე, რომელთანაც ახორციელებს ანგარიშსწორებას?

„რა თქმა უნდა, ამ ურთიერთობის მეორე მხარე ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიაა. რაც შეეხება ენერგიის გაქვითვს ნაწილს, სანამ გაქვითვამდე მივალთ ყოველთვიურად ხდება თვითწარმოებული ენერგიის ქვითარზე ასახვა, ე.წ „განეტვა“. ჭარბი ელექტროენერგიის შემთხვევაში ეს სიჭარბე თვიდან თვემდე გადადის და მაისში როდესაც მთელი წელი ანგარიშდება, თუ მომხმარებელს დაუფიქსირდა ელექტროენერგიის სიჭარბე ამ შემთხვევაში იგი რეალიზებას მოახდენს იმ ფასად, რა ფასადაც უშუალოდ მიმწოდებელი ახდენს ელექტროენერგიის შეძენას.

 სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თვიდან თვემდე ხდება კილოვატ საათების გაქვითვა, ხოლო მაისში უკვე ხდება დარჩენილი ჭარბი ენერგიის შესყიდვა მიმწოდებელი კომპანიების მხრიდან“. აღნიშნა თორნიკე აფრიაშვილმა.

შემთხვევითი სიახლე

15 მარტს ექვსმა მარეგულირებელმა უწყებამ მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო დღე ბათუმში აღნიშნა

15 მარტს, მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, ბათუმში, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, დაზღვევის …