ევროკავშირი და FAO, უკეთესი მოსავლისა და უკეთესი გარემოსთვის, ფერმერებს კონსერვაციულ სოფლის მეურნეობას აცნობენ

ევროკავშირისა და FAO-ს ორგანიზებით, ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, კონსერვაციული სოფლის მეურნეობის შესახებ ორდღიანი სწავლება ჩატარდა. სემინარს დაესწრნენ გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ფერმერები, რომლებსაც სურთ, გარემოსთან მეგობრული და ხარჯის დამზოგველი მეთოდებით საკუთარი წარმოება გააუმჯობესონ.
FAO-ს საერთაშორისო აგრონომმა კონსერვაციული სოფლის მეურნეობის პრინციპებზე, პრაქტიკებსა და სარგებელზე ისაუბრა, რაც მიწის დეგრადაციის თავიდან აცილებისა და ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნების საწინდარია. ნიადაგის მინიმალური დამუშავება დრადიციული, ღრმა ხვნის საპირისპიროდ, მნიშვნელოვნად ზოგავს წარმოების ხარჯებსა და დროს.
„გამოთვლებმა აჩვენა, რომ ის ფერმერები, რომლებიც ხორბლის თესვისას კონსერვაციული სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ მეთოდს, მიწის ნულოვან დამუშავებას იყენებენ, 400-450 ლარის დანაზოგს აკეთებენ, რომელიც მოიცავს ჰექტარზე 30-40 ლიტრი საწვავის და 80-120 კილოგრამი სათესლე მასალის ეკონომიას. გარდა ამისა, ფერმერს ეტაპობრივად შეუძლია პესტიციდების, ჰერბიციდების და მინერალური სასუქების გამოყენების შემცირებაც“, – განაცხადა ჰაფიზ მუმინჯანოვმა, რომელიც სემინარს უძღვებოდა.
სამი წლის წინ, FAO-ს აგრონომებმა კახეთში მიწის ნულოვანი დამუშავებით თესვის პირველი დემონსტრირება მოახდინეს. მოსავლის გაუმჯობესებული რაოდენობისა და ხარისხის შედეგად, იგივე მეთოდის გამოყენება შიდა ქართველის ფერმერებმაც მოისურვეს. ევროკავშირმა და FAO-მ მხარი დაუჭირეს ფერმერების ინიციატივას და საჭირო მექანიზაციითა და ექსპერტული ცონდით უზრუნველყვეს. შედეგად, გასულ წელს 250 ჰექტარზე, ხოლო წელს 315 ჰექტარზე მეტ ფართობზე დაითესა ხორბალი და ქერი, ნიადაგის ნულოვანი დამუშავების მეთოდით. ფერმერებმა, რომლებიც ამ მეთოდზე გადაერთნენ, მთლიანი ხარჯი 37 %-ით შეამცირეს. ამ მეთოდით ასევე მნიშვნელოვნად იზოგება შრომა, მიწა დაცულია ეროზიისგან, ნიადაგი დატენიანებული და მინერალებით მდიდარი რჩება, რაც ამცირებს საქართველოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გვალვების ნეგატიურ შედეგს.
„FAO-ს და ევროკავშირის მიერ, ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი მეთოდი – მიწის ნულოვანი დამუშავებით თესვა, მარცვლეულის მწარმოებელ ფერმერებს საშუალებას აძლევს დაზოგონ ფული და მიიღონ უკეთესი მოსავალი. ეს მეთოდი შესაძლოა დამკვიდრდეს და სასოფლო-სამეურნეო წარმოების ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად იქცეს საქართველოში. ჩვენის მხრივ, მხარს დავუჭერთ დაინტერესებულ ფერმერებს მომავალ წლებშიც“, – განაცხადა ხავიერ სანს ალვარესმა, FAO-ევროკავშირის პროექტის კოორდინატორმა.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი საერთო ბიუჯეტი 234.5 მილიონი ევროა. მისი მიზანია სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება და საქართველოში სიღარიბის შემცირება.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …