ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა I კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 33.2%-ით გაიზარდა

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2022 წლის I კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 33.2 პროცენტით გაიზარდა და 38.6 მილიარდი ლარი შეადგინა. ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2022 წლის I კვარტალში მისი მოცულობა 14.1 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 37.0 პროცენტით მეტია:

2022 წლის I კვარტალში მთლიანი ბრუნვის 66.4 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 15.1 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 18.5 პროცენტი – მცირე ბიზნესზე. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 49.1 პროცენტი, საშუალოზე – 23.4 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე – 27.5 პროცენტი.
საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2022 წლის I კვარტალში 22.1 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 38.6 პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა – 14.2 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 35.9 პროცენტით მეტი) შეადგინა. 2022 წლის I კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 673.6 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 8.2 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 42.8 პროცენტი ქალია, ხოლო 57.2 პროცენტი – კაცი.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 42.6 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 20.5 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 37.0 პროცენტი – მცირე ბიზნესზე. საანგარიშო პერიოდში, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 637.1 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.7 პროცენტით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე – 2 889.9 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 25.7 პროცენტით მეტი). 2022 წლის I კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 479.7 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 196.2 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა 1 186.8 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 168.2 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: ⦁ მსხვილი ბიზნესი – 1 566.5 ლარი ⦁ საშუალო ბიზნესი – 1 776.5 ლარი ⦁ მცირე ბიზნესი – 1 170.9 ლარი.
2022 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი – 36.6 პროცენტი მოდის ვაჭრობა (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) დარგზე, მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 30.4 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა – 10.6 პროცენტიანი წილით, მშენებლობა – 5.0 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება – 4.9 პროცენტიანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება – 4.3 პროცენტიანი წილით, ხოლო დარჩენილი 8.3 პროცენტი კი სხვა დარგებზე ნაწილდება.
2022 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (24.9 პროცენტი) და ვაჭრობა (17.6 პროცენტი), შემდეგ მოდის მშენებლობა (14.6 პროცენტი) და ტრანსპორტი და დასაწყობება (9.5 პროცენტი), ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 33.4 პროცენტიანი წილი უჭირავს.
2022 წლის I კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები ლიდერობენ შესაბამისად, 27.6 პროცენტი, 13.0 პროცენტი და 10.9 პროცენტიანი წილებით. სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის აგრეთვე მშენებლობის (8.4 პროცენტი), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.2 პროცენტი), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების (4.7 პროცენტი) და ინფორმაცია და კომუნიკაციის (4.6 პროცენტი) დარგის საწარმოებზეც.

შემთხვევითი სიახლე

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა …