რა კეთდება სემეკში მომხმარებელთა მომსახურების განვითარებისთვის – დავით ნარმანიას განმარტება

ტექნოლოგიური პროგრესის ფონზე, მოსახლეობის ყოველდღიურობა უფრო მეტად მარტივდება. ერთ-ერთი მიმართულება კი მომსახურების სიმარტივეა, როდესაც მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ონლაინ ან კონკრეტულად ერთ სივრცეში მისთვის საჭირო ყველა სახის დავალება შეასრულოს. როდესაც მომსახურების სიმარტივეზე ვსაუბრობთ, ყურადღება უნდა გავამხვილოთ ისეთ მნიშვნელოვან პროდუქტებზე, როგორებიცაა დენი, გაზი და წყალი. ამ კუთხით სემეკში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განმარტებით, მომხმარებელთა მომსახურების განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იყო, სემეკსა და იუსტიციის სახლს შორის თანამშრომლობის განვითარება, ასევე *303#-ის შემოღება, რამაც მომხმარებლებს დრო მნიშვნელოვნად დაუზოგა.

„სემეკს მნიშვნელოვანი და დიდხნიანი თანამშრომლობა აქვს იუსტიციის სახლთან, რომლის ფარგლებშიც გავაფორმეთ მემორანდუმი და არაერთი საინტერესო ერთობლივი პროექტი დავნერგეთ.  გამომდინარე იქიდან, რომ მარეგულირებელი კომისია თავისი კომუნალური სერვისებით, ფაქტობრივად, ყველა ფიზიკურ, იურიდულ თუ  არასამეწარმეო პირს უწევს მომსახურებას, ხოლო მეორეს მხრივ  იუსტიციის სახლს თავისი სერვისებით დაფარული აქვს მთლიანად საქართველო, მნიშვნელოვანი იყო მათთან თანამშრომლობა. ამასთან, ისიც უნდა ითქვას, რომ სემეკს არ ჰყავს რეგიონალური წარმომადგენლები, შესაბამისად, რეგიონში მცხოვრებლებს შესაძლებლობა აქვთ მიმართონ იუსტიციის სახლს, სადაც კომუნალურ სერვისებზე მიიღებენ მათთვის საჭირო ყველა ინფორმაციას.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება მომსახურების განვითარების კუთხით არის იგივე ის სერვისი, როდესაც, მაგალითად, ხდება სახლის გაქირავება, ან გაყიდვა და ამ დროს საჭიროა კომუნალურების გადაფორმება ახალ მეპატრონეზე. თუ ადრე მომხარებელს ცალკ-ცალკე უწევდა ენერგო კომპანიაში, გაზის კომპანიაში და წყლის კომპანიაში მისვლა, დღეს ეს ყველაფერი უკვე ერთი სისტემაშია მოქცეული იუსტიციის სახლში.

ჩვენ მომსახურების განვითარების კუთხით კიდევ უფრო წინ წავედით და იმ მომხმარებლებს, რომლებსაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვთ, მათ ჩვენს მობილურ აპლიკაციაზე წვდომა ინტერნეტის გარეშეც შეუძლიათ. გარდა ამისა, მომხმარებლებს ჩვეულებრივი ტელეფონითაც შეუძლიათ გააგზავნონ შეტყობინება ნომერზე *303# და ამით მათ 15-მდე სხვადასხვა ოპერაცია შეასრულონ. ქვეყანაში რაც უფრო მეტი თანამედროვე ტექნოლოგიები ინერგება და ფართოდ გამოყენებადი ხდება, სემეკი ცდილობს არ ჩამორჩეს ამ ტენდეციებს და ფეხი აუწყოს. ამან  უკვე მოგვცა ის შედეგი, რომ მოიკლო მომხარებელთა მიერ ცხელ ხაზზე ზარების რაოდენობამ, ასევე მოიკლო ოფისში მოქალაქეების ვიზიტებმა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ გაუმარტივდათ მომსახურების მიღება“. – აცხადებს დავით ნარმანია.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების  ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო. აღნიშნული …