მამუკა ხაზარაძის თიბისი ბანკიდან წასვლამ უფრო მეტი კითხვა გააჩინა? !

თბილისი (BPI) – „თიბისი ბანკის“ საქმე ბოლო პერიოდში ყველაზე  რეზონანსული საკითხი აღმოჩნდა. ერთი ტრანზაქციის ამბავმა,  ქვეყანაში ბიზნესის თავისუფლებისა და დემოკრატიის მიმართ კითხვები კდიევ უფრო დაამძიმა და გააღრმავა.  საზოგადოების ერთი ნაწილი თვლის, რომ საქმე პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან გვაქვს, მეორე ნაწილს კი განსხვავებული შეხედულება აქვს.

სპეციალისტების მოსაზრებით, ახლა საფრთხის ქვეშ ქვეყნის საინვესტიციო იმიჯი და ანაკლიის პროექტის რეპუტაციაა.

აღსანიშნავია ისიც, რომ საკითხზე საქართველოში აშშ-ს საელჩომ განცხადებაც გაავრცელა. კერძოდ, მათი ინფორმაციით, საქართველოში აშშ-ის საელჩო TBC ბანკის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება და აცხადებს, რომ საკითხის გადაჭრასა და იმას, თუ რა განმარტებები გაკეთდება ამასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი გავლენა ექნება საქართველოს იმიჯზე. ამის შესახებ “აქცენტს” აშშ-ის საელჩოში განუცხადეს.

„ჩვენ თვალყურს ვადევნებთ „TBC ბანკის“ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს. იმას, თუ როგორ გადაწყდება ეს საკითხი, რა განმარტებები გაკეთდება ამასთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად აისახება საქართველოს იმიჯზე ინვესტირებისა და ბიზნესის წარმოების მიმართულებით“, – აცხადებენ საელჩოში.

ბიზნესმენებს, რომლებსაც პროკურატურა დევნის, ალბათ ამ ეტაპზე მეტის თქმა არ შეუძლიათ, თუმცა, რასაც ისინი ამბობენ, საგანგაშოა,” – ასე აფასებს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი რომან გოცირიძე TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის რამდენიმე დღის წინ გამართულ ბრიფინგს. 

ფაქტობრივად, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ 5 წლიანი შრომა ანაკლიის პორტის დაფინანსების მოპოვებისთვის, შეიძლება წყალში ჩაიყაროს. მაისსივნისში, ექვსი უზარმაზარი ფინანსური ინსტიტუტი, ფაქტობრივად, შეთანხმდა, რომ ანაკლიის დაფინანსებისთვის 600-მილიონიანი ფონდი შეიქმნას.

თუ პროცესები ასე გაგრძელდა, ბუნებრივია, ანაკლიაში ფინანსური რესურსების მობილიზება შეჩერდება და ანაკლიის პროექტის განხორციელება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. ეს გამოიწვევს ანაკლიის პროექტის დასამარებას. როდესაც მსგავსი დიდი ბანკები და ფინანსური ინტიტუტები პროექტზე ერთხელ უარს იტყვიან, სხვებს ამის დაფინანსების სურვილი რომ გაუჩნდეს, მრავალმა წელმა უნდა ჩაიაროს,“–აცხადებს გოცირიძე.

ბიზნეს სამართლის სპეციალისტი აკაკი ჩარგეიშვილი   „თიბისი ბანკის“ საქმეს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მას შემდეგ რაც ეს საკითხი საჯარო განხილვის საგანი გახდა, უფრო მეტი  კითხვის ნიშნები  გაჩნდა.

მისი განმარტებით, საქმეზე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები გავრცელდა.  კერძოდ,  ეროვნული ბანკის განმარტებით  2008 წლებში ამ საქმეში ფიგურირებდა ორი კომპანია. სწორედ ამ  კომპანიებს შორის მოხდა ფულის გათეთრება. ჩარგეიშვილი აცხადებს, რომ ამ ფაქტმა ძალიან ბევრი შეკითხვა გააჩინა.  მათ შორის, თუ დამფუნებლებმა ეს თანხა მოახმარეს ბანკის საწესდებო კაპიტალის ზრდას, მაშინ  ეროვნულ ბანკში ან თავად ფიგურანტებს  აუცილებლად უნდა გამოექვეყნებინათ საააქციო საზოგადოების გადაწყვეტილება საწესდებო კაპიტალის ზრდასთან დაკავშირებით.

ბიზნეს სამართლის სპეციალისტი კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე ამახვილებს ყურადღებას. საუბარია, ეროვნული ბანკის მიერ  მოკვლევასა და ზედამხედველობაზე. ჩარგეიშვილის განმარტებით,  ფუქნციონალურად, ეს ნაწილი ერთდროულად ეხება როგორც ეროვნულ ბანკს, ასევე ფინანსური ზედამხედველობის სამსახურს შავი ფულის გათეთრების კუთხით.

გარდა ამისა, ეროვნული ბანკის მოთხოვნაა და ამას მოქმედი ქართული კანონმდებლობაც ითვალისწინებს, რომ ბანკებმა ყოველწლიურად აუდტორული შემოწმება განახორციელონ. ამის გარეშე არ შეიძლება ბანკის ანგარიშები დამტკიცდეს.  გარდა ამისა, ბანკებს  აქვთ ვალდებულება, რომ ყოველკვარტალურად მოახდინონ საბანკო საქმიანობის შეჯამება და გამოქვეყნება.

„აქედან გამომდინარე, ისმის ძალიან დიდი კითხვის ნიშანი, ვინ იყო ის აუდიტორული კომპანია, რომელმაც  2008  წელს ჩაატარა აუდიტორუილი შემოწმება? ამიტომ, ის დასკვნები, რომელიც ამ პერიოდებში აუდიტორული კომპანიების მხრიდან დაიდო, მოსაძიებელია, სად არის ასახული აუდიტორების დასკვნაში და რატომ არ მოხდა თავის დროზე ამაზე რეაგირება?  საინტერეროა, ვინ იყო ის აუდიტორული კომპანია, რომელმაც ეს დამალა? ამ შემთხვევაში უფრო მასშტაბურ დანაშაულთან გვაქვს საქმე? შესაძლებელია,თავად ფიგურანტებს რაიმე დანაშაული ჩადენილი არ აქვთ, უდანაშაულობის პრეზუმციას არ დავარღვევ, მაგრამ იმისათვის რომ სწორი შეფასება გაკეთდეს ყველა ის თანმდევი შედეგი არის უფრო მეტად მნიშვნელოვანი, ვიდრე თავად ფაქტი, თუ ამ ფაქტს საერთოდ ადგილი ჰქონდა“-აღნიშნავს ჩარგეიშვილი.

მისივე განმარტებით, ასევე საინტერესოა,  მაშინ იმ კომპანიამ, რომელმაც თიბისი ბანკის აუდიტორული კომპანია ჩაატარა, რა რეკომენდაციები გასცა და რამდენად აღმოფხვრილი იყო ის შემდეგ წლებში.

როგორც Caucasus business week-მა გამოაკვია, 2008 წელს „თიბისი ბანკის“  აუდიტორული შემოწმება საერთაშორისო აუდიტორულ კომპანია Deloitte-ს და PwC -ს აქვს ჩატარებული. არცერთ კომპანიაში „კომერსანტს“ განმარტებას  არ უკეთებენ.

მამუკა ხაზარაძეს „თიბისი ბანკიდან“ წასვლის გადაწყვეტილება რამ მიაღებინა, რა გახდა ბოლო წვეთი, ეს უნდა გავიგოთ და უნდა დავსვათ დიაგნოზი – რა სჭირს ამ ქვეყანას, – ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ ბანკიდან წასვლის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას.

როგორც  ექსპერტი აცხადებს,, ხაზარაძის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ ის ბანკიდან მიდის, ახლა უფრო მეტი კითხვა ჩნდება. ხუხაშვილის განმარტებით, ფაქტია, რომ ხაზარაძეს რაღაც გარემოებებმა აიძულა გადაედგა ეს ნაბიჯი.

„სახელმწიფოებრივი პოზიციიდან თუ შევხედავთ, გასაგებია მისი გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ჩვენთვის ბევრად მეტი ღირებულებაა ის, რაც შეგვიქმნია ცხოვრებაში და ამ დროს, ჩვენი სუბიექტური ინტერესები უკანა პლანზე გადადის. აქედან გამომდინარე, მისი ეს გადაწყვეტილება ადამიანურად გასაგებია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაც კითხვის ნიშნები მოიხსნა, ვინაიდან ამ გადაწყვეტილების შემდეგ კითხვის ნიშნები კიდევ უფრო მეტად გაიზარდა მთლიანობაში, ამ საქმესთან დაკავშირებით. რამ მიაღებინა ეს გადაწყვეტილება, რა გახდა ბოლო წვეთი, ეს უნდა გავიგოთ და უნდა დავსვათ დიაგნოზი – რა სჭირს ამ ქვეყანას, იმიტომ, რომ ეს უკვე აღარ არის პირადად მამუკა ხაზარაძის პრობლემა. სახელმწიფოებრივი განვითარების, საინვესტიციო გარემოს, ინტერეს ჯგუფების აქტიურობის და ზოგადად, სამართლებრივი სახელმწიფოს სისტემურ პრობლემად იქცა ეს ყველაფერი. მიუხედავად იმისა, სად იქნება მამუკა ხაზარაძე, ზუსტი დიაგნოზი უნდა დავსვათ ამ „დაავადების“, რამაც განაპირობა თუნდაც მისი ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება ანაკლიის პორტის განვითარების პერსპექტივას, ხუხაშვილის მოსაზრებით, ეს საკმაოდ რთული პერსპექტივაა, ვინაიდან განვითარებული მოვლენების ფონზე ეჭვქეშ დგება ინვესტორების მოზიდვა.

„როდესაც ასეთი მძიმე ბრალდებები ისმის, თვითონ ანაკლიის თემა წინასაკონტრაქტო ფაზაშია და რომელიც თავისთავად ძალიან სენსიტიური ფაზაა, ამ ტიპის ბრალდებები ეჭვქვეშ აყენებს იმ ინვესტორების მოზიდვას, ვისთანაც მოლაპარაკებები მიდიოდა. ანუ, რისკი ძალიან მაღალია და როგორ მოხერხდება ამ რისკის პრევენცია, ამას უნდა დავაკვირდეთ და შევხედოთ“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

„თიბისი ბანკის“ საქმეზე ბანკირების ძირითადი ნაწილი „კომენტარს“ არ აკეთებს.  გამონაკლისი აღმოჩნდა მხოლოდ  „ბანკი ქართუ“ და „ხალიკ ბანკი“, რომლებიც  მხოლოდ მცირე  კომენტარით შემოიფარგლნენ. „ხალიკ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ნიკოლოზ გეგუჩაძის განმარტებით, ის სხვა ბანკზე კომენტარს არ გააკეთებს, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც დეტალები მისთვის უცნობია.

„რაზეა საუბარი არ ვიცი, დეტალები არ ვიცი, ამიტომ ჩემს მიერ გაკეთებული კომენტარი იქნება კონტექსტიდან ამოვარდნილი. ამიტომ თავს შევიკავებ. თუმცა, აღვნიშნავ, რომ არ მგონია საქმე ზეწოლასთან გვქონდეს. საბანკო სექტორთან სიფრთხილეა საჭირო,“-აცხადებს გეგუჩაძე.

„ბანკი ქართუს“  გენერალური დირექტორი ნატო ხაინდრავა აცხადებს, რომ კონკრეტული ბანკის სიტუაცია სხვა ბანკებზე არასდროს აისახება. შესაბამისად, სიტუაცია საბანკო სექტორზე გავლენას არ მოახდენს.

„ეს რაღაც კონკრეტული სიტუაციაა. თვითონ „თიბისი ბანკი“ ამბობს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, ამიტომ ვერ გეტყვით. რაზეც არ მაქვს დადასტურებული და სწორი ინფორმაცია იმაზე არ შემიძლია კომენტარი გავაკეთო,“-აღნიშნავს ხაინდრავა.

როგორც ცნობილია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის სხდომაში რამდენმე დღის წინ მონაწილოებდნენ. პარლამენტში მივიდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძეც, თუმცა, სხდომა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, ოპოზიციის მწვავე პროტესტის გამო ჩაიშალა.

თავად მამუკა  ხაზარაძემ პარლამენტში სხდომის ჩაშლის შემდეგ ასეთი განცხადება გააკეტა: „ჩვენ ვართ ორკესტრირებული შეტევის მსხვერპლი, იძულებით დავტოვეთ ბანკი, მაგრამ ღირსებას და სამართალს არ დავთმობთ. დღევანდელი მსჯელობა სწორედ იმიტომ იყო მოწვეული, რომ გაგვეკეთებინა განმარტებები და დაწყნარებულიყო ეს სიტუაცია. მედიას, საზოგადოებას და დეპუტატებს უნდა გაერკვიათ, თუ რა მოხდა რეალურად. ჩვენ ვართ ორკესტრირებული შეტევის მსხვერპლი, იძულებითი ნაბიჯი გადავდგით, რომ დაგვეტოვებინა ბანკი, მაგრამ ჩვენს ღირსებას და სამართალს არ დავთმობთ“, – ეს განცხადება მამუკა ხაზარაძემ  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ გააკეთა, სადაც „თიბისი ბანკის“ საქმე უნდა განხილულიყო“-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

აღნიშნულ საქმეზე  გენერალურ პროკურატურაში  განცხადებაც გაკეთდა.„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ ამ ეტაპისთვის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე გამოძიების მიერ დადგენილი გარემოებები:

როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, საქმეზე საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო 2018 წლის 2 აგვისტოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ 2018 წლის 01 აგვისტოს, კანონმდებლობით დადგენილი წესით მოწოდებული წერილობითი ინფორმაცია.

გამოძიების ამ ეტაპზე საქმეში არსებული მტკიცებულებებით იკვეთება შემდეგი სქემა: 2008 წლის აპრილ-მაისში – ,,თიბისი ბანკმა“ მამუკა ხაზარაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის კომპანიებზე – ,,სამგორი M”-სა და ,,სამგორი თრეიდზე“ სესხის სახით გასცა 17 მილიონი აშშ დოლარი.

იმავე დღეს, აღნიშნული 17 მილიონი აშშ დოლარი უკლებლივ ჩაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად ანგარიშებზე. მაშინ როდესაც კომპანიებს ,,თიბისი ბანკიდან“ აღნიშნული სესხი აღებული ჰქონდათ საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნობრიობით და არა ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის სესხის სახით გადასაცემად. ანუ საკუთარი ბანკიდან გაცემული 17 მილიონი აშშ დოლარი იმავე დღეს გადაირიცხა ხაზარაძე-ჯაფარიძის პირად ანგარიშებზე.

ამის შემდგომ მოვლენები ვითარდება შემდეგნაირად: 2008 წლის ოქტომბერ-ნოემბერში – მამუკა ხაზარაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის კომპანიებს, ისე რომ სესხის დაფარვაც კი არ იყო დაწყებული, სესხის გადახდის ვადა, სრულიად უსაფუძვლოდ, გაეზარდათ ერთი წლით.

თუმცა დაახლოებით ერთ თვეში, 2008 წლის 31 დეკემბერს, სესხის გადახდის ვალდებულების დადგომამდე, “თიბისი ბანკმა“:

1.აღნიშნულ სესხებს სრულიად უსაფუძვლოდ მიანიჭა უიმედო კლასიფიკაცია; 2. საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე, დაუსაბუთებლად ჩამოწერა ანუ გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა ისე, რომ არ მომხდარა სესხის თანხის გადახდა;

3. არ მოახდინა თავმდები პირებისთვის თანხის ანაზღაურების მოთხოვნა;

4. არ მოახდინა ანგარიშზე არსებული თანხის უაქცეპტო წესით ჩამოჭრა ან სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული ქონებების ჩამორთმევა.

ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ აღნიშნულის პარალელურად, მიუხედავად იმისა, რომ ბანკის მიერ შპს სამგორი თრეიდსა და სამგორი M-ზე გაცემულ სესხებს მიენიჭა უიმედო კლასიფიკაცია, ,,თიბისი ბანკი’’ განაგრძობდა მამუკა ხაზარაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის ხსენებული კომპანიების დაკრედიტებას და მათზე სხვა საკრედიტო ხელშეკრულებების საფუძველზე სესხების გაცემას.

მეტიც, 2012 წელს, „თიბისი“ ბანკმა საერთოდ გაათავისუფლა აღნიშნული კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან, რაც განხორციელდა შემდეგნაირად:

,,თიბისი ბანკმა“ ხაზარაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის კომპანიები, ყოველგვარი სასესხო უზრუნველყოფის გარეშე, ჩაანაცვლა ერთი თვით ადრე ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიით, რომელსაც საქართველოში არანაირი ფინანსური აქტივი არ გააჩნდა.

ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიასთან გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც აღნიშნულმა კომპანიამ, ნაცვლად ,,სამგორი M’’-ისა და ,,სამგორი თრეიდისა’’, აიღო ,,თიბისი ბანკისთვის’’ 17 მილიონის ოდენობის სესხის დაბრუნების ვალდებულება და თავის მხრივ წარმოეშვა ხაზარაძე-ჯაფარიძისგან თანხის მოთხოვნის უფლება.

ამის პარალელურად ,,თიბისი ბანკმა“, გარკვეული პერიოდულობით, იპოთეკისგან გამოათავისუფლა სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული უძრავი ქონებები.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ოფშორული კომპანიის მინდობილ პირს წარმოადგენდა საქართველოს მოქალაქე პ.ღ, რომელიც ,,სამგორი M’’-ზე და „სამგორი თრეიდ“-ზე სესხების გაცემისას იყო „თიბისი ბანკის“ საკრედიტო კომიტეტის წევრი, ხოლო მათი ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით ჩანაცვლებისას იკავებდა ,,თიბისი ბანკის“ ერთ-ერთ მაღალ მენეჯერულ პოზიციას.

ხაზარაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის ხსენებულ კომპანიებსა და ოფშორულ კომპანიას შორის ჩართულ შუამავალ კომპანიასთან მომსახურების გაწევაზე მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 2012 წლის 28 სექტემბერს.

ამავდროულად გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ „სამგორი თრეიდს“ და შპს „სამგორი M”-ს სესხები ისე ჩამოეწერა, რომ ამ კომპანიებს სესხის მომსახურებისთვის თანხა საერთოდ არ გადაუხდიათ და აღნიშნული სესხები ბანკს დღემდე არ დაბრუნებია.

გარდა ამისა, დადგენილია, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ასევე არ გაუსტუმრებიათ შპს „სამგორი თრეიდისა“ და შპს „სამგორი M” – ის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულება.

გამოძიების ფარგლებში გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, ფაქტთან შემხებლობაში მყოფი პირების გამოკითხვა, ასევე დამატებითი დოკუმენტაციის მოპოვება და შესწავლა.

საქმესთან დაკავშირებული საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს გენერალური პროკურატურა საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის გამოძიების შესახებ ინფორმაციას“, – განაცხადეს უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში„თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, 2008 წლის აპრილ-მაისში, კომპანიებმა შპს „სამგორი M-მა“ და „სამგორი თრეიდმა“ „თიბისი ბანკისგან“ საბრუნავი სახსრების შევსების მიზნობრიობით დაახლოებით 17 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხი აიღეს, რაც იმავე დღეს სესხის სახით გაცემული იქნა ფიზიკურ პირებზე – ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეზე. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მთელ ამ პერიოდში საგულისხმოა ის ფაქტი, რომ არც „სამგორი M-სა“ და არც „სამგორი თრეიდის“ მიერ სესხის სახით აღებული თანხის გაღება არ მომხდარა, ხოლო მოგვიანებით მათი ჩანაცვლება მოხდა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით და დღემდე ეს თანხა ანაზღაურებული არ არის „თიბისი ბანკისთვის“.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …