ფოტო: Philipp Chistyakov

თბილისის საშუალო და დიდ სასტუმროებზე მოთხოვნა მცირედით გაიზარდა –  Galt & Taggart

2022 წლის აპრილში საქართველოს 214,644 ვიზიტორი ეწვია, რაც 160.1%- იანი წლიური ზრდაა და 2019 წლის დონის 39.0%-ია. როგორც Galt & Taggart-ის მიერ გავრცელებულ ანალიტიკურ მასალაშია აღნიშნული, ეს ზრდა ძირითადად განპირობებული იყო ტურისტების ზრდით, რომელმაც 2019 წლის დონის 52.3% შეადგინა (წინა თვეში – 48.5%). ერთდღიანი ვიზიტები კვლავ დაბალ ნიშნულზე იყო და 2019 წლის დონის მხოლოდ 16.0% შეადგინა, მეზობელი ქვეყნების საზღვრის კვეთის მკაცრი რეგულაციების გამო.

• აღსანიშნავია, რომ ტურისტული ვიზიტები მოიცავს იმ პირებს, რომლებიც საქართველოს ტოვებენ საანგარიშო თვეში და არ მოიცავს მიგრანტებს, რომლებიც საქართველოში რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ჩამოვიდნენ. აპრილში ვიზიტორების რაოდენობით ლიდერობდა თურქეთი (ჯამური რაოდენობის 16.8%), შემდეგ მოდის რუსეთი (15.6%) და სომხეთი (15.0%). აღსანიშნავია, რომ ისრაელიდან, ყაზახეთიდან, ბელარუსიდან და უზბეკეთიდან ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობამ 2019 წლის დონეს გადააჭარბა.
აპრილში ტურიზმის შემოსავალმა 188.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 3.8-ჯერ აღემატება წინა წლის მაჩვენებელს და 2019 წლის დონის 70.6%- ია (წინა თვეში – 71.3%).
 • აღსანიშნავია, რომ ტურისტული შემოსავლების ეს მაჩვენებელი ასევე მოიცავს მიგრანტების (რუსეთიდან, ბელარუსიდან, უკრაინიდან) დანახარჯებს, რომლებიც საქართველოში რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ჩამოვიდნენ. ჩვენი ვარაუდით, საქართველოში 80,000-120,000 ვიზიტორი ჩამოვიდა რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან იმაზე ხანგრძლივი ვადით, ვიდრე ტურისტები. მიგრანტების შემოდინების ეფექტი ყველაზე შესამჩნევი იყო უძრავი ქონების ბაზარზე – ქირის ფასები თბილისში წინა წელთან შედარებით 71.6%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით 21.7%-ით გაიზარდა 2022 წლის აპრილში. აღსანიშნავია, რომ მიგრანტების ნაკადის გამო ეს 2 სტატისტიკა – ვიზიტორები და შემოსავლები – ამჟამად განსხვავებულ ტენდენციებს ასახავს. • ტურიზმის შემოსავლების 19.3% მოდიოდა რუსეთზე 2022 წლის აპრილში, შემდეგ მოდის ბელარუსი (ჯამურის 14.9%), ისრაელი (11.1%), ევროკავშირი (11.0%) და უკრაინა (10.3%).
 • საბაზისო სცენარით, 2022 წელს ტურიზმის შემოსავლების 75%-იან აღდგენას ვპროგნოზირებთ 2019 წელთან შედარებით, თუმცა მიგრანტების ეფექტის
 გათვალისწინებით, უფრო სწრაფი აღდგენის (85%) ალბათობა გაზრდილია.
2022 წლის პირველ ოთხ თვეში საქართველოს 0.7 მლნ ვიზიტორი ეწვია (+244.1% წ/წ, 2019 წლის დონის 38.9%) და შემოსავალმა 582.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (+463.1% წ/წ, 2019 წლის დონის 68.9%): • წამყვანი ბაზრებიდან ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი თურქეთმა შეიტანა 2022 წლის ოთხ თვეში, რასაც მოსდევს რუსეთი და სომხეთი. არამეზობელი ქვეყნებიდან 2019 წელთან შედარებით შესამჩნევი აღდგენა დაფიქსირდა ისრაელიდან (+14.5% 2019-თან შედარებით), ყაზახეთიდან (+22.5%), საუდის არაბეთიდან (+62.3%), ბელარუსიდან (+123.6%) და უზბეკეთიდან (+95.9%).
• ტურიზმიდან შემოსავალმა შეადგინა 582.3 მილიონი აშშ დოლარი 2022 წლის ოთხ თვეში, რაც 2019 წლის დონის 68.9%-ია. ყველაზე მეტი შემოსავალი დაგენერირდა რუსეთიდან (ჯამურის 17.9%), რასაც მოჰყვება ბელარუსი (11.3%), ევროკავშირის ქვეყნები (11.2%), უკრაინა (9.9%), ისრაელი (9.6%) და თურქეთი (9.6%).
მიგრანტების ეფექტი კარგად გამოიკვეთა Airbnb-ის მოთხოვნის მატებაზე 2022 წლის მარტში, რადგან მიგრანტებმა დაჯავშნეს Airbnb აპარტამენტები ჩამოსვლისას, სანამ იპოვნიდნენ ქირაობის გრძელვადიან ვარიანტებს:
• Airbnb-ზე მოთხოვნის აღდგენა შენელდა 2022 წლის აპრილში (2019 წლის დონის 62.0%) მარტთან შედარებით (2019 წლის დონის 91.1%), რაც განპირობებულია Airbnb-ზე დადებული ბინების რაოდენობის შემცირებით და გრძელვადიან გაქირავებაზე გადასვლით – აპრილში Airbnb-ზე დადებული ბინების რაოდენობა, წინა თვესთან შედარებით, 10.2%-ით შემცირდა.
• ბინების მფლობელების მიერ გრძელვადიანი გაქირავების პრეფერენციას ასევე მოწმობს ეროვნული ბანკის უძრავი ქონების ქირის ინდექსი, რომელიც 2022 წლის აპრილში წლიურად 71.6%-ით გაიზარდა (+21.7% 2019 წლის აპრილთან შედარებით), რაც ასახავს ბინების იჯარაზე დიდ მოთხოვნას.
ცხადია სასტუმროებმა სარგებელი ტურიზმის აღდგენის ხარჯზე მიიღეს.
• თბილისის საშუალო და დიდ სასტუმროებზე მოთხოვნა მცირედით გაიზარდა – პოს ტერმინალებით გადახდები თბილისის საშუალო და დიდ სასტუმროებში აღდგა 2019 წლის დონის 65.7%-მდე ან 114.3%-ით წ/წ 2022 წლის აპრილში. თბილისში Airbnb-სა და სასტუმროების ბაზრების აღდგენის განსხვავებული დინამიკა აიხსნება მიგრანტებისა და ტურისტების განსხვავებული მოთხოვნებით. მიგრანტები იმაზე დიდი ხნით დარჩენას აპირებენ, ვიდრე ტურისტები. ამიტომ, ისინი სასტუმროებთან შედარებით უფრო იაფიან ვარიანტებს ეძებენ და ზოგჯერ გრძელვადიანი ქირავნობის ხელშეკრულების დადებას ირჩევენ Airbnb-ის გამქირავებლებთან.
• აპრილში სასტუმროს შემოსავლების აღდგენა აჭარაში საკმაოდ კარგი იყო (პოს ტერმინალებით გადახდები აჭარის საშუალო და დიდ სასტუმროებში აღდგა 2019 წლის დონის 132.3%-მდე ან 115.6%-ით წ/წ 2022 წლის აპრილში), რაც აიხსნება ტურისტული ნაკადების აღდგენით, რადგან სეზონური მოთხოვნა აჭარაში ჩვეულებრივ დაჩქარებას იწყებს აპრილ-მაისის პერიოდში.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …