“რესპუბლიკური” $1.8 მლნ-ს ახალი სამედიცინო ტექნიკით აღიჭურვა

რესპუბლიკურ საავადმყოფოს, 1.8 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების უახლესი სამედიცინო ტექნიკა გადაეცა.
სამედიცინო დანიშნულების მოწყობილობები კლინიკას იაპონიის მთავრობამ, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მეშვეობით გადასცა.
პროექტი მიზნად ისახავს კლინიკის დიაგნოსტიკური და სამკურნალო შესაძლებლობების გაძლიერებას, სათანადო ტექნიკური აღჭურვილობით და პერსონალის შესაბამისი გადამზადებით.
ღონისძიებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური, იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე-მინისტრი ტარო ჰონდა, იაპონიის საელჩოს და JICA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელები დაესწრნენ.
ზურაბ აზარაშვილმა იაპონიის მთავრობას მადლობა გადაუხადა იმ დახმარებისთვის, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სფეროს იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მეშვეობით გაეწია.
ეპიდვითარების გაუმჯობესების ფონზე, სამედიცინო ჰოლდინგში შემავალი რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელიც პანდემიის დროს იყო კოვიდკლინიკა, ჰიბრიდულ რეჟიმზე გადაწყობის ეტაპზეა. გადმოცემული ტექნიკის საშუალებით, რესპუბლიკური საავადმყოფო მნიშვნელოვნად გააფართოებს სერვისებს და მოქალაქეებს კიდევ უფრო ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას შესთავაზებს.
იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას 2021 წლის ივლისში მოეწერა ხელი. აკად. ნ. ყიფშიძის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მართვაში არსებული უმსხვილესი სახელმწიფო კლინიკაა.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …