მედიაჰოლდინგ „კომერსანტის“ მმართველი პარტნიორი გიორგი აბაშიშვილი რადიო „კომერსანტზე“ თავის რუბრიკაში – „ბიზნეს ინსაიდერის ბრიფინგი“ მსოფლიო ეკონომიკის მნიშვნელოვან ამბებს მოგვითხრობს.
FT – უკრაინის ფინანსთა მინისტრმა პარტნიორებს ათობით მილიარდი დოლარის ფინანსური მხარდაჭერის მოთხოვნით მიმართა რუსეთის შემოჭრით გამოწვეული ფისკალური დეფიციტის შესამცირებლად. მთავრობის ხარჯებმა 2,7 მილიარდი დოლარით გადააჭარბა შემოსავლებს მარტში და უკრაინა ომის გამო აპრილსა და მაისში ელოდება, რომ დეფიციტი გაიზრდება თვეში 5-7 მილიარდ დოლარამდე. ”ჩვენ ვართ დიდი სტრესის ქვეშ, ყველაზე ცუდ ფინანსურ მდგომარეობაში”, – თქვა სერგი მარჩენკომ Financial Times-თან ინტერვიუში. ახლა ჩვენი ქვეყნის გადარჩენის საკითხია.
ნავთობის ფასი $100-ს ჩამოსცდა, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია მარტის შუა პერიოდის შემდეგ.
ბიზნეს ინსაიდერი კი აღნიშნავს, რომ რუსეთის ნავთობის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა და რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე პერიოდს გადააჭარბა, თუმცა გართულებული მარშრუტების გამო, ხანგრძლივი პერიოდი სჭირდება ნედლეულს, რომ მომხმარებლამდე მიაღწიოს.
FT-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ორშაბათს ინდოეთის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვები ქვეყნის პრემიერ–მინისტრ ნარენდრა მოდისთან განიხილა, ვაშინგტონი მოუწოდებს ნიუ დელის, უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავოს რუსეთის მიმართ უკრაინასთან ომის გამო. მხარეები “მჭიდრო კონსულტაციაზე” შეთანხმდნენ უკრაინის საკითხებზე. აღნიშნული შეხვედრის შესახებ პრეზიდენტი ბაიდენი ასევე წერს საკუთარი ტვიტერის გვერდზე.
FT-ის ინფორმაციით, იტალიურმა ენერგეტიკულმა კომპანია Eni-მ და ალჟირის Sonatrach-მა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ალჟირიდან გაზის იმპორტის ეტაპობრივი ზრდის შესახებ, რადგან რომი ცდილობს თავი დააღწიოს თავის დამოკიდებულებას რუსულ გაზზე.
ბიზნეს ინსაიდერის თანახმად, რუსეთის ცენტრალური ბანკის მმართველი აღნიშნავს, რომ მიუხედავად სანქციებისა, რუსეთის ცენტრალურ ბანკს აქვს საკმარისი რეზერვები ოქროსა და იუანში. გამოცემის თანახმად, ომამდე რუსეთმა დააგროვა საკმარისი რეზერვები დოლარის ნაცვლად იუანსა და ევროში.
ინსაიდერის თანახმადვე, რუსეთის ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ კრემლი არ გაყიდის სუვერენულ ბონდებს, ვინაიდან საპროცენტო განაკვეთი იქნება „კოსმიური“. ის ამ ყველაფერს უკავშირებს ერთ ფაქტს: თუ რუსეთი ბონდების საშუალებით სესხებას გადაწყვეტს, ყველა ამ სესხს ძალიან მაღალ პროცენტში შესთავაზებს.
პუტინის ყოფილი მთავარი ეკონომიკური მრჩეველი ანდრეი ილარიონოვი BBC-თან ინტერვიუში აღნიშნავს,რომ უკრაინის ომის კვალდაკვალ რუსეთის ჩვეულებრივი მოქალაქეების ცხოვრება შეიძლება ორჯერ–სამჯერ გაუარესდეს. მისივე თქმით, პუტინს არ აღელვებს მოსახლეობის ცხოვრების დონე რუსეთში, ის უფრო მეტად ტერიტორიული ამბიციებითაა დაკავებული.
FT აქვეყნებს ედიტორიალს სათაურით “გლობალიზაციის ბუნების ცვლილება” სადაც აღნიშნავს, რომ ფინანსურმა კრიზისმა, პანდემიამ და ომმა მიწოდების ჯაჭვები სტრესის წინაშე დააყენა.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საკუთარ ანგარიშში, რომელსაც ტვიტერზე აქვეყნებს, აღნიშნავს, რომ მსოფლიო მიწოდების უდიდესი შოკის წინაშე დგას, როგორც ეს იყო ადრეულ 1970-იან წლებში.
ასევე ტვიტერზე მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ განვითარებადი ქვეყნები უპრეცედენტო ცვლილებების მომსწრე არიან, რაც მათ უკან ახევინებს სიღარიბის შემცირებაში და უთანასწორობის დაძლევის მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებში.
IMF ახლა ბლოგს აქვეყნებს და წერს, რომ სახელმწიფო დავალიანების რისკი კვლავ იზრდება, შესაბამისად, ქვეყნებს სჭირდებათ გლობალური თანამშრომლობა, რომ შეამცირონ დავალიანების პრობლემა და მოახდინონ დეფოლტის პრევენცია.
FT-ის ინფორმაციით, იტალიის ფინანსურმა პოლიციამ სარდინიაში მილიარდერ დიმიტრი მაზეპინსა და მისი ვაჟის ნიკიტას კუთვნილი 100 მილიონი ევროს ღირებულების ვილა ჩამოართვა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციების აღსრულების ფარგლებში.
ბიზნეს ინსაიდერის მიხედვით საფონდო ბირჟებზე კვლავ ფიქსირდება ინდექსების კლება, ვინაიდან ინვესტორებს ჯერ კიდევ აშფოთებთ მაღალი ინფლაციური მაჩვენებლები და შესაბამისად ცენტრალური ბანკების საპროცენტო განაკვეთების ზრდა.
Insaider Intelligence კვლევის თანახმად, მთავარი მიზეზი, თუ რატომ არ ახდენს ინვესტირებას აშშ-ის ზრდასრული მოსახლეობა აქციებში, ბონდებსა და კრიპტოვალუტაში, არის: ფინანსების ნაკლებობა -45%, არ იცის როგორ განახორციელოს ინვესტირება – 21%, რისკის შიში – 15%, სხვა მიმართულებით ინვესტირება – 5%.