ქვეყნის სავაჭრო პოლიტიკა მეტ დივერსიფიკაციას საჭიროებს – CIU Business Institute – CIU Business Institute

Business Political Insights (BPI)კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ინსტიტუტის (​CIU Business Institute) მიერ მომზადებული სხვადასხვა ეკონომიკური პარამეტრების შეფასებების გამოქვეყნებას იწყებს.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ეკონომიკის კვლევების ცენტრის განმარტებით, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შეფასებისას აქცენტი უნდა კეთდებოდეს სავაჭრო სალდოს შეფასებაზე და არა ექსპორტ/იმპორტის პროცენტულ ცვლილებაზე, რომელიც შესაძლოა მოკლევადიან პერიოდში, სხვადასხვა ფაქტორებით იყოს განპირობებული.

როგორც 2021 წლის იანვარ-ოქტომბრის (წინასწარი) საგარეო სავაჭრო ბრუნვაზე კომენტირებისას ​CIU Business Institute-ში აცხადებენ, ბოლო წლების უარყოფითი სავაჭრო სალდო საქართველოსათვის სტაბილურად საკმაოდ მაღალია.

“ქვეყნის (საქართველო) სავაჭრო პოლიტიკის შეფასებების დროს მნიშვნელოვანია აქცენტი კეთდებოდეს არა დროის მოკლევადიან პერიოდში ექსპორტის ან იმპორტის პროცენტულ ცვლილებაზე, რომელსაც შესაძლებელია სხვადასხვა ფაქტორთა (მათ შორის სეზონურ) გამო სწორედ მოკლევადიან პერიოდში მნიშვნელოვანი ტურბულენცია ახასიათებდეს, არამედ აქცენტი უნდა კეთდებოდეს სავაჭრო სალდოს შეფასებაზე გრძელვადიან ჭრილში. გამომდინარე აღნიშნულიდან, მონაცემთა ანალიზის დროს ჩანს, რომ 5 წლიან ჭრილში უარყოფითი სავაჭრო სალდო საქართველოსათვის სტაბილურად საკმაოდ მაღალია (მცირედი გამონაკლისია 2020 იანვარ-ოქტომბერი) – ყველაზე მაღალი უარყოფითი მაჩვენებელი 2018 წელს ფიქსირდება, თუმცა მიმდინარე წლის მაჩვენებელი მცირედით უკეთესია 2019 წლის მაჩვენებლზე, მაგრამ ბევრად ნეგატიურია 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით. შესაბამისად, ფაქტია, რომ საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის სტრუქტურაში ექსპორტის სასარგებლოდ და/ან იმპორტის ჩანაცვლების მიმართულებით მნიშვნელოვანი შედეგები არ ჩანს და ამ მხრივ უფრო მეტად სიღრმისეული ანალიზია საჭირო”, ამბობენ CIU Business Institute-ში.

CIU ბიზნესის ინსტიტუტში მიაჩნიათ, რომ სავაჭრო ბრუნვაში ქვეყნების ჯგუფის წილის ანალიზის დროს ევროკავშირის მაჩვენებელი კვლავ გაუმჯობესების სურვილს ტოვებს, განსაკუთრებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდგომ. რეალურად, როგორც ექსპორტთან ისე იმპორტთან მიმართებაში ევროკავშირის წილი სტაბილურად მაღალია თუმცა არსებული შესაძლებლობები უკეთესი შედეგის საშუალებას იძლევა. შესაბამისად, უფრო მეტი ანალიზია საჭირო DCFTA-ის შესაძლებლობების ეფექტურად გამოყენების მიმართულებით.

“ცალკეულ ქვეყნებთან მიმართებაში ანალიზის დროს იკვეთება რუსეთის ფედერაციის კვლავ განსაკუთრებულად მაღალი მაჩვენებელი სავაჭრო ბრუნვაში. კერძოდ, მიმდინარე წელს წინა წილის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტის ზრდა გამოხატული აბსოლუტურ მაჩვენებლებში ტოპ 5 საექსპორტო ქვეყნიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რუსეთის ფედერაციაში ფიქსირდება. მაჩვენებელი გვაფიქრებინებს, რომ კვლავ მაღალია სამუშაოების საჭიროება საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით. განსხვავებული ვითარებაა იმპორტის მიმართულებით, სადაც, საიმპორტო წილის ზრდის (აბსოლუტურ ციფრებში) მაჩვენებლის მიხედვით რუსეთის ფედერაცია მესამეა, თურქეთისა და ჩინეთის შემდგომ”, განმარტავენ CIU Business Institute-ში.

ცნობისათვის, 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 352.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23.0 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 3 392.5 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (24.9 პროცენტით გაიზარდა), ხოლო იმპორტი 7 959.9 მლნ. აშშ დოლარს (22.3 პროცენტით მეტია). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2021 წლის იანვაროქტომბერში, 4 567.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2 პროცენტია.

შეგახსებთ, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის ბაზაზე, ბიზნესისა და ეკონომიკის კვლევების ცენტრი – CIU ბიზნესის ინსტიტუტი (CIU Business Institute) დაფუძნდა. ბიზნეს ინსტიტუტმა უკვე მოიპოვა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნეს გამოცემის ბიზნეს ინსაიდერის „კვლევის მხარდამჭერი ლიცენზია“ (“INSIDER Research Support License“). CIU ბიზნესის ინსტიტუტის კვლევები ძირითადად მიმართული იქნება ეკონომიკის, ბიზნესის, მდგრადი განვითარების, რისკ-მენეჯმენტის, მეწარმეობისა და ინოვაციების მიმართულებით. მომდევნო კვირიდან ბიზნესის ინსტიტუტი მიზნობრივ აუდიტორიას ბიზნესისა და ეკონომიკის შესახებ უკვე მიაწვდის ინფორმაციას კვლევების, ანალიტიკის, პოლიტიკის დოკუმენტების, პროგნოზებისა და რეიტინგების სახით.

კვლევითი ინსტიტუტი ერთის მხრივ, ხელს შეუწყობს აკადემიურ სივრცეში შექმნილი კვლევების ბაზარზე გატანის ორგანიზაციული მექანიზმების შემუშავებას, ხოლო მეორე მხრივ, დააფუძნებს აკადემიური სივრცისა (კსუ ბიზნესის ფაკულტეტის) და დარგების ერთობლივ კვლევით ლაბორატორიებს. შესაბამისად, მომდევნო ორი თვის განმავლობაში CIU ბიზნესის ფაკულტეტზე სხვადასხვა დარგში წარმატებულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით შეიქმნება ხუთი ლაბორატორია: მეწარმეობისა და ინოვაციების, ფინანსური განათლების, დუალური განათლების, მარკეტინგისა და ბიზნეს მედიის მიმართულებით.

მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის ინსტიტუტის კვლევით საქმიანობაში ჩართვისა და ბიზნეს ინსაიდერის „კვლევის მხარდამჭერი ლიცენზიის“ ფარგლებში არსებულ მონაცემებზე წვდომის საშუალება სრულად ექნებათ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორებს. ამავდროულად, კვლევითი ცენტრი უპრეცედენტო მასშტაბის ინიციატივას „ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამას“ შესთავაზებს კსუ-ს ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს, რომელიც „ახალი ეკონომიკური აზროვნების ინსტიტუტის“ (Institute for New Economic Thinking) კონცეფციას დაეფუძნება.

შემთხვევითი სიახლე

“ჯიპიაი ჰოლდინგის” დახმარებით დიმიტრი ცინცაძის ფონდის ბენეფიციარები საზღვარგარეთ სამედიცინო კონსულტაციების მიღებას შეძლებენ

თბილისი (BPI) – „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და დიმიტრი ცინცაძის სახელოის ფონდმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. თანამშრომლობის ფარგლებში …