საქართველოში არსებობს თითქმის ყველა სასურსათო პროდუქტის მარაგები და არაფრის დეფიციტი არ შეიქმნება – ლევან დავითაშვილი

„ჩვენი შეფასებით და ანალიზით, საქართველოში არაფრის დეფიციტი არ შეიქმნება და ყველა პროდუქტი, რომელიც უკრაინიდან ვერ შემოვა, ჩანაცვლდება სხვა ქვეყნიდან“ – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროდ, უკრაინას ფიზიკურად აქვს შეზღუდული ექსპორტის საშუალება, ბევრი საწარმო გაჩერებულია და შიდა სასურსათო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მათ აკრძალეს გარკვეული პროდუქტების ექპორტი.

მინისტრის განმარტებით, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, კერძო ბიზნესი ახდენს გადაწყობას

ამასთან, ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველოში არსებობს თითქმის ყველა სასურსათო პროდუქტის მარაგები და შესაბამისად, ქვეყანაში შაქრის დეფიციტი ვერ იქნებოდა.

„როდესაც შაქრის შეძენის პანიკური პროცესი დაიწყო, კომპლექსური მიწოდების ჯაჭვმა ვერ მოახერხა დახლების შევსება და პანიკა ყოველთვის ასეთ ზემოქმედებას ახდენს. გვახსოვს პანდემიის პირველი დღეები, ზუსტად ანალოგიური მოხდა. დღევანდელი მონაცემებით, შაქარზე 3-ჯერ უფრო მეტია მოთხოვნა საცალო ობიექტებიდან, მაშინ, როდესაც შაქრით დატვირთული რამდენიმე ათეული ვაგონი და მრავალი სახმელეთო სატრანსპორტო საშუალება საქართველოს საზღვრებთანაა და უახლოეს დღეებში უნდა შემოვიდეს, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ არ არის გამორიცხული, ეს იყო ხელოვნურად ორგანიზებული პანიკის მცდელობა და გარკვეული ძალები ამით სარგებლობდნენ.

„საქართველოს ხელისუფლება არაფერს ყიდულობს. გარკვეული ენერგომატარებლების გარდა, სახელმწიფო არ არის ჩართული რაიმე ტიპის სავაჭრო პროცესში, გარდა იმისა, რომ ჩვენ ვაკეთებთ კოორდინაციას, კონკურენტული გარემოს შექმნას, პროცესების ანალიზს და ხელს ვუწყობთ კერძო სექტორს, საქართველოს ხელისუფლება არც ხორბალს, არც შაქარს, არც ზეთს და სხვა პროდუქტებს არ ყიდულობს. ხშირად ისმის შეკითხვა – თუ არ იქნება უკრაინა, სად რას იყიდით, რატომ ყიდულობთ რუსეთში და ასე შემდეგ. ამას ყველაფერს აკეთებს კერძო სექტორი, იმპორტიორები, პროფესიონალი ადამიანები, კომპანიები, რომელთაც წლების განმალობაში გააჩნიათ სპეციალიზაცია საკვები თუ არასაკვები პროდუქტების იმპორტის, საბითუმო თუ საცალო ვაჭრობის კუთხით და შესაბამისად, ამ სავაჭრო ურთიერთობაში სახელმწიფო მონაწილე არ არის. თუმცა, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ჩვენ დავინახეთ სავაჭრო პროცესების პოლიტიზირება, შეფუთვა და მოსახლეობისთვის არასწორად მიტანა“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

რაც შეეხება ხორბლის იმპორტს, მინისტრის თქმით, ხორბალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სასურსათო უსაფრთხოების პროდუქტია და ქვეყანას მუდმივად აქვს მინიმუმ 2 თვის მარაგი. მისივე განცხადებით, საქართველოს ადგილმდებარეობა იმგვარია, რომ ძალიან ბევრ ალტერნატიული მომარაგების წყაროსთან გვაქვს წვდომა ლოგისტიკურად.

„საქართველო ყოველთვის მარაგდებოდა რუსეთთან ერთად რამდენიმე ქვეყნიდან: ეს არის უკრაინა და ყაზახეთი. თუ არ იქნება რუსული ხორბალი, დღეისთვის ყაზახეთი არის უპირობო ალტერნატივა. თუმცა, დღესდღეობით რუსეთიდან საქართველოში ხორბლის ექსპორტი არ არის აკრძალული. ამასთან, საქართველო პერიოდულად იღებს ამერიკულ ხორბალს, ასევე ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნიდან“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, რუსეთიდან გარკვეული სამრეწველო პროდუქტის ექსპორტი აიკრძალა და ეს ჩანაცვლდება ჩინური და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში წარმოებული პროდუქციით.

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …