Maersk-მა შუა დერეფნის სარკინიგზო მომსახურება დაიწყო, მატარებელი ფოთის საზღვაო ნავსადგურმა მიიღო

სატრანსპორტო სფეროში მომხმარებელთა საჭიროებების საპასუხოდ, Maersk-მა მომხმარებლებს ახალი სარკინიგზო-საზღვაო მომსახურება შესთავაზა, რომელიც აზიას და ევროპას ცენტრალური აზიის გავლით აკავშირებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, A.P. Moller – Maersk-ის ახალი სერვისის მიხედვით, მატარებელი ჩინეთის სხვადასხვა ლოკაციიდან ევროპას დაახლოებით 40 დღეში ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და რუმინეთის გავლით უკავშირდება.

„მომხმარებლების დღევანდელი საჭიროებებიდან გამომდინარე, ჩვენ მოვამზადეთ განახლებული სერვისი და ამით ხელს შევუწყობთ მიმდინარე ლოგისტიკური გამოწვევების შემსუბუქებას. შუა დერეფანი უზრუნველყოფს ალტერნატიულ და ეკოლოგიურ ინტერმოდალურ კავშირს აზიასა და ევროპას შორის. შუა დერეფნის სარკინიგზო მომსახურების 90%-ზე მეტი ელექტრიფიცირებულია,“ – განმარტავს მაერსკის Intercontinental Rail-ის გლობალური პროდუქტის მენეჯერი, მაია პარლაგაშვილი.

„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ ცნობით, ჩინეთსა და ყაზახეთს შორის მდებარე ხორგოსის საზღვრის გავლის შემდეგ კონტეინერები სარკინიგზო გზით გადაადგილდებიან აქტაუს სადგურამდე, სადაც ისინი სატვირთო გემზე იტვირთებიან ბაქოში, აზერბაიჯანში გასაგზავნად, იქიდან კი კონტეინერები სარკინიგზო ხაზით მოემართება საქართველოში, „ეიპიემ ტერმინალს ფოთში“, სადაც კონტეინერები იტვირთება გემებზე კონსტანცის, რუმინეთის მიმართულებით.

ამის შემდეგ, ტვირთი სარკინიგზო ხაზით ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მიემართება. „ძალიან მოხარულები ვართ, რომ „ეიპიემ ტერმინალს ფოთში“ Maersk-ის ჩინეთიდან ევროპაში მიმავალი პირველი ბლოკ მატარებლები მივიღეთ. ამ მარშრუტის დაარსება ხელს შეუწყობს ჩინეთისა და ევროპის დაკავშირებას სწრაფი, ეფექტური, საიმედო სერვისით, რაც თავის მხრივ ადასტურებს „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ მნიშვნელობას, როგორც შუა დერეფნის განვითარების ქვაკუთხედს,”- აცხადებს „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ კომერციული დირექტორი, იენ როულინსონი.

Maersk-მა აღნიშნული მარშრუტის განვითარება ჯერ კიდევ მარტში დაიწყო და უკვე აპრილში განახორციელა პირველი მარშრუტი ჩინეთიდან, რომელიც ძირითადად საავტომობილო და საყოფაცხოვრებო ინდუსტრიებს მოემსახურა.

„დერეფანს აქვს საკმარისი ტევადობა და ის მისცემს ჩვენს მომხმარებლებს საშუალებას იქონიონ საიმედო ალტერნატიული გადაზიდვის მარშრუტი მიწოდების ჯაჭვის გასაძლიერებლად”,- დასძენს მაია პარლაგაშვილი.

ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე: https://www.facebook.com/Maersk/videos/780743632881183

წყარო: IPM.ge

შემთხვევითი სიახლე

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა …