კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ მომხმარებლის უფლებების დაცვის თემაზე შეხვედრა გამართა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტის მხარდაჭერით, მრგვალი მაგიდა გაიმართა სახელწოდებით – მომხმარებლის უფლებების დაცვა და მდგრადობის გაძლიერება სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით.

შეხვედრა გახსნეს – კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ; პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ; პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა; TWINNING-ის პროექტის მუდმივმა რეზიდენტმა მრჩეველმა, იუსტინა პაულაუსკაიტემ.

„საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე მიღებული შედეგები აჩვენებს, რომ სამოქალაქო საზოგადოების აქტიური თანამონაწილეობით, მომხმარებლის უფლებების დაცვის ფორმატები არის მეტად ქმედითი და შედეგზე ორიენტირებული. მადლობა გამოცდილების გაზიარებისთვის ჩვენ უცხოელ და ქართველ ექსპერტებს, არასამთავრობო და აკადემიურ სექტორს ჩართულობისთვის, მედიას და სამოქალაქო საზოგადოებას მხარდაჭერისთვის. ვფიქრობ, ერთობლივ ფორმატში აქტიური მუშაობა მოგვცემს შესაძლებლობას აღსრულების პროცესი იყოს მეტად ეფექტური.

სააგენტო მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, თითქმის, 1 წელია აქტიურად მუშაობს. აღნიშნულ პერიოდში, კანონში შევიდა ცვლილებები, დაიხვეწა და ჩასწორდა რიგი საკითხები, ათასობით მომხმარებლის უფლება იქნა აღდგენილი და ათობით კომპანიამ შეცვალა თავისი შიდა პოლიტიკა. სექტემბრის თვეში, ჩვენი უწყება გახდა მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის (ICPEN) პარტნიორი. დასკვნით ეტაპზეა სტრატეგიის სამუშაო დოკუმენტი”, – განაცხადა შეხვედრაზე ირაკლი ლექვინაძემ და დამსწრე საზოგადოებას მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

სემინარზე, მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში, არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის მნიშვნელობა, მეთოდიკა და შედეგები მიმოიხილა ლიეტუვის მომხმარებელთა უფლებების დაცვის უწყების ხელმძღვანელმა, გოდა ალექსაიტემ. საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით მიღებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე პრეზენტაცია წარადგინა საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა, მარიამ შაიშმელაშვილმა. ლიეტუვის მომხმარებლის უფლებების დაცვის უწყების დირექტორის მოადგილე, აიდა გასიუნაიტე-სტავგინსკიენესმა, მონაწილეებთან ერთად დეტალურად იმსჯელა – მომხმარებლის უფლებების ფორმატებზე, შესაძლებლობებზე და აკადემიური სექტორის ჩართულობაზე.

სემინარი დისკუსიის, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ – ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, არასამთავრობო, მედიის, აკადემიური სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

 

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …