ქვეყანა ციფრებში – რეგულაციები ინვესტორსაც აფრთხობს

თბილისი (BPI-UG) – სახელმწიფოს განვითარებისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უცხოური ინვესტიციების შემოდინებაა.  ინვესტიციები ხელს უწყობს საწარმოების შექმნას, ინოვაციური და სოციალური პროექტების რეალიზაციას, წარმოებისა და დასაქმების მაჩვენებლის ზრდას.

თანამედროვე ეპოქამ ჩვენს ქვეყანასაც მოუტანა ახალი ეკონომიკური სისტემის მშენებლობის აუცილებლობა, თუმცა საქართველო მრავალი ეკონომიკური , პოლიტიკური თუ სოციალური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა.
ძირითადი პრობლემები გამოწვეულია ეკონომიკური განვითარების დაბალი ტემპიდან გამომდინარე.

2017 წლის მონაცემებით, ქვეყნის ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა, რაც არასაკმარისია ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების გადასაჭრელად.

2012 წელს, მას შემდეგ , რაც ახალი მმართველი გუნდი მოვიდა ქვეყნის სათავეში,  4%-იან ეკონომიკურ ზრდაზე უფრო მაღალი მაჩვენებელი მხოლოდ ერთხელ , 2014 წელს იქნა მიღწეული (4.5%), დანარჩენ წლებში ეკონომიკური ზრდა 2-3 %-იან  შუალედში მერყეობდა.  ამდენად, უცხოური ინვესტიციების შემოდინებისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ,  ასევე – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფრო აქტიური მუშაობა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ქვეყანაში სტაბილური პოლიტიკური  გარემოს შექმნა, რათა უცხოელი ინვესტორებისათვის მეტად მიმზიდველი გახდეს ბიზნესის განვითარების შესაძლებლობები.

რამდენად ახდენს გავლენას ქვეყნის პოლიტიკური ვითარება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე და რა შედეგი შეიძლება გამოიღოს არასწორმა მიდგომებმა, ამის თვალსაჩინო მაგალითი 2012 წლის შემდგომ ახალი  მმართველი გუნდის  მიერ გატარებული მთელი რიგი რეფორმებია, რომელიც საგადასახადო კანონმდებლობას უკავშირდება.  საუბარია სრულფასოვანი რეფორმის გატარებაზე, რომელიც თავის თავში გულისხმობდა:  სტაბილიზაციას, ინფლაციის დაძლევას, საფინანსო-საბანკო სისტემების გამყარებასა და ეროვნული ვალუტის დამკვიდრებას.

რა არის ის ძირითადი მიზეზები, რომლებიც  ხელის შემშლელი ფაქტორები შეიძლება აღმოჩნდეს ინვესტიციების განხორციელებისათვის?


უცხოელი ინვესტორებისათვის მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით ეკონომიკური თუ პოლიტიკური სიტუაციების სტაბილურობა და სწორედ ამ მიზნით,   2008 წლის ომმა მნიშვნელოვნად იმოქმედა შემოსულ ინვესტიციებზეც.

მიზეზი, რის გამოც 2009  წელს, წინა წლებთან შედარებით , ინვესტიციციები საგრძნობლად შემცირდა შემდეგი იყო: უცხოელი ინვესტორებისათვის საქართველოში შეიქმნა  „საშიში პოლიტიკური ვითარება“,  რომელიც პირდაპირ ზიანს აყენებდა  ქვეყნის ეკონომიკასაც. გარდა ამისა, ამავე წლებში მსოფლიო მოიცვა ეკონომიკურმა კრიზისმაც.

ანალოგიური სიტუაცია შეიქმნა 2012 წლის შემდეგაც, როდესაც  ქვეყნის მმართველი ძალა შეიცვალა. 2012 წელს, წინა წლებთან შედარებით,  20%-ით ნაკლები ინვესტიცია განხორციელდა .

2013 წელს Fitch რეიტინგმა გამოაქვეყნა პროგნოზი, სადაც საუბარი შეეხო სწორედ 2012 წელს. მათი განმარტებით, 2012 წელს, წინა წლებთან შედარებით, 20%-ით ნაკლები ინვესტიცია განხორციელდა, რაც დაკავშირებული იყო ქვეყნის მმართველი გუნდის შეცვლასთან. ამდენად , მსგავს ქვეყნებში ინვესტორები აღარ ფიქრობენ კაპიტალ დაბანდებასა და  ბიზნესის განხორციელებას გარკვეული დროის მონაკვეთში მაინც, რაც საბოლოოდ აისახება ქვეყნის ბიუჯეტსა და ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

უცხოური კაპიტალის მოზიდვა და გამოყენება საქართველოში საბაზრო ურთიერთობების დამკვიდრების , განვითარებისა და ეკონომიკური აღმავლობის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

ამის მიუხედავად,  ბოლო წლების განმავლობაში,  ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით, საქართველო ისევ არასახარბიელო მდგომარეობაშია, რასაც თან ერთვის კიდევ ერთი და მუდვივად გადაუჭრელი პრობლემა – ლარის გაუფასურება. ის, რომ ლარი გამუდმებით მერყევ პოზიციაშია , ვერ ხდება მისი დასტაბილურება და/ან  წინასწარი პროგნოზირებით ამ რყევების თავიდან აცილება ეს , რა თქმა უნდა,  გავლენას ახდენს არა მხოლოდ უცხოურ ინვესტიციებზე, არამედ ქვეყნის შიგნით მიმდინარე მთელ რიგ ეკონომიკურსა და სოციალურ მდგომარეობაზე.

„ლარის კურსის ფორმირება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მთელ რიგ საგარეო და საშინაო ფაქტორებზე. მთავარია მოხერხდეს ექსპორტის მზარდი დინამიკის შენარჩუნება და კიდევ უფრო გაუმჯობესება. ლარის კურსის ფორმირებაზე კი ასევე მნიშვნელოვნად მოქმედებს უცხოური ინვესტიციები და ფულადი გზავნილების მოცულობაც. ამდენად , მნიშვნელოვანია გათვალისწინებულ იქნას ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები, რათა თავიდან იქნას აცილებული დანაკარგები და მასთან ერთად ლარის გაუფასურება „ – განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა, სოსო არჩვაძემ.


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტო

ლარის კურსის არასტაბილურობის ფონზე, მნიშვნელოვანია ასევე ის ახალი დებულება, რომელიც  2018 წლის 1-ლი ნოემბრიდან  კომერციული ბანკებისათვის ძალაში უნდა შესულიყო. აღნიშნული დებულება: „ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ“ ეროვნულმა ბანკმა მოამზადა.
ახალი რეგულაციების არსი მდგომარეობს იმაში, რომ ბანკებს მსესხებლის გადახდისუნარიანობის დეტალურად შესწავლის  ვალდებულება ექნებათ. ასევე ამ დებულებით განსაზღვრულია , თუ რა მოცულობის თანხის გადახდა მოუწევთ ყოველთვიურად მსესხებლებს საკუთარი შემოსავლიდან გამომდინარე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დებულების განსამარტად აღნიშნა: „მთავარი პრინციპი ამ დებულების არის ის, რომ ფიზიკურმა პირებმა არ აიღონ ისეთი სახის ვალდებულებები, რომელთა მომსახურებას ისინი ვერ მოახერხებენ  ან რომელთა მომსახურება მათ ძალიან რთულ სიტუაციაში ჩააყენებს. ამ სახით, ჩვენ თავიდან ავიცილებთ ჭარბვალიანობას.“

ექსპერტის შეფასებით, ეროვნული ბანკის განმარტება ჭარბვალიანობასთან მიმართებაში, ბუნდოვანი თემაა. “ჭარბი, როგორც კრიტერიუმი ჩემთვის გაუგებარია . ამიტომ როდესაც დეფინიციას აკეთებს ეროვნული ბანკი,  აუცილებლად უნდა განიმარტოს რას გულისხმობს ეს კონკრეტულად. როდესაც იქნება ჭარბვალიანობის სწორი დეფინიცია, მაშინ შეგვიძლია მოვარგოთ არსებული რეგულაცია.“ – განაცხადა მან.

აღნიშნულის შემდეგ, 30 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ სესხის გაცემის რეგულაციები არათუ პირველ ნოემბერს, არამედ 15 ნოემბრამდე გადაიწევს. გადავადების  მთავარი მიზეზი უცნობია, თუმცა ითქვა, რომ გარკვეული რეგულაციები მარტივდება.

შეიძლება ითქვას, რომ ამ რეგულაციებით,  ეროვნული ბანკი ნაწილობრივ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ქვეყნის მოსახლეობის ეკონომიკურსა თუ სოციალურ მდგომარეობას, არამედ ინვესტიციების შემოდინებასაც. მარტივი შესაძლებელია, ინვესტორმა ჩათვალოს, რომ ამ ქვეყანაში გარკვეული რეგულაციები  მასაც  დაუწესდეს სახელმწიფოს მხრიდან.

ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად, უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ ბიზნესის სტაბილურობისათვის,  თავისუფალი სასამართლო სისტემაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„ბოლო 5 წლის განმავლობაში, არათუ გაუმჯობესდა, არამედ სულ უფრო  უკან წავიდა მართლმსაჯულების მუშაობის შედეგები. დღევანდელი სასამართლო ის კლანური მმართველობაა, სადაც მოსამართლეები მხოლოდ საკუთარი ინტერესების დაცვაზე არიან მოტივირებულნი. ჩვენ სასამართლოს დღეს რეფორმა ვეღარ უშველის, მას სჭირდება ტრანსფორმირება.“  – განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მდივანმა – ანა ნაცვლიშვილმა.

და რა ხდება ამ მხრივ საქართველოში?

„საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ მონაცემებით, განსაკუთრებით  ბოლო 2-3 წლის განმავლობაში, საქართველოში საგრძნობლად გაურესდა საინვესტიციო კლიმატი. რის გამოც, უცხოური ბიზნესის უდიდესი ნაწილი დაზარალდა ან ჯერ კიდევ წნეხის ქვეშ არის. ყველა ეს პრობლემა უმეტეს შემთხვევაში დაკავშირებულია სასამართლოებთან.

მაგალითისათვის, საქართველოში შემოსული იყო ისეთი უმსხვილესი კომპანიები, რომლებიც საერთაშორისო პალატის წევრნიც არიან და ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვნად დაზარალდნენ. ასეთებია:  ტერა ბანკი, ფილიპ მორისი, ბრიტიშ ამერიქან თობაქო, ყაზტრანსგაზი, სილქ როუდ ჰოლდინგი, შპს ჯორჯიან მარგანეზი და ა.შ.

საქართველოს მხრიდან მათ მიმართ ჩადენილი უკანონო ქმედებები ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ქვეყნის საინვესტიციო გარემოსა და იმიჯზე საერთაშორისო მაშტაბით.

სასამართლოს ასეთ ფონზე, საყურადღებოა ასევე  გახშირებული კორუფციის თემებიც. ამჟამად სახელმწიფო სტრუქტურებში არსებობენ „უკონტროლო სუბიექტები“, რომლებიც არ ექვემდებარებიან მთავრობის ხელმძღვანელებს და არც მთავრობას აქვს მათზე კონტროლის შესაძლებლობა ან სურვილი. სწორედ ამ დესტრუქციულ ძალას მიჰყავს ბიზნესი კორუფციისაკენ და ამავე დროს, ზეწოლისა და შანტაჟის ფოზე,  ართმევს ინვესტორს მის საკუთრებაში არსებულ ქონებას .

„ამჟამინდელი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებით, მიმდინარეობს ისეთი კანონებისა და პროექტების  ლობირება, რომელიც კორუფციას ისედაც ლეგალურს ხდის. კორუფცია, მარტივი გაგებით,  ეს არის – ბიზნესის წარმოებაში შენს  სასარგებლოდ ჩარევა  და ამავდროულად,  კანონების საკუთარ  ინტერესებზე მორგება.  სწორედ ეს არის ყველაზე დიდი და დამანგრეველი მაშტაბის კორუფცია, ვიდრე  ქრთამის მიცემა უბრალო საბუთისთვის. რაც შეეხება კორუფციის გაზრდილ მაჩვენებელს, ის თავისთავად  ძალიან დიდ გავლენას ახდენს უცხოელ ინვესტორებზე, რადგან რეალურად, ისინი მთავრობის გარეშე ვერ არსებობენ საქართველოში.  კერძო ინვესტიცია, რომელიც მთავრობისგან დამოუკიდებელია, უკვე დიდიხანია აღარაა  ჩვენს ქვეყანაში.  მთავრობის ჩარევის გარეშე, საქართველოში სერიოზული ინვესტიცია არ ხორციელდება , რადგან მას არაფორმალურად აქვს აწყობილი სიტუაცია.  ყველა უცხოელი ინვესტორი ვალდებულია აკეთოს ბიზნესი მთავრობასთან შეთანხმებით, ხოლო ის , ვისაც არ სურს ქრთამის გადახდა მთავრობისათვის, ასეთი უცხოელი ინვესტორი არც შემოდის ბაზარზე,“ – განაცხადა  პაატა შეშელიძემ.

31 ოქტომბერს გამოქვეყნდა  Doing Business 2019 წლის ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ  საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივის მხრივ, 190 ქვეყანას შორის მე-6-ზე ადგილზე დაწინაურდა და უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები და  დიდი ბრიტანეთი.

წყარო: მსოფლიო ბანკის Doing Business 2019 წლის ანგარიში

ეს ერთ-ერთი კარგი შედეგია იმისათვის, რათა კიდევ უფრო მეტად მოხდეს ინვესტიციების მოზიდვა. თუმცა, მთავარია – რა ქმედით ნაბიჯებს გადადგამს მთავრობა იმისათვის, რათა ეს შანსი და პოტენციალი საკუთარი ქვეყნის სასარგებლოდ გამოიყენოს.

რატომ უნდა ცდილობდეს მთავრობა მეტი უცხოური ინვესტიციების შემოდინებას?

მიზეზი მარტივია – უცხოური ინვესტიციები კარგი საშუალებაა ქვეყნის განვითარებისათვის.

გამოკვლეულია, რომ საქართველო ეკონომიკის 5%-იანი ზრდით, ნახევარ საუკუნეშიც ვერ დაეწევა საშუალო ევროპული ქვეყნების დონეს. იმისთვის, რომ 30 წელზე ნაკლებ დროში მოვახერხოთ ევროპული ქვეყნების დაწევა, ამისათვის სასიცოცხლოდ გვესაჭიროება ეკონომიკის უფრო მაღალი ტემპით ზრდა.

მარიამ ბერაია,

“საქართველოს უნივერსიტეტის” სტუდენტი

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრა. ღონისძიების ფარგლებში …