სემეკის მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორის მოადგილე, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ნუგზარ ბერიძე საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის შესახებ საუბრობს.
“ენერგეტიკული უსაფრთხოება თანამედროვე სახელმწიფოს ეკონომიკური, სოციალური და ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთ ფუნდამენტურ კომპონენტს წარმოადგენს. ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მუდმივი ზრდის, ენერგეტიკული ბაზრების ლიბერალიზაციის, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევებისა და განახლებადი ენერგიის სწრაფი განვითარების ფონზე, სულ უფრო აქტუალური ხდება ენერგეტიკული პოლიტიკის ეფექტიანობისა და ადეკვატურობის შეფასება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დადგინდეს, რამდენად შეესაბამება ენერგეტიკის სექტორში განხორციელებული პოლიტიკა ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების, მიწოდების საიმედოობისა და გრძელვადიანი მდგრადობის მიზნებს.
საქართველოში ელექტროენერგეტიკის სექტორის განვითარება ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციით ხასიათდება. ქვეყანამ დაიწყო ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია, უზრუნველყო კერძო ინვესტიციების მოზიდვა გენერაციის სექტორში და აქტიურად შეუწყო ხელი განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებას. აღნიშნული პოლიტიკის შედეგად გაიზარდა როგორც გენერაციის დადგმული სიმძლავრე, ისე ელექტროენერგიის გამომუშავება. პარალელურად, ენერგეტიკული სექტორის განვითარების ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად ჩამოყალიბდა ჰიდროენერგეტიკული, ქარისა და მზის რესურსების ათვისება, რაც სრულად შეესაბამება როგორც ქვეყნის ბუნებრივ პოტენციალს, ასევე დეკარბონიზაციისა და მდგრადი განვითარების საერთაშორისო დღის წესრიგს”, – აღნიშნავს ნუგზარ ბერიძე სამეცნიერო სტატიაში, რომლის სრული ვერსიაც ხელმისაწვდომია ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ვებგვერდზე: https://entc.ge/ka
Business Political Insights BPI.GE