საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს

23 მარტს, საქართველოს საბანკო ასოციაციამ, კრედიტინფო საქართველომ და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) ერთობლივად უმასპინძლეს ღონისძიებას, სადაც ციფრულ მონაცემთა დერეფნების ინიციატივა წარადგინეს.
ციფრულ მონაცემთა დერეფნები საერთაშორისო ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს გაზარდოს უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ფინანსური ჩართულობა მასპინძელ ქვეყნებში.
საქართველოში უკრაინელი ლტოლვილებისთვის ფინანსურ სერვისებზე წვდომის გასაადვილებლად, საკრედიტო ბიურომ კრედიტინფო საქართელომ საკრედიტო ისტორიების საერთაშორისო ბიუროსთან (CreditInfo Group, უკრაინა) ერთად ახალი პლატფორმის – ციფრულ მონაცემთა დერეფნის – ამოქმედების შესახებ განაცხადა.
IFC, მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი ორგანიზაცია, მხარს უჭერს ამ ძალისხმევას თავისი საკონსულტაციო პროგრამით, რომელიც შვეიცარიის ეკონომიკურ საკითხებში სახელმწიფო სამდივნო SECO-სთან და დიდი ბრიტანეთის კარგი მმართველობის ფონდთან პარტნიორობით ხორციელდება.
ციფრულ მონაცემთა დერეფნები ბიზნესისა და ფიზიკური პირების მონაცემების უკრაინიდან ევროპის სხვა ქვეყნებში გადატანის და უკრაინელების საკრედიტო ისტორიის შესახებ ინფორმაციის გაზიარების საშუალებას იძლევა. ხელმისაწვდომი საკრედიტო ისტორიით, ფინანსურ ინსტიტუტებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები კლიენტების შესახებ, უკრაინის საზღვრებს გარეთ.
„ციფრულ მონაცემთა დერეფნის ამოქმედება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ათასობით იძულებით გადაადგილებული პირისთვის ფინანსებზე წვდომის მოსაპოვებლად,“ – განაცხადა კრედიტინფო საქართველოს გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე გომიაშვილმა. „ციფრულ მონაცემთა დერეფანი ხელს შეუწყობს უკრაინელების ინტეგრაციას, რადგან ინიციატივა დაეხმარება ქართულ საფინანსო და არასაფინანსო სექტორებს უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებაში და საბოლოო ჯამში ორივე მხარეს უკეთეს ბიზნეს შედეგებს მოუტანს.“
„მიგვაჩნია, რომ ციფრულ მონაცემთა დერეფანი იქნება ღირებული ინსტრუმენტი ფინანსური ინსტიტუტებისთვის სხვადასხვა მიმართულებით,“ – განაცხადა საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ. „მონაცემთა გაზიარების უსაფრთხო და მასშტაბირებადი პლატფორმის ამოქმედებით, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ დავეხმარებით ბანკებს ახალი ხედვის ჩამოყალიბებასა და უკრაინელი იძულებით გადაადგილებული ადამიანებისთვის ისეთი შესაძლებლობების შექმნაში, რომლებიც სხვაგვარად ხელმისაწვდომი ვერ გახდებოდა.“
„ფინანსურ სერვისებზე წვდომა მასპინძელ ქვეყნებში ლტოლვილთა ინტეგრაციის გადამწყვეტი ელემენტია. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგად იძულებით გადაადგილებული უკრაინელების დასახმარებლად, IFC-მ შეკრიბა საინფორმაციო სერვისების პროვაიდერების, საფინანსო ინსტიტუტებისა და ინდუსტრიის ექსპერტების კოალიცია ციფრულ მონაცემთა დერეფნების შესაქმნელად. ინიციატივა საშუალებას მისცემს უკრაინელებს მასპინძელ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, მიიღონ უფრო მარტივი წვდომა ფინანსურ სერვისებზე, მაგალითად საკრედიტო ბარათებსა და სესხებზე, რომლებიც მათ ახალ გარემოში სჭირდებათ,“ – თქვა ივანა ფერნანდეს დუარტემ, IFC-ის რეგიონულმა მენეჯერმა სამხრეთ კავკასიაში.
ციფრულ მონაცემთა დერეფნის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.ge.creditinfo.com

შემთხვევითი სიახლე

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი სატარიფო რეგულირების სასწავლო კურსზე რეგისტრაციას აცხადებს

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი აცხადებს რეგისტრაციას ახალ სასწავლო კურსზე „სატარიფო რეგულირების პრინციპები”. კურსი განკუთვნილია …