საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შორის სამწლიან პროგრამაზე შეთანხმება მიღწეულია. აღნიშნული პროგრამა, რომლის განხილვაც მიმდინარე წლის მაისში შედგება, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ უნდა დაამტკიცოს.
აღსანიშნავია, რომ ამ პროგრამის განხორციელება საქართველოს მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებასა და მეტად განმტკიცებაში დაეხმარება, ასევე,ხელს შეუწყობს უფრო ძლიერ და ინკლუზიურ ზრდას. პროგრამის დამტკიცების შემდეგ, საქართველოს, საჭიროების შემთხვევაში, ამ სამი წლის მანძილზე დაახლოებით 289 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის თანხის მიღება შეეძლება.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ეს შეთანხმება დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ მონეტარულ პოლიტიკას ცალსახად დადებითად აფასებს.
სსფ-ის შეფასებით, საქართველოს ეროვნული ბანკი ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელთან დასაახლოებლად მართებულად ფოკუსირებული რჩება.
“ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ საქართველოს საფინანსო სექტორმა მნიშვნელოვანი მდგრადობა გამოავლინა პანდემიის და უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, რაც ძლიერი საზედამხედველო და რეგულირების ჩარჩოს არსებობამ განაპირობა, ეფექტიანი მაკროპრუდენციული ზომების შემოღებისა და რეკალიბრაციის ჩათვლით. საქართველოს ეროვნული ბანკის სწრაფმა და სათანადო ქმედებებმა, მათ შორის, ბანკებისთვის შესაბამისი სანქციების დაცვის მოთხოვნამ, ეკონომიკაზე რეგიონში მიმდინარე საომარი მოქმედებების უარყოფითი გავლენა შეამცირა” – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
კობა გვენეტაძემ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებს გაწეული სამუშაოსთვის და აღნიშნა, რომ ამ ორგანიზაციის მხარდაჭერას დღეს კიდევ უფრო განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, კერძოდ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ და საომარმა მოქმედებებმა, ჯერ კიდევ პოსტპანდემიური აღდგენის პროცესში მყოფი მსოფლიო ეკონომიკა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა.