ACT - Analysis and Consulting Team

სურსათით უზრუნველყოფის ხილული საფრთხეები

რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, გეოპოლიტიკური და ეკონომიკური საფრთხეებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი ხდება იმის ანალიზი, თუ რამდენადაა შესაძლებელი საქართველოში მოსახლეობის ადეკვატური რაოდენობით სურსათით უზრუნველყოფა. მნიშვნელოვანია არსებული აგრო სასურსათო პროდუქტის რესურსული პოტენციალის ათვისება, მისი ეფექტიანად გამოყენება და ქვეყნის მომარაგების სწორი გათვლა.

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მიერ განსაზღვრული და ცნობილია ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ძირითადი საკვები პროდუქტები, რომელთა მიღებაც აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისათვის. ესენია: ხორბალი, სიმინდი, კარტოფილი, ბოსტნეული, ყურძენი, ხორცი (მათ შორის: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორის, ცხვრისა და თხის, ფრინველის), რძე და რძის პროდუქტები და კვერცხი. სწორედ აღნიშნულ მაღალი კვებითი ღირებულების მქონე პროდუქტებზე არსებული მონაცემების ანალიზი, შექმნილი ვითარება და პროგნოზები გვაძლევს საფუძველს ვუპასუხოთ შეკითხვებს აქვს თუ არა ქვეყანას პოტენციალი გაუმკლავდეს არსებულ გამოწვევებს და უკვე უნდა ზრუნავდეს თუ არა კრიზისული გეგმის ამოქმედებაზე.

თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი 2020

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) განმარტებით, სასურსათო უსაფრთხოება შესაძლებელია შეფასდეს თვითუზრუნველყოფის ინდექსებით, რომელიც ზომავს თუ რა დონეზე უზრუნველყოფს ქვეყანა მოცემულ პროდუქტზე საკუთარ მოთხოვნებს ადგილობრივი წარმოებით. სასურსათო უსაფრთხოება დამოკიდებულია ქვეყნის როგორც ეკონომიკურ, ასევე ბუნებრივ რესურსებზე.

მაშინ, როდესაც საქართველოს სამომხმარებლო კალათაში სურსათის წილი ყველაზე მაღალია – 30.23% (საქსტატი; სამომხმარებლო კალათა პროდუქტების კატეგორიების წონები 2022 წელი), საინტერესოა, შეუძლია თუ არა ადგილობრივ ეკონომიკას ძირითადი კვებითი ღირებულებების მქონე საკვები პროდუქტებით მოსახლეობის უზრუნველყოფა, რამდენად და რა პროდუქტების იმპორტზეა დამოკიდებული ქვეყანა.

თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი გამოითვლება ფორმულით: ადგილობრივი წარმოება შეფარდებული ადგილობრივ წარმოებას დამატებული იმპორტი, გამოკლებული ექსპორტი, გამრავლებული 100-ზე. დადებითი სავაჭრო ბალანსის შემთხვევაში (ექსპორტი>იმპორტზე), სხვა ცვლადების უცვლელობის პირობებში ადგილობრივი წარმოების ზრდა დადებითად მოქმედებს თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტზე. ამ განლაგებაში მხოლოდ იმპორტის ზრდის

შემთხვევაში მცირდება თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი და ეს გვხდის დამოკიდებულს სხვა ქვეყნებზე. რაც შეეხება ექსპორტს, რაც უფრო იზრდება იგი, იზრდება თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტის მნიშვნელობაც.

მაღალი კვებითი ღირებულების პროდუქტების აღნიშნული სიიდან 2020 წლის მონაცემებზე დაყრდნობით ყველაზე მაღალი თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი145% ყურძენს აქვს, რომელიც ასევე ყველაზე მაღალი ექსპორტის მაჩვენებლით გამოირჩევა, რაც ლოგიკურია, ჭარბი წარმოების პირობებში აღნიშნული პროდუქტის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანა შესაძლებელია. აღნიშნულ ჩამონათვალში ბოლო ადგილი კი ხორბალს უჭირავს, რომლის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი 2020 წლის მონაცემებით 15%-ს არ აღემატება. თუ ამ მონაცემს ლოგიკურ ჯაჭვში მოვაქცევთ, სადაც ჯაჭვის რგოლებად განვიხილავთ: ნედლეულის მნიშვნელობას და გამოყენების სიხშირეს, ომის გავლენით შექმნილ ნეგატიურ მოლოდინებს, რუსეთისთვის, როგორც ამ ეტაპზე მთავარი იმპორტიორი ქვეყნისთვის დაწესებულ სანქციებს და ჩვენი ქვეყნის შიგნით შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობას სავარაუდოა, რომ პურის მკვეთრად გაძვირების ასარიდებლად შესაძლოა ახალი სავაჭრო პარტნიორის მოძებნა გახდეს საჭირო, რომელიც პროდუქტის დანაკლისს შეავსებს.

გვიწევს თუ არა ძირითადი სამომხმარებლო პროდუქტების გადახედვა?

საინტერესოა, რომ ეისითის მიერ 2021 წლის ჩატარებული კვლევის თანახმად თბილისის მოსახლეობის უმრავლესობა ყველაზე ხშირად (ყოველდღე, კვირაში რამდენჯერმე) პურსა და პურპროდუქტებს, ბოსტნეულს, ხილს, რძის პროდუქტებსა და კვერცხს მოიხმარს. ამ პროდუქტებით დაკოპლექტებული სამომხმარებლო კალათა იმეორებს მაღალი კვებითი ღირებულების ჩამონათვალში არსებული პროდუქტებიდან უმეტესობას. ყველაზე საყურადღებო პურპროდუქტების მოხმარების სიხშირეა, მოქალაქეებისთვის ის ყოველდღიური მოხმარების პროდუქტია, ხოლო იმ ფონზე რომ ხორბლის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი დაბალია, ხოლო შექმნილი ვითარება კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის ხორბლის მომავალს, მოსალოდნელია, რომ მოქალაქეებს ამ მთავარი მოხმარების პროდუქტის მოხმარების სიხშირის შეცვლა ან მეტი ფასის გადახდა მოუწევთ.

ასეთივე მდგომარეობაა ბოსტნეულზე, რომელიც სამომხმარებლო კალათაში მოხმარების სიხშირით მეორე პოზიციას იკავებს, ხოლო თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი აქაც არ გვაძლევს სიმშვიდის საფუძველს, 2020 წლის კოეფიციენტი 63%-ია, და მარაგების მესამედი იმპორტიდან შემოსული პროდუქტის ივსება.

საქართველოს ტოპ იმპორტიორი ქვეყნებიდან ორი ომობს

რუსეთ-უკრაინის ომმა განსაკუთრებით საყურადღებო გახადა ომში ჩართული ორი ქვეყნის, როგორც ჩვენი სავაჭრო პარტნიორების როლი კვების პროდუქტებით უზრუნველყოფაში. მაღალი კვებითი ღირებულების მქონე სასურსათო პროდუქტებისთვის, ზემოთ მოყვანილ მონაცემებში, რუსეთი და უკრაინა როგორც იმპორტიორ, ასევე საექსპორტო დანიშნულების ტოპ ქვეყნებს შორის ხშირად მეორდება და საქართველოსთვის აქტიურ სავაჭრო პარტნიორებად გვევლინება. მაშინ როცა 2020 წელს კოვიდ პანდემიის დაწყებასთან ერთად ეკონომიკური აქტივობები მკვეთრად შემცირდა და ბიზნესები და საზოგადოება შემოსავლების მნიშვნელოვანი კლების წინაშე აღმოჩნდა, გასაკვირი არცაა, რომ საქართველოსთვის საექსპორტო ქვეყნების შემადგენლობა მწირი იყო. 2021 წელს ბიზნესებმა უკვე შეძლეს ნელ-ნელა მორგებოდნენ პანდემიურ გარემოს, ეპასუხათ გამოწვევებისათვის და ეკონომიკურად გააქტიურებულიყვნენ წინა წელთან შედარებით. ამას მოწმობს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური 10.4%-იანი ზრდა 2021 წელს საქართველოში (საქსტატი).

საქართველოსთვის ხორბლისა და სიმინდის ყველაზე მაღალწილიანი მომწოდებელი ჯერ კიდევ რუსეთია. 2021 წელს რუსეთიდან ხორბლის შემთხვევაში 94%-ით ვმარაგდებოდით, ხოლო სიმინდის შემთხვევაში 79%-ით.

უკრაინა კი, საქართველოს დიდწილად რძის პროდუქტებით (რძის ფხვნილი) ამარაგებს, აღნიშნული პროდუქტის იმპორტმა 2021 წელს უკრაინიდან და ბელორუსიიდან ჯამში 37% შეადგინა. უკრაინა კვერცხისა და ფრინველის ხორცის შემთხვევაში პროცენტულად მესამე, ხოლო ხორცის შემთხვევაში რიგით მეორე იმპორტიორია.

აქვე უნდა გავაანალიზოთ ორივე ქვეყნის მდგომარეობა და მათი, როგორც იმპორტიორი ქვეყნის პოტენციალი.

ამ ჭრილში რუსეთის შემთხვევაში მთავარ პრობლემას წარმოადგენს უკრაინაში შეჭრის გამო ქვეყნისთვის დაწესებული მძიმე ეკონომიკური სანქციები, რომლის ეფექტი რუსეთში უკვე თვალსაჩინოა (საწარმოო ჯაჭვის რღვევა, პროდუქტების დეფიციტი, ეროვნული ვალუტის გაუფასურება), ამასთან, სწორედ დაწესებული სანქციებიდან ერთ-ერთი სხვა ქვეყნის ვალუტის მიმოქცევაში აკრძალვა ქმნის სავაჭრო ურთიერთობისას დაბრკოლებას, ისმის შეკითხვა რა ვალუტაში უნდა მოხდეს მიღებული პროდუქტის ანგარიშსწორება ჩვენი მხრიდან?

ეკონომიკურ საკითხებს მიღმა რჩება მორალური დილემა, რომელიც დგას ქვეყნის წინაშე და აიძულებს მას უფრო აქტიურად იმოქმედოს იმპორტის ალტერნატიული ხაზების მოძიებაზე. აღნიშნული დილემა ცალსახაა – დასავლეთი თვლის, რომ რუსეთთან ვაჭრობა ნიშნავს თანხის გადახდას რუსული არმიის ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნებისთვის და მოუწოდებს სხვებსაც შეუერთდნენ სანქციებს და გათავისუფლდნენ რუსეთის ეკონომიკური დამოკიდებულებისგან.

უკრაინის შემთხვევაში, როდესაც ქვეყანა იმყოფება საომარ ვითარებაში, ლოგიკურია, რომ ქვეყნიდან იმპორტის ჯაჭვი გამართულად ვერ იმუშავებს, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა მოწოდებული ნედლეულის რაოდენობა ან შემცირდეს ან მასზე ფასი გაიზარდოს. BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აღნიშნავს, რომ მოსალოდნელია სასურსათო კრიზისი. მისი თქმით „უკრაინა და რუსეთი საკვების ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორები არიან, სადაც წარმოება ომის გამო შეფერხდა. 1-1,5 წელიწადში ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება, რადგან უკრაინელი ფერმერები ახალ მოსავალს ვერ თესავენ“. მნიშნელოვანია ასევე თავად უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის რომან ლეშენკოს განცხადება, რომლის მიხედვითაც ომის გამო 2022 წლის საგაზაფხულო მოსავლის თესვის ფართობი შეიძლება განახევრდეს.

გალტ & თაგარტის მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით კეთდება პროგნოზი, რომ ყველაზე უარესი სცენარის შემთხვევაში (ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ უკვე დაწესებული შეზღუდვები, მათ შორის, რუსეთის swift-ის სისტემიდან გამორიცხვა და სანქციები რუსულ ნავთობსა და გაზზე, ასევე გახანგრძლივებული ომის მდგომარეობა) 2022 წელსმოსალოდნელია იმპორტის  დაახლოებით 504 მლნაშშ დოლარით შემცირება, რეალური მშპ-ის კლება (-1%) და ინფლაციის ზრდა საბაზისო 4.9%-დან 9%-მდე. 

ექსპორტზე გატანის პოტენციალი

განსხვავებული მასშტაბის, თუმცა იდენტური კონტექსტის გამოწვევა ექმნება საქართველოს ექსპორტის მიმართულებით. მაგალითისთვის, ადგილობრივი წარმოებისა და ექსპორტის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა ყურძენი და ყურძნის პროდუქტები (მათ შორის ღვინო). აღნიშნული პროდუქტების ჯამური ექსპორტი ყოველწლიურად დიდი ნიშნულით (დაახლოებით 60%-მდე ფარგლებში) ხორციელდება რუსეთში, ამასთანავე სტაბილურად მაღალია უკრაინისა და ჩინეთის წილები (საშუალოდ 10%-ისა და 8%-ის ფარგლებში, შესაბამისად). მნიშვნელოვანია, რომ ყურძნისა და ყურძნის პროდუქტების ექსპორტში ჯამურად სხვა ქვეყნების წილი ზრდადი ტენდენციით ხასიათდება (2018 წელს 21%-დან 2021 წელს 28%-მდე). არსებული გამოწვევების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ყურძნის პროდუქტების ექსპორტის ბაზრების მეტად დივერსიფიცირებაზე მუშაობა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან უფრო აქტიურ ვაჭრობაზე გადასვლა.

მაღალია ბოსტნეულის ექსპორტის მაჩვენებელი, კარტოფილის გარდა ქვეყნიდან გაყიდული ბოსტნეულის პირველი ექსპორტიორი სწორედ რუსეთია (64%), რუსეთში გადის ასევე კარტოფილი (85%) და სიმინდი (39%)

ექსპორტის შემთხვევაში გალტ & თაგარტის მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით კეთდება პროგნოზი, რომ ყველაზე უარესი სცენარის შემთხვევაში (ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ უკვე დაწესებული შეზღუდვები, მათ შორის, რუსეთის swift-ის სისტემიდან გამორიცხვა და სანქციები რუსულ ნავთობსა და გაზზე, ასევე გახანგრძლივებული ომის მდგომარეობა) მოსალოდნელია ექსპორტის დაახლოებით 462 მლნაშშდოლარით შემცირება 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით;, ამავე დროს მოსალოდნელია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის საბაზისო 7.9%-დან 10.9%-მდე ზრდა. მათივე შეფასებით, მთლიანი საგარეო ნაკადები ჯამურად (ექსპორტი, გადარიცხვები, ტურიზმი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები/FDI) რუსეთიდან და უკრაინიდან 2021 წელს საქართველოს მშპ-ის 9.6%-ს შეადგენდა. ამ ნაკადების ანალიზით, ძირითადი უარყოფითი გავლენა მოსალოდნელია ექსპორტისა და ტურიზმის მიმართულებით. ქვეყანაში ფულადი გადარიცხვების შემთხვევაში მნიშვნელოვნად შემცირებულია რუსეთის წილი ბოლო წლებში, ხოლო რუსეთისა და უკრაინის წილი საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებში (FDI) საშუალოდ წლიურად დაბალ მაჩვენებელზეა.

წინასწარ დანახული საფრთხე და მისი დაზღვევა

ფაქტია, რომ ამ მოცემულობით იმ შემთხვევაშიც კი თუ იმპორტდამოკიდებული პროდუქტების მოწოდება არ შემცირდება, მასზე ფასი აუცილებლად გაიზრდება, რადგანაც ალტერნატიული ჯაჭვის აწყობა უფრო ძვირია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობისთვის აუცილებელი კალათა, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალი საკვები ღირებულების პროდუქტებით, როგორღაც შენარჩუნდეს.

აღნიშნული სურათი ცხადყოფს, რომ ძირითადი აგრო სასურსათო პროდუქტების როგორიცაა ხორბალი და ფრინველის ხორცი თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტები 50%-ზე დაბალია და ეს საქართველოსთვის მდგრადი სასურსათო უზრუნველყოფის მთავარი გამოწვევაა. დინამიკაში დაკვირვება გვიჩვენებს, რომ პრე-პანდემიურ თუ პანდემიურ გარემოში, უმეტესი პროდუქტებისათვის აღნიშნული კოეფიციენტი ერთი ნიშნულის გარშემო ნარჩუნდება.

არჩევანი ჩვენზეა – ვიქნებით ოპტიმისტები და ვივარაუდებთ, რომ 2022 წლის სასურსათო უსაფრთხოებისა და თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი მინიმუმ იგივე ნიშნულზე შენარჩუნდება და მოსახლეობას არ შეექმნება პრობლემა მათთვის მნიშვნელოვანი ყოველდღიური სამომხმარებლო კალათის დაკომპლექტებისას, პროდუქტის დეფიციტის ან მისი მაღალი ფასის გამო, თუ ვიქნებით რეალისტები და აქედანვე დავიწყებთ რისკების გადაზღვევას.

მასალა მომზადებულია “ეისითის” ეკონომისტთა გუნდის მიერ: 

ლიკა გოდერძიშვილი ნესტან გაფრინდაშვილი აკაკი მოსახლიშვილი
და ნინო კალანდია –
სტრატეგიული კომუნიკაციების ექსპერტი

 

 

შემთხვევითი სიახლე

15 მარტს ექვსმა მარეგულირებელმა უწყებამ მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო დღე ბათუმში აღნიშნა

15 მარტს, მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, ბათუმში, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, დაზღვევის …