კვირის განმავლობაში განვითარებული მოვლენების შეჯამება გიორგი აბაშიშვილისგან

მედიაჰოლდინგ „კომერსანტის“ მმართველი პარტნიორი გიორგი აბაშიშვილი რადიო „კომერსანტზე“ თავის რუბრიკაში საქართველოსა და მსოფლიოში კვირის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს აჯამებს. მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის ორნიშნა მაჩვენებლის შენარჩუნება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ეს იყო მარტის მონაცემები. სხვა თანაბარ პირობებში საქართველოში განსაკუთრებული ტურბულენცია არ ყოფილა, რაც ნიშნავს იმას, რომ არ ყოფილა ნეგატიური მოლოდინები ეკონომიკურ სუბიექტებს შორის და ისინი აგრძელებდნენ თავიანთ საქმიანობას ისე, როგორც მათ ჰქონდათ დაგეგმილი.

“რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ყოფილიყო უფრო მაღალი, მაგრამ ის რომ ვითარება მეტნაკლებად შენარჩუნდა, იმ კუთხით რომ სტიმულები არ გამქრალა ეკონომიკური აქტივობის მიმართულებით, ეს კარგია და ნიშნავს, რომ ადამიანებს რწმენა პოზიტიური განვითარების მიმართულებით ჰქონდათ“, – განმარტავს გიორგი აბაშიშვილი.

“ეკონომიკური ზრდის პოზიტიური მოლოდინები განპირობებული იყო თანდათან უფრო მეტად დაჯერებით ომში უკრაინის წარმატების და საერთაშორისო თანამეგობრობის სწორი მობილიზებით“, – განმარტავს გიორგი აბაშიშვილი.

მისივე თქმით, ის ბიზნეს სუბიექტები, რომლებსაც უკრაინასთან აქვთ ბიზნეს ურთიერთობები, უკრაინის მიმართულებით ეკონომიკის აღდგენის პროცესში ისინი საკუთარ ცვლილებებს ელოდებიან. საქართველოში არც ერთ ადგილობრივ თუ უცხოელ მოქმედ ინვესტორს თუ ბიზნესმენსს არ გასჩენია კაპიტალის სადმე გატანის სურვილი, რაც ნიშნავს, რომ ისინი შესაძლებლობას ამ ქვეყანაში ხედავენ.

“ცუდ აპრილს არ ველოდები იმ ფაქტორთა ხარჯზე, რომ ერთის მხრივ ომი არ სრულდება, მაგრამ მეორეს მხრივ რწმენა და მოლოდინები არის პოზიტიური და ეკონომიკაში მოლოდინებს დიდი მნიშვნელობა აქვს.

დღეს ომის პარარელურ რეჟიმში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები საუბრობენ, რომ უკრაინის აღდგენა უნდა დაიწყოს და უკრაინაში EBRD იწყებს ბიზნესის ხელშეწყობას, სავაჭრო ურთიერთობების სტიმულირებას, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი მუდმივად აფინანსებენ სხვადასხვა ტიპის პაკეტებს, როგორც მიმდინარე მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, ისე აღდგენის მიმართულებით, ფაქტია, რომ უკვე განვითარებაზე ფიქრობენ“, – განმარტავს გიორგი აბაშიშვილი.

“ჩვენი მთავარი რისკი და მთავარი დარტყმა იქნება ის ბიზნესები, რომლებსაც რუსეთთან აქვთ კონტაქტი და მათი შემოსავლის წყარო არის რუსული შემოსავლები. გამომდინარე იმ რეალობიდან, რომ რუსეთიდან შემოსავლის მიღება დღითიდღე უფრო გართულდება.

ბორჯომის დღევანდელი განცხადება მოსალოდნელი იყო და ყველამ უნდა იცოდეს, რომ რუსულ ბიზნესთან კავშირი ისეთივე არასტაბილურია როგორც დღევანდელი მოვლენა, რუსეთი ცუდი და სახიფათო პარტნიორია“, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

“საქართველოს მთავრობის ადგილზე ახლა და ამ ვითარებაში განსაკუთრებით უფრო აქტიური ვიქნებოდი ქვეყნის შიგნით ბიზნესთან კომუნიკაციის ნაწილში და ბიზნესის ხელშეწყობის ნაწილში, რომ ახლა უფრო მეტად იმოძრაონ დასავლეთის მიმართულებით. მესმის რომ რთულია, მაგრამ ეს სირთულეც გამოწვევაა“, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

მისი თქმით, საგადასახადო სისტემა ერთგვარად მოძველდა და გადატვირთვა სჭირდება, მას სჭირდება სიახლეების შემოტანა, რომელიც იქნება საქართველოს შიგნით ბიზნესის კეთების, რეინვესტირების და კონკრეტული მიმართულებით ახალი ინვესტორების მოძიების შესაძლებლობა. აბაშიშვილის აზრით, საქართველო საგადასახადო ლიბერალიზაციისკენ უნდა წავიდეს და ამის პარალელურად უნდა მიიღოს სახელმწიფო ხარჯების მაქსიმალურად დაკორექტირების მტკივნეული გადაწყვეტილება.

“ახლა, როდესაც ჩვენ არ ვართ საარჩევნო პერიოდში, შეგვიძლია უფრო ფართო რეფორმები გავატაროთ, უფრო მიმზიდველი გავხადოთ ბიზნეს გარემო და აქ თითოეულ დღეს აქვს მნიშვნელობა, ასე რომ კარგი იქნება ამ ვითარების რეფორმებისთვის გამოყენება”, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

“ზოგადად, მე ნებისმიერ ნაციონალიზაციას ვუყურებ რთულად, ეს ის უკიდურესი გადაწყვეტა უნდა იყოს, რომელიც ბოლო წერტილი შეიძლება იყოს უსაფრთხოების მიმართულებით, ამ წუთას ბორჯომში ამ უსაფრთხოების ნაწილის თემას ვერ ვხედავ, უნდა ვიფიქროთ ხოლმე პრივატიზებამდე, ვინ ყიდულობს ამას, ისევე როგორც იმ ნაწილში რამდენად მტრულ სახელმწიფოსთან კავშირში მყოფებთან უნდა გვქონდეს მეტი ურთიერთობა, ეს ერთი მხარეა. მეორე ალბათ გაცილებით უფრო საინტერესო იქნებოდა – ამ კუთხით მე ძალიან მომწონს ეროვნული ბანკის ოპერატიული მოქმედება VTB-ის მიმართულებით, ლიბერთის და ბაზისბანკს უმტკივნეულოდ შეუერთდა VTB ბანკი”, – განმარტა გიორგი აბაშიშვილმა.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …