ნათია თურნავამ მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებთან და ამერიკელ ინვესტორებთან საქართველოს სტაბილურ მაკროეკონომიკურ და საინვესტიციო გარემოზე ისაუბრა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ მარაქეშში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში Bank of America-ს მიერ გამართულ ინვესტორთა კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

კონფერენციის ფარგლებში ნათია თურნავამ მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლებსა და ამერიკელ ინვესტორებს საქართველოს მიმზიდველი საინვესტიციო პოტენციალი და სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო გააცნო.

კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მირზა გელაშვილი და საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ლალიაშვილი.

ქართულმა დელეგაციამ კონფერენციის მონაწილეებს – JP Morgan-ის, Morgan Stanley-ის, Fidelity Management and Research Company-ის, Artisan Partner-ის, Vanguard Asset Management-ის,  Abrdn Investment Limited-ის და სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლებს საქართველოს შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

შეხვედრისას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოში არსებულ სტაბილურ მაკროეკონომიკურ გარემოს, ინფლაციის შემცირებულ დონეს, ფრთხილ მონეტარულ პოლიტიკას და ბოლო წლების განმავლობაში, გარე შოკების მიუხედავად, ქვეყანაში დაფიქსირებულ მაღალ ეკონომიკურ ზრდას. საუბარი ასევე შეეხო ინვესტორებისთვის საინტერესო ისეთ თემებს, როგორიცაა საბანკო სექტორის სტაბილურობა, დედოლარიზაცია და სხვა.

მარაქეშში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრები 14 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. შეხვედრებში მონაწილეობენ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველები, ასევე ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნიდან.

შემთხვევითი სიახლე

GCCA-ს და UNCTAD-ის ხელმძღვანელობას შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძესა და გაეროს კონკურენციისა და  მომხმარებელთა პოლიტიკის …