ECBC – საქართველოში მოქმედი იპოთეკური ობლიგაციების მარეგულირებელი ჩარჩო სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის კანონმდებლობასთან

ევროპული იპოთეკური ობლიგაციების საბჭოს (European Covered Bond Council, ECBC) ყოველწლიურმა საერთაშორისო გამოცემამ, რომელიც იპოთეკური ობლიგაციების ბაზრის აქტუალურ საკითხებს მიმოიხილავს, საქართველოში მოქმედი იპოთეკური ობლიგაციების მარეგულირებელი ჩარჩოს შესახებ სტატია გამოაქვეყნა.

პუბლიკაციაში, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ექსპერტების ჩართულობით მომზადდა, პოზიტიურადაა მიმოხილული საქართველოს პარლამენტის მიერ 2022 წელს მიღებული კანონი “იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ”, ასევე, მის საფუძველზე ეროვნული ბანკის მიერ 2023 წელს დამტკიცებული “იპოთეკით დაცული ობლიგაციების მარეგულირებელი წესი”. გამოცემაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ საქართველოში მოქმედი იპოთეკური ობლიგაციების მარეგულირებელი ჩარჩო სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ნიშანდობლივია, რომ სტატია ყოველწლიურად გადაიხედება და განახლებული სახით მომდევნო წლის  გამოცემებშიც  გამოქვეყნდება.

საერთაშორისო გამოცემის პრეზენტაცია გერმანიაში, ქალაქ მიუნხენში, მიმდინარე წლის სექტემბერში გამართულ იპოთეკური ობლიგაციებისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ გლობალურ კონფერენციაზე (Euromoney/ECBC Covered Bond Congress) შედგა. ორგანიზატორთა მიწვევით ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებიც. ღონისძიების ფარგლებში ქართველმა სპეციალისტებმა ხაზი გაუსვეს იპოთეკური ობლიგაციის არა მხოლოდ როგორც საინვესტიციო პროდუქტის მნიშვნელობას, არამედ ყურადღება გაამახვილეს იპოთეკურ ობლიგაციაზე როგორც საბანკო სისტემაში რისკების მართვის ერთ-ერთ ინსტრუმენტზე, მათ შორის, იპოთეკური ობლიგაციის საშუალებით საბანკო სესხების დაფინანსებაში გრძელვადიანი ვალდებულების საფუძველზე მოზიდული სახსრების წილის ზრდის პოტენციალზე.

იპოთეკური ობლიგაციების დანერგვის მიმართულებით ეროვნული ბანკის მიერ გაწეული ძალისხმევის აღიარებას ის ფაქტიც მოწმობს, რომ ეროვნული ბანკი გერმანიის იპოთეკური ობლიგაციების ემიტენტი კომერციული ბანკების ასოციაციის (Verband deutscher Pfandbriefbanken – vdp) მიერ ორგანიზებულ იპოთეკური ობლიგაციების ევროპელ ზედამხედველთა სამუშაო ჯგუფში მიიწვიეს. ჯგუფის მორიგი შეხვედრა, რომელშიც სხვადასხვა ევროპული სახელმწიფოს საზედამხედველო ორგანოსთან ერთად ეროვნული ბანკიც იყო წარმოდგენილი, ავსტრიაში, ქალაქ გრაცში, მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს გაიმართა და მასზე იპოთეკური ობლიგაციების რეგულირებისა და ზედამხედველობის აქტუალური საკითხები განიხილეს. სებ-ის წარმომადგენლებმა გრაცში გამართულ ცენტრალური ევროპის იპოთეკური ობლიგაციებისადმი მიძღვნილ კონფერენციაშიც მიიღეს მონაწილეობა. პანელურ ფორმატში ქართველმა სპეციალისტებმა დამსწრე საზოგადოებას იპოთეკური ობლიგაციების ჩარჩოს შემუშავებასთან დაკავშირებული ქართული გამოცდილება გაუზიარეს.

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …