მცირე და საშუალო მეწარმეები ტექნიკური წყლით სარგებლობის ლიცენზიას მიიღებენ

თბილისი (BPI) – უახლოეს დღეებში 120-მდე მცირე და საშუალო მეწარმე ტექნიკური წყლით სარგებლობის ლიცენზიას მიიღებს. მთავრობამ უკვე დაამტკიცა წიაღის სექტორის განვითარების სტრატეგია.

ნათია თურნავას განცხადებით, წიაღის სექტორის რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სწორედ ბიზნესის მაქსიმალური ხელშეწყობაა, მათ შორის ერთი ფანჯრის პრინციპი დანერგვით. როგორც მინისტრმა აღნიშნა,  მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ტექნიკური წყლით სარგებლობის ლიცენზიების გაცემა აქამდე საკმაოდ გართულებული პროცედურა იყო.

„როცა მეწარმეებს საკუთარი წარმოებისთვის წყლის მოხმარება სჭირდებოდათ, თუნდაც ჭაბურღილი ჰქონოდათ საკუთარ მიწაზე, ამ წყლის მოხმარება საჭიროებდა ბევრ ბიუროკრატიულ პროცედურას. ახლა ეს მარტივდება და ისინი ძალიან მარტივად, პირდაპირი წესით შეძლებენ ჭაბურღილებიდან ტექნიკური წყლის მოხმარებას“ – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, ნათია თურნავას შეფასებით, ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმ მიმართულებით, რომ მთავრობა ასრულებს დაპირებას და სხვადასხვა სექტორში აქტიურად ამკვიდრებს ერთი ფანჯრის პრინციპს.

„ამით ჩვენ ვაჩქარებთ წიაღის, როგორც რესურსის ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვას, რადგან ეს მიწის რეფორმასთან და დაჩქარებულ პრივატიზაციასთან ერთად მაღალი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ბერკეტია“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

 

შემთხვევითი სიახლე

თიბისიმ ფულადი გზავნილების აქცია დაიწყო

თბილისი (BPI) – აქ. ახლა, თიბისიში ფულადი გზავნილების აქცია დაიწყო. მომხმარებელი, რომელიც ფულად გზავნილს თიბისიში …