2024 წლის 12 ივლისს SHAREs პროექტის ფარგლებში გაიმართა პოლიტიკის შემმუშავებელთა ბოლო სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. პოლიტიკის შემმუშავებელთა სამუშაო ჯგუფის მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოში ენერგეტიკული გაერთიანებების შექმნის, განვითარებისა და გაფართოების, აგრეთვე საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩოს განვითარებისათვის საჭირო საკითხებზე მსჯელობა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სემეკის და ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე SHAREs პროექტის წარმომადგენლებმა მონაწილეებს გააცნეს პროექტის შედეგები და განხორციელებული აქტივობები, პროექტის ფარგლებში საქართველოში ენერგეტიკული გაერთიანებების საპილოტე პროექტები და ენერგეტიკული გართიანებების შესახებ საინფორმაციო პორტალი. შეხვედრაზე ასევე მოეწყო დისკუსია საქართველოში ენერგეტიკული გაერთიანებების დანერგვის პერსპექტივებზე და გამოწვევებზე.
SHAREs არის Horizon2020 პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ენერგეტიკული გაერთიანებების და ერთობლივი ქმედებების მხარდაჭერას განახლებადი ენერგიის განვითარების მიზნით. საქართველოში პროექტის პარტნიორია საქართველოს ახალგაზრდა ენერგეტიკოსთა ასოციაცია.
პროექტი 2024 წლის აგვისტოში დასრულდება, თუმცა საქართველოს ახალგაზრდა ენერგეტიკოსთა ასოციაცია გააგრძელებს საქმიანობას საქართველოში ენერგეტიკული გაერთიანებების ჩამოყალიბების მხარდასაჯერად.
ამასთან ერთად, SHAREs პროექტის ფარგლებში შეიქმნა საინფორმაციო პორტალი საქართველოში ენერგეტიკული გაერთიანებების შესახებ – www.energy4all.ge, სადაც განთავსებულია ტექნიკური, იურიდიული, ფინანსური, საკანონმდებლო-მარეგულირებელი ინფორმაცია, აგრეთვე გზამკვლევები და დამხმარე მასალები, რომელიც დაეხმარება ყველა დაინტერესებულ პირს ენერგეტიკული გაერთიანებების ჩამოყალიბების პროცესში.