თბილისი (BPI) – როგორი იყო 2018 წელი ღვინის ბიზნესისთვის და მთლიანად საქართველოს ეკონომიკისთვის, ამის გარკვევა Caucasus business week-მა სცადა. 2018 წლის რთველი სუბსიდიის გარეშე, ღვინის ექსპორტი, ახალი ბაზრების მოძიება, ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით გატარებული ღონისძიებები, – ეს იმ საკითხების ძირითადი ჩამონათვალია, რომლებსაც ღვინის ეროვნული სააგენტო 2018 წლის განმავლობაში ახორციელებდა. მიმდინარე წელს სააგენტოში წარმატებულად აფასებენ და აცხადებენ, რომ ქართული ღვინის ცნობადობა სულ უფრო და უფრო იზრდება.
სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოში 2018 წლის ჯამური მონაცემი ჯერ არ დაზუსტებულა, თუმცა, 2018 წლის იანვარ-ნოემბერის მონაცემებით, საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 78 მლნ-მდე ბოთლი ღვინო (0,75 ლ), რაც 11%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მონაცემებს. წლის ბოლომდე ეს მონაცემი 85 მილიონ ბოთლამდე იქნება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მუხუზლას ინფორმაციით, მიმდინარე წლის 11 თვის მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა 2017 წლის მთლიან ექსპორტს, როდესაც საქართველოდან ბოლო თითქმის 30 წლის რეკორდული რაოდენობის, 76,7 მლნ ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა.
მისი განმარტებით, 2018 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 184,1 მლნ აშშ დოლარია, ზრდამ თანხებში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19% შეადგინა.
მუხუზლას განმარტებით, ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: დიდი ბრიტანეთი – 34% (103724), იაპონია – 30% (201275 ბოთლი), პოლონეთი – 27% (3026652) და აშშ – 3% (456376); ასევე ევროპისა და ამერიკის მიმართულებით: რუმინეთი – 477% (99774), ჩეხეთი – 69% (57708), ნიდერლანდები – 41% (72249), ლიეტუვა – 19% (439980), საფრანგეთი – 15% (113885), ესტონეთი – 11% (509840), ლატვია – 10% (1612234), გერმანია – 9% (439638), კანადა – 7% (173538) და ა.შ.; ასევე ტრადიციულ ბაზრებსა და აზიის მიმართულებით: თურქმენეთი – 102% (135294), ყირგიზეთი – 34% (179610), აზერბაიჯანი – 31% (146256), მონღოლეთი – 27% (214398), უკრაინა – 24% (9525172), ყაზახეთი – 10% (3396452), რუსეთი – 11% (48587707), სამხრეთ კორეა – 275% (68124), სინგაპური 6700% – (40800) და სხვა.
ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი (48587707), უკრაინა (9525172), ჩინეთი (6275909), ყაზახეთი (3396452) და პოლონეთი (3026652).
ამასთან, იანვარ-ნოემბერში საქართველოდან მსოფლიოს 25 ქვეყანაში ექსპორტირებულია 17,8 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 9%-ით აღემატება გასული წლის 11 თვის მონაცემებს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 36,4 მლნ აშშ დოლარს მიაღწია – ზრდამ 3% შეადგინა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს 26 ქვეყანაში ექსპორტირებულია 360 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ზრდამ შეადგინა 43%. სულ ექსპორტირებულია 1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ჭაჭა, რაც 32%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
სულ, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 281 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 10%-ით აღემატება გასული წლის იანვარ-ნოემბრის მაჩვენებელს.
როგორც ლევან მუხუზლა განმარტავს, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პირველად, ბოლო 10 წლის განმავლობაში იყო არასუბსიდირებული რთველი, რომლის ფარგლებშიც წელს სარეკორდო მოსავალი დაფიქსირდა. კერძოდ, წელს 3 მილიონ ლარს გადააჭარბა იმ შემოსავალმა, რაც მევენახეებმა მიიღეს.
მისი განმარტებით, კარგია ის, რომ თითქმის ყველა სტრატეგიულ ბაზარზე ექსპორტის ზრდა ფიქსირდება. კითხვაზე, რამ განაპირობა წელს ღვინის ექსპორტის ზრდა და ქართულ ღვინოზე ასე მოთხოვნა, მუხუზლა განმარტავს, რომ ამის მიზეზი სააგენტოს მიერ განხორციელებული მარკეტინგული ღონისძიებები და ქართველი მეღვინეების მიერ ღვინის ხარისხის ამაღლებაა.
„ღვინის ეროვნულ სააგენტოს 2013 წლიდან აქვს ქართული ღვინის პოპულარიზაციის ამაღლების პროგრამა. გამოყოფილი აქვს სტრატეგიული ბაზრები, რომლებზეც მიზანმიმართული მუშაობა მიმდინარეობს. ამ წლების განმავლობაში დაგროვილი მუშაობა ახლა იჩენს თავს, რაც ექსპორტის ზრდაშიც აისახება. ამავდროულად, კომპანიებიც უფრო მეტად აქცენტს ხარისხზე აკეთებენ. იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი გაგრძელდება, რადგან ქართულ ღვინოს არ აქვს ფუფუნება საერთაშორისო ბაზარზე დაბალფასიან სეგმენტში გაუწიოს კონკურენცია ისეთ ქვეყნებს, რომლებსაც მასშტაბის ეკონომიურობა აქვთ. ვგულისხმობ, მაგალითად, ავსტრალიას და სხვა ქვეყნებს, რომლებსაც შეუძლიათ ვენახების სწრაფი ზრდის ხარჯზე მიაღწიონ იაფფასიან ნედლეულს. აქედან გამომდინარე, ჩვენი ნიშა მსოფლიო ბაზარზე პრემიუმ ან საშუალოზე მაღალი კატეგორიის ღვინოებია“–აღნიშნავს მუხუზლა.
ღვინის მწარმოებელი კომპანია „თელავის ღვინის მარანის“ სამეთალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ზურაბ რამაზაშვილის განცხადებით, 2018 წელი გაყიდვების თვალსაზრისით საკმაოდ წარმატებული იყო. კერძოდ, 2018 წელს კომპანია „თელავის ღვინის მარანმა“ 5.7 მილიონი ბოთლის რეალიზება მოახდინა, რაც კომპანიის ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელია. რამაზაშვილი ამას კომპანიის ღვინოების მიმართ ცნობადობის ამაღლებას უკავშირებს.
„ჩვენი ღვინის მოხმარება გაიზრდა იმ ბაზრებზე, სადაც წარმოდგენილი ვართ. ასევე გაზრდილია მოხმარება საქართველოშიც. ძირითადი ექსპორტიორი ქვეყნებია: ჩინეთი, რუსეთი, უკრაინა, პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები, მცირე მოცულობით აშშ, ინგლისი, ჰოლანდია“–აღნიშნავს რამაზაშვილი.
მისივე განმარტებით, გაყიდვების ზრდის ერთ–ერთი მიზეზი ზოგიერთი დასახელების ღვინოზე შეუფთვის შეცვლაც შეიძლება იყოს. ეს შეეხება ჭაჭას. ამავე დროს, დაიხვეწა ჭაჭის წარმოების ტექნოლოგიაც,შესაბამისად, გაიზარდა პროდუქციის ხარისხიც.
რამაზაშვილის განცხადებით, წელს ბაზარზე რამოდენიმე ახალი დასახელების ღვინო იქნა გამოშვებული. „ამასთანავე, შემიძლია ვთქვა, რომ წელს ცნობადობა ქართული პროდუქტის მიმართ ამაღლებულია. გარდა ამისა, გაიზარდა ტურისტების ნაკადი, შესაბამისდ, ჩვენი ღვინის პრომოუტერთა პოტენციური რაოდენობა მსოფლიოში გაზრდილია. ანუ ის ადამიანი, რომელიც საქართველოში იყო და ღვინო დააჭაშნიკა, შემდგომ ცდილობს იგივე თავის ქვეყანაში გააკეთოს“–აღნიშნავს რამაზაშვილი.
„თელავის ღვინის მარნის“ სამეთვაყურეო საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ წელს ქვეყანაში ბიზნესის წარმოებისთვის საკმაოდ პოზიტიური ნაბიჯები იდგმებოდა. ამის ერთ–ერთ მაგალითად, ესტონური მოდელის ამოქმედებას და მის პირველ შედეგს ასახელებს. „პირველი წელი იყო, როდესაც მოგების გადასახადს არ ვიხდიდით. ეს ძალიან მნიშნელოვანია, რადგან მეტი რესურსი გაგვიჩნდა რეინვესტირებისთვის. სახელმწიფოს მხრიდან ფისკალური პოლიტიკა ნორმალურია. სოფლის მეურნეობის სექტორში სახელწმიფო აფინანსებს ძალიან ბევრ გამოფენაში მონაწილეობას. აქვს სხვადასხვა აქტივობები სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის დეგუსტაციები და სპეციალურად დაქირავებული კომპანიები, რომლებიც ქართული ღვინის პროპაგანდას და იმიჯის გაზრდას ემსახურება მსოფლიოში. ეს ყველაფერი ჯამურად, გაყიდვების ზრდაზე მოქმედებს“–აღნიშნავს რამაზაშვილი.
ღვინის მწარმოებელი კომპანია „შუმის“ დამფუძნებლი აკაკი ცოფურაშვილი განმარტავს, რომ 2018 წელი საკმაოდ წარმატებული იყო როგორც ზოგადად ღვინის ბიზნესისთვის, ისე კონკრეტულად კომპანია „შუმისთვის“ მისი ინფორმაციით, წელს გაყიდვები გაიზრდა როგორც საექსპორტო ბაზრებზე, ისე ადგილობრივად.
კომპანია „შუმმა“ პირველად გაიტანა პროდუქცია აზერბაიჯანში, გაყიდვების ზრდა დაფიქსირდა აშშ–ში. რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდა საკმაოდ იყო.
ცოფურაშვილი აცხადებს, რომ წელს კომპანიამ პირველად ჩამოასხა ქვევრის საფერავი და ქვევრის მწვანე. მისივე განმარტებით, საკმაოდ გაზრდილია მოთხოვნა ქვევრის ქისზე და პრემიალურ ღვინოებზე.
შენიშვნა: მასალა მომზადებულია 2018 წლის დეკემბერში