სებ-მა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.5%-მდე შეამცირა

თბილისი (BPI) – მომატებული საგარეო რისკების ფონზე, საქართველოს ეროვნული ბანკი 2019 წლის რეალური მშპ-ის ზრდის პროგნოზს 5%-დან 4.5%-მდე ამცირებს.

პროგნოზის გადახედვა განაპირობა რუსეთის მიერ საქართველოს მიმართულებით ავიამიმოსვლის შეზღუდვის შემოღებამ, რაც წლის განმავლობაში ტურისტული შემოსავლების კლებაში აისახება და, საბოლოოდ, ერთობლივი მოთხოვნის შესუსტებას გამოიწვევს.

სებ-ის მონეტალური პოლიტიკის ანგარიშში ნათქვამია, რომ მიუხედავად გაზრდილი გაურკვევლობისა, წმინდა ექსპორტი, მიმდინარე პროგნოზით, მაინც დარჩება ეკონომიკური აქტივობის ზრდის მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალად კონკურენტუნარიანი გაცვლითი კურსის შენარჩუნების ფონზე (იხ. დიაგრამა 2.6). თუმცა, პროგნოზის დაშვებები ასევე ითვალისწინებს ფისკალური ხარჯვის, კერძოდ კი ინფრასტრუქტურული პროექტების, და დაკრედიტების აქამდე არსებული ზომიერი ტემპებით ზრდის გაგრძელებას. მსგავსი ზრდა 2020 წლისთვისაც არის მოსალოდნელი, რის ფონზეც რეალური მშპ-ს პოტენციური დონიდან ჩამორჩენა მხოლოდ ეტაპობრივად, 2021 წლის დასაწყისისთვის აღმოიფხვრება.

ნაკლებად სავარაუდო, მაგრამ შესაძლებელი სცენარის განვითარების შემთხვევაში, რეალური მშპ-ის არსებული პროგნოზი შესაძლოა ფაქტობრივისგან განსხვავებული აღმოჩნდეს. ამ კუთხით საყურადღებოა ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად მოქმედ ფაქტორებთან დაკავშირებული რისკები. კერძოდ, რეგიონში გეოპოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციის დამატებით გამწვავების შემთხვევაში დამატებით შემცირდება ფულადი ნაკადების შემოდინება, ხოლო სუვერენული რისკ პრემიები კი გაიზრდება. ეს კი, თავის მხრივ, მოხმარებაზე, ბიზნეს განწყობებსა და ინვესტიციებზე უარყოფით ზეგავლენას მოახდენს და ეკონომიკური აქტივობის მოსალოდნელზე ნაკლებად ზრდას გამოიწვევს. ამასთან, თუკი ფისკალური სტიმული ან საკრედიტო პორტფელის ზრდა მოსალოდნელზე ნაკლები იქნება, მაშინ ეკონომიკური აქტივობა პროგნოზირებულზე ნაკლებად გაიზრდება. ამის საპირისპიროდ, თუკი ბიზნეს და სამომხმარებლო განწყობა, შიდა და გარე ფაქტორების გაუმჯობესების შედეგად, მოსალოდნელზე მეტად ამაღლდება, მაშინ ეკონომიკური აქტივობის ზრდა პროგნოზირებულზე მეტი იქნება.

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრა. ღონისძიების ფარგლებში …