არა პარკებს

თბილისი (BPI-UG) – მსოფლიოს გლობალური განვითარების ფონზე, ტექნოლოგიურმა პროგრესმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 21-ე საუკუნის განვითარებაზე, რასაც საზოგადოების მხრიდან, ახალი მოთხოვნებები მოჰყვა.

გამარტივებული ცხოვრების ხარისხიდან გამომდინარე, სხვადასხვა ტექნოლოგიის წყალობით, ვაწარმოებთ მასალებს, რომლებიც უძლებენ მაღალ ტემპერატურას, მტკიცეა და ამავე დროს – მარტივად გამოსაყენებელი.
მაგალითად, პოლიეთილენის ჩანთები, სინთეტიკური ნივთები, პოლიმერული ბოთლები – ეს იმ მცირე ნივთთა ჩამონათვალია, რომელიც ჩვენს ცხოვრებას მოსახერხებელს ხდის.

თუმცა, საზოგადოების უმეტეს ნაწილს ავიწყდება, რომ ეს მოწინავე პროდუქტები/მასალები, ბუნებაში მარტივად არ იშლება და წლების განმავლობაში ნიადაგში რჩება. როდესაც თითოეულ მათგანი ხვდება  ნაგვის ურნაში, წყალსა თუ ჰაერში,  კლიმატი და ნიადაგი ვერ უზრუნველყოფს მათ დაშლას მცირე ნაწილაკებად.

სწორედ ამისათვის, მნიშვნელოვანია ბიოდეგრადირებადი პარკებისა თუ მასალების არსებობა, რათა გარემოს დაბინძურების მაჩვენებელი მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.

ბიოდეგრადაციის ერთ-ერთი ტიპი ბიოდესტრუქციაა, რომელიც ცვლის მასალის მექანიკურ, ფიზიკურსა და ქიმიურ თვისებებს. ეს პროცესი მიმდინარეობს მაშინ, როდესაც მასალა ხვდება გარემოში და ხდება მისი დაშლა მატერიალური სტრუქტურიდან გამომდინარე.

2018 წლის 1-ელ ოქტომბერს, ძალაში შევიდა პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესი, შესაბამისად, 1-ელი ოქტომბრის შემდეგ, საქართველოში 15 მიკრონზე ნაკლები სისქის ცელოფნის პარკების გამოყენება აიკრძალება. მათ ბიოდეგრადირებადი, ქაღალდის პარკები და  მრავალჯერადი გამოყენების  ჩანთები ჩაანაცვლებს.

რა არის ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკები?

ეს არის მთლიანად ან ნაწილობრივ ბიოლოგიური, განახლებადი ნედლეულის საფუძველზე წარმოებული, ბიოდეგრადაციასა და კომპოსტირებას დაქვემდებარებული პარკი, რომელიც გარემოში დაშლას 3-6 თვის მერე სრულად იწყებს და ამასთანავე, არ გამოყოფს ნიადაგში მავნე ნივთიერებებს.
პოლიეთილენით გარემოს დაბინძურების პრობლემა აქტუალურია მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის – საქართველოსთვისაც, სადაც ყოველწლლიურად ერთი  მოქალაქე 525 პოლიეთილენის პარკს მოიხმარს, რაც ევროპის ქვეყნებთან შედარებით მაღალი მაჩვენებელია.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით გვესაუბრება ჟურნალისტი ცირა გვასალიას.

– რატომ არის მნიშვნელოვანი პოლიეთილენის პარკების ჩანაცვლება ბიოდეგრადირებადი პარკებით?

– როგორც ვიცით, დედამიწისათვის დიდი პრობლემაა პლასტიკის სხვადასხვა ნაწარმის არსებობა. ეს გამოწვეულია იმ ფაქტორით, რომ 15 მიკრონზე ნაკლები პარკი ასწლეულების შემდეგ რთულად გადამუშავდება ნიადაგში, რისი ძირითადი მიზეზი ხელოვნური პოლიმერია. გარდა ამისა, ეს ნარჩენები გროვდება ოკეანეებში, რაც საბოლოოდ საფრთხეს უქმნის  წყალში მცხოვრებ სახეობებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კაცობრიობამ მოიფიქრა გამოსავალი, რომელიც ბიოდეგრადირებადი პარკების არსებობას გულისხმობს საიმისდ, რათა მოხდეს პოლიეთილენისაგან წარმოებული პარკებისა თუ ბოთლების შემცირება.

– როგორ აისახება პოლიეთილენის არსებობა ადამიანის ჯანმრთელობაზე?

– პოლიეთილენის წვის შედეგად, გამოიყოფა დიდი რაოდენობით სათბურის ეფექტის მქონე გაზები, რომლებიც ათბობს დედამიწას. ერთ-ერთი მათგანი დიოქსინია, რომელიც არის სინთეზური ტოკსინი და იწვევს იმუნოდეფიციტის განვითარებას. ასევე მეორე გაზი -სტერინი, რომელიც მარტივად  შთაინთქმება კანიდან და ფილტვებიდან. გარდა ამისა, შეიძლება  გამოიწვიოს თვალის წვა.  წვის დროს კი ის მასა , რომელიც პლასტიკის წვის შედეგად მიიღება, არ ქრება და ნიადაგზე რჩება მრავალი წლის განმავლობაში.

– რა გზა არსებობს გარემოსათვის მიყენებული ზიანის შესამცირებლად?

– ერთ-ერთი გზა –  ინსინერაციაა, რომლის დროსაც ხდება ამ პლასტიკის სპეციალურ ღუმელში წვა. რის საფუძველზეც, არ ხდება ამ აირისა და სტერინის გარემოში გამოყოფა. ჩვენი ქვეყნის ინიციატივა იმასთან დაკავშირებით, რომ ბიოდეგრადირებად პარკებზე გადავიდეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, მაგრამ რთულია ამის პრაქტიკულად განხორციელება, რადგან სახელმწიფოს არ აქვს ფუფუნება, რომ სტანდარტების შესაბამისად გააკონტროლოს მწარმოებლები და იმპორტიორები.

აღსანიშნავია ის, რომ კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ, გარემოს დაცვის სამინისტრო პლასტიკის პარკების შემცირების მიზნით, ნორმატიული აქტის პროექტზე აქტიურად მუშაობს.

აღნიშნული პროექტი გულისხმობს იმას, რომ ეტაპობრივად მოხდეს პლასტიკური პარკების აკრძალვა. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ამასთან დაკავშირებით მთელი რიგი რეგულაციები არსებობს.

2015 წელს ევროკავშირმა მიიღო დირექტივა, რომელიც კრძალავს 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოებას. აღნიშნული დირექტივის შესაბამისად, წევრი ქვეყნები ვალდებულნი არიან, პარკების ყოველწლიური მოხმარების რაოდენობა 90-მდე შეამცირონ. საქართველოს ამ მხრივ დიდი შრომის გაწევა მოუწევს, რადგან ქვეყანაში ერთი  მოქალაქე საშუალოდ 525 პოლიეთილენის პარკს მოიხმარს ყოველწლიურად.

საქართველოში ერთ-ერთ გარემოსდაცვითი პრობლემაა გარემოს დაბინძურება ნარჩენებითა და ქიმიური ნივთიერებებით. პრობლემა კომპლექსურია და მოიცავს გარემოს დაბინძურებას საყოფაცხოვრებო ნარჩენებით, მოუწესრიგებელ ნაგავსაყრელებსა და ასევე სახიფათო და აკუმულირებული ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს.

სწორედ ამისთვის ცალკეულ კანონად გამოიცა „ ნარჩენების მართვის კოდექსი“, რომლის მიზანია ისეთი სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება, რომელიც ხელს შუწყობს ნარჩენების პრევენციასა და მათი ხელახალი გამოყენების ზრდას, ასევე ნარჩენების გარემოსთვის უსაფრთხო გზით დამუშავებას.

საქართველოში მრავლად შეხვდებით გარემოში მიმოფანტულ პარკებს და არც ტბებზე, მდინარეებსა და ზღვებზე გაგიჭირდებათ მათი პოვნა. პოლიეთილენი პირდაპირ უქმნის საფრთხეს წყალს, ჰაერს, ნიადაგს, ფლორასა და ფაუნას.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ 2050 წლისათვის, ოკეანეებში იმაზე მეტი პოლიეთილენის ნარჩენი იქნება, ვიდრე თევზი. კვლევის მიხედვით,  ნარჩენების 32% სანაგვიდან ეკოსისტემაში ხვდება.

პოლიეთილენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში ბიოდეგრადირებადი პარკების ჩანაცვლებით გამოაცხადეს, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია ნარჩენებისაგან ოკეანის გადარჩენას ერთობლივი აქტივობით ცდილობს.
ყოველწლიურად ოკეანეებში დაახლოებით 5 ტრილიონი პლასტიკური ნარჩენი ხვდება, რის გამოც აქტიურად მიმდინარეობს კამპანია the ocean clean up, რომლის დახმარებითაც, სხვადასხვა ტექნოლოგიური მოწყობილობით ხდება ოკეანეში ნარჩენების შეგროვება, გადახარისხება და გადამუშავება.

რაც შეეხება ბიოდეგრადირებად პარკებს, აღნიშნული კანონი „ტექნიკური რეგლამენტის – პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“, ეხება იმ პირებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე აწარმოებენ პლასტიკისა და ოქსოდეგრადირებადი პარკების, ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების წარმოებას, იმპორტს ან რეალიზაციას.

რეგლამენტის დარღვევა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად,  კანონით დასჯადი ხდება. დარღვევის შემთხვევაში პირი დაჯარიმდება 500 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში – 1000 ლარით.

პოლიეთილენის რეგულაციების მეორე ეტაპი 2019 წლის 1-ელი აპრილის შემდეგ იწყება და ნებისმიერი სისქის პლასტიკის ნაწარმის წარმოება და მიმოქცევა მთლიანად აიკრძალება.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …