თბილისი (BPI) – შილდის ენერგოეფექტური მეღვინეობა საქართველოდან ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის მდგრადი ენერგეტიკის კონკურსის გამარჯვებულია.
2014 წელს დაარსებული შილდის მეღვინეობა კახეთში, საქართველოს მეღვინეობის წამყვან რეგიონში მდებარეობს. ევროკავშირის და ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის მიერ მხარდაჭერილ კავკასიის ენერგოეფექტურობის პროგრამაში (ენერგოკრედიტი საქართველო) მონაწილეობით, კომპანიამ დაიწყო ღვინის წარმოების ენერგოეფექტური ეკოლოგიური პროცესი, რამაც ის რეგიონში პირველ ეკოლოგიურ ღვინის მწარმოებლად აქცია. დღეს, ღვინის ქარხანა 60%-ით ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს, ხოლო მისი ყოველწლიური დანაზოგი ელექტროენერგიის ხარჯზე 60,000 ევროზე მეტს შეადგენს.
აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის ჩატარებული ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკის კონკურსის პირველ ტურში მონაწილეობდა 50-ზე მეტი განაცხადი 6 ქვეყნიდან, რაც მოიცავდა ძალზე მრავალფეროვან შემოქმედებით, მაღალეფექტურ გადაწყვეტილებებს ენერგოეფექტურობის და განახლებადი ენერგიის გამოყენების კუთხით საზოგადოებისა და ბიზნესის სასარგებლოდ. ჟიურიმ 6 ფინალისტი შეარჩია, მათ შორის: ბიომასით გათბობის გადაწყვეტილებები სასოფლო განვითარებისთვის (სომხეთი), განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება ნოვოგრუდოკის რაიონში (ბელარუსი), ბიომასა და ენერგოეფექტურობა „პრიჩინდელის“ საბავშვო ბაღში ბუსილაში (მოლდოვის რესპუბლიკა), შპს ქართული ღვინო და ღვინის მწარმოებელი კომპანია – მეღვინეობა შილდა (საქართველო), ენერგიის მოხმარების და CO2-ის ემისიის შემცირება დოლინაში (უკრაინა), ტრენინგი უმაღლეს ინჟინერიაში ეკოლოგიურად მდგრადი სამრეწველო განვითარებისთვის (უკრაინა).
შერჩეული 6 ფინალისტი მონაწილეობდა საჯარო კენჭისყრაში, რომელიც ონლაინ რეჟიმში, ორი კვირის განმავლობაში, 2019 წლის 28 აპრილიდან 9 მაისამდე მიმდინარეობდა. ყველა ხმა იქნა დათვლილი და დადასტურებული. მოქმედი ხმები დაემატა ჟიურის ხმებს საბოლოო გამარჯვებულის გამოსავლენად.
ევროპის მდგრადი ენერგეტიკის კონკურსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ტარდება ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკის კვირეული 2019-ის (EUSEW) ფარგლებში და მონაწილეობის მისაღებად პირველად იყო მიწვეული აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანა (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა). კონკურსის მიზანია ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი წარმატებული პროექტების გამოვლენა ენერგოეფექტურობის და განახლებადი ენერგიის სფეროში, რომლებიც უშუალოდ ეხმარება მოქალაქეებს და საზოგადოებას ენერგიის დაზოგვაში ან ენერგიის მდგრად წყაროებზე გადასვლაში.