მეოთხე კვარტალში მიმინარე ანგარიშის დეფიციტმა 531.1 მლნ დოლარი შეადგინა

2021 წლის მეოთხე კვარტალში მიმინარე ანგარიშის დეფიციტმა 531.1 მლნ აშშ დოლარი (1.7 მლრდ ლარი) შეადგინა. მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშებს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს – დადებითი. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის მეოთხე კვარტალში, მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდო წლიურად 5.9 პროცენტით, ხოლო მშპ-სთან ფარდობა -13.2 პროცენტიდან -9.6 პროცენტამდე შემცირდა. მთლიანად 2021 წლისთვის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მშპ-სთან ფარდობამ 9.8 პროცენტს შეადგინა.

მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი, 2021 წლის მეოთხე კვარტალში, კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო წლიურად 21.3 პროცენტით გაიზარდა და 1.1 მლრდ აშშ დოლარი (3.4 მლრდ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, საქონლის ექსპორტი წლიურად 35.3 პროცენტით, ხოლო იმპორტი 29.4 პროცენტით გაიზარდა.

მეორე კვარტალიდან ნაწილობრივ აღდგა მოგზაურთა მომსახურების ექსპორტი. ეს დადებითი ტენდენცია შემდგომ კვარტალებშიც გაგრძელდა და მეოთხე კვარტალში 379.3 მლნ აშშ დოლარს (1.2 მლრდ ლარი) გაუტოლდა, რაც 2019 წლის შესაბამისი პერიოდის 55.3 პროცენტს შეადგენს.

2021 წლის მეოთხე კვარტალში წმინდა შემოსავლის ანგარიში -306.6 მლნ აშშ დოლარი (-958.1 მლნ ლარი) იყო. დადებითი წმინდა შრომის ანაზღაურება 7.6 პროცენტით, ხოლო უარყოფითი წმინდა საინვესტიციო შემოსავალი 25.4 პროცენტით გაიზარდა.

მიმდინარე ანგარიშის ტრადიციულად დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 9.9 პროცენტით გაიზარდა და 2021 წლის მეოთხე კვარტალში 710.7 მლნ აშშ დოლარს (2.2 მლრდ ლარი) გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 28.3 პროცენტით გაიზარდა 616.5 მლნ აშშ დოლარამდე (1.9 მლრდ ლარი). ამავდროულად, სამთავრობო სექტორის წმინდა ტრანსფერები 55.6 პროცენტით შემცირდა.

წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, მეოთხე კვარტალში 340.9 მლნ აშშ დოლარი (1.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 6.2 პროცენტია.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …