ევროკავშირის ქვეყნებთან ქართული კომპანიებისთვის გადაზიდვების კვოტის ზრდაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ლევან გამყრელიძე საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვის სექტორში მომუშავე კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა და დარგში არსებული ვითარებაზე, გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე ესაუბრა. შეხვედრის ორგანიზებაში მონაწილეობდა საქართველოს სართაშორისო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაცია.

ლევან გამყრელიძემ ყურადღება გაამახვილა ორმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმებებზე “საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“, რომლებიც გაფორმებულია 34 პარტნიორ ქვეყანასთან. ასევე აქცენტი გაკეთდა ECMT (ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენცია / საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმი) მრავალმხრივი ნებართვის გაცემის წესზე, რომელიც უფლებას აძლევს ნებართვის მფლობელს, განახორციელოს საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვები 44 წევრ ქვეყანაში.

„საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა და მასზე ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფანი გადის. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში რეგისტრირებულმა კომპანიებმა, რომლებიც სახმელეთო სატრანსპორტო გადაზიდვების სექტორში საქმიანობენ, შეძლონ ევროკავშირის ბაზარზე დამკვიდრება. ჩვენ აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ევროკავშირის ქვეყნებთან, რათა გაიზარდოს გადაზიდვების კვოტა ქართული კომპანიებისთვის. ჩვენ დარგში მომუშავე კერძო სექტორს გავუზიარეთ სახელმწიფოს მიდგომა ბევრი მიმართულებით, მათ შორის, გავაცანით დაგეგმილი ღონისძიებები და შევაჯერეთ პოზიციები. ვისაუბრეთ დარგში არსებულ გამოწვევებსა და უსაფრთხოების საკითხებზე,“ – განაცხადა ლევან გამყრელიძემ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში განხორციელდა საკადრო რეორგანიზაცია და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით დაემატა შტატები, გაიმიჯნა ნებართვის მიღებაზე, დამზადებასა და გაცემაზე პასუხისმგებელი პირები. გარდა ამისა, განახლდა სამინისტროს ვებგვერდი, ხოლო მომხმარებელთა რიგების შემცირებისა და დროის დაზოგვის მიზნით ამოქმედდა ცხელი ხაზის სერვისი. ასევე გაიხსნა ახალი ოფისი თბილისში, რომელიც სრულადაა აღჭურვილი ახალი ტექნოლოგიებით, აგრეთვე იგეგმება ფილიალის დამატება ქუთაისშიც.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ეფექტურ და საქმიან კომუნიკაციას სააგენტოს ადმინისტრაციასა და საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვის დარგში მომუშავე კერძო სექტორს შორის. აღინიშნა, რომ კომუნიკაცია სააგენტოს ადმინისტრაციასა და საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვის სექტორში მოღვაწე კერძო სექტორს შორის გაგრძელდება.

საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავი კომპანიების ხელმძღვანელებთან შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ სააგენტოს პირველი მოადგილე ნიკოლოზ გვენეტაძე და საქართველოს სართაშორისო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაციის ხელმძღვანელი გია წიფურია.

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …