რა შეიძლება გამოიწვიოს ჭარბმა დაკრედიტებამ – სებ-ი ნორვეგიის მაგალითზე

თბილისი (BPI) – რა შეიძლება გამოიწვიოს ჭარბმა დაკრედიტებამ, – საქართველოს ეროვნული ბანკი ნორვეგიის გამოცდილებაზე წერს.

იქვე მითითებულია, რომ ნორვეგიის გამოცდილება ცხადყოფს, არაჯანსაღი დაკრედიტება და ჭარბი მოთხოვნა ფინანსურ სექტორში რისკების დაგროვებას იწვევს და ზრდის მის მოწყვლადობას შოკების მიმართ. ამას, შესაძლოა, მძიმე შედეგი მოჰყვეს ქვეყნის ეკონომიკისა და მოსახლეობის კეთილდღეობისათვის. აღნიშნული რისკის შემცირება შესაძლებელია პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპების დამკვიდრებით.

1984-1986 წლებში ნორვეგიაში ფინანსურმა ლიბერალიზაციამ, სესხის საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვრისა და სესხის გაცემის რეგულაციების გაუქმებამ, ხელი შეუწყო დაკრედიტების ტემპის ზრდას. აღნიშნულ პერიოდში სესხების წლიური ზრდის ტემპი 30%-ს აღწევდა;

ბაზრის წილის გასაზრდელად ბანკები სესხების გაცემის დროს ნაკლებ ყურადღებას ამახვილებდნენ მომხმარებელთა გადახდისუნარიანობაზე. დაკრედიტების აღნიშნულ პოლიტიკას უძრავ ქონებაზე ფასების ზრდის მოლოდინიც უწყობდა ხელს;

1984-1989 წლებში, შინამეურნეობების ვალის ფარდობა მშპ-სთან 45%-დან 70%-მდე გაიზარდა;

სესხების ზრდამ ხელი შეუწყო ერთობლივი მოთხოვნის ზრდას. შედეგად, 1984-1987 წლებში ბინის რეალური ფასი (ინფლაციით დაკორექტირებული) 40%-ით გაიზარდა. უძრავ ქონებაზე ფასის ზრდა განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო დედაქალაქ ოსლოში, სადაც 1982-1987 წლებში ფასი 2-ჯერ გაიზარდა;

თუმცა, 1986 წელს, ნავთობის ფასის შემცირების შედეგად, ნორვეგიის სავაჭრო ბალანსი მნიშვნელოვნად გაუარესდა, რასაც ადგილობრივი ვალუტის დევალვაცია მოჰყვა;

შემდგომ წლებში, ადგილი ჰქონდა შემზღუდველ ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკას, რათა შემცირებულიყო გაცვლით კურსზე ზეწოლა;

შედეგად, საპირისპირო მიმართულებით შეიცვალა მანამდე არსებული მოლოდინი ბინების ფასის ზრდასთან დაკავშირებით, რამაც ფასების ბუშტის გახეთქვა გამოიწვია. 1987-1991 წლებში უძრავი ქონების რეალური ფასი 40%-ით შემცირდა;

აღნიშნული მოვლენების შედეგად, შინამეურნეობების ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა და 1991 წლისთვის უმოქმედო სესხების მოცულობამ მაქსიმალურ მაჩვენებელს, მთლიანი სესხების 16,4%-ს მიაღწია;

1988 წლიდან, დაიწყო საბანკო კრიზისი, რომელიც 1990 წელს კიდევ უფრო გაღრმავდა. ბანკები, რომლებიც ფლობდნენ მთლიანი სესხების 60%-ს, გაკოტრდნენ ან მიიღეს დამატებითი კაპიტალი სახელმწიფო ფონდისგან;

კრიზისის შედეგად, უმუშევრობის დონე დაახლოებით 5 პპ-ით გაიზარდა;

საბანკო კრიზისი ქვეყანას 28,6 მილიარდი ნორვეგიული კრონა დაუჯდა, რაც მშპ-ს 3,1% იყო.

 

 

 

შემთხვევითი სიახლე

ახალი ონლაინ-სივრცე თიბისი სტატუსის შეხვედრებისთვის

თბილისი (BPI) – თიბისი სტატუსმა ყველა დაინტერესებული ადამიანისათვის ახალი ონლაინ-პლატფორმა – სტატუს შეხვედრების ონლაინ-სივრცე – …