თიბისი კანის ახალგაზრდული კონკურსის მხარდამჭერია

თბილისი (BPI) – კანის ადგილობრივი ახალგაზრდული კონკურსი Young Lions Georgia 2021 სტარტს 7 მაისს აიღებს. ადგილობრივი კონკურსის ფორმატი ციფრული იქნება და წელს სამ კატეგორიას უმასპინძლებს: პრინტს, დიზაინსა და ფილმს.

კანის ლომების ფესტივალის გადაწყვეტილებით, კრეატიული ინდუსტრია, 2021-ში, კანის მაგივრად, ერთმანეთს ციფრულ სამყაროში გადაეკვეთება. ოფიციალური ფესტივალის თარიღებია – 21-25 ივნისი.

Young Lions Georgia საქართველოში უკვე მეექვსე წელია ტარდება და წელს კონკურსში 123 გუნდი იასპარეზებს. დაჯილდოება 14 მაისს, თიბისი კონცეპტის სივრცეში, ციფრულ ფორმატში გაიმართება და ცერემონიის ნახვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. გამარჯვებული გუნდები კი, ივნისში, მსოფლიოს 70-მდე ქვეყნის ჩემპიონებს საქართველოს სახელით შეეჯიბრებიან.

საქართველოს სარეკლამო და კრეატიული სფერო ძალებს იკრებს ამ მიმართულებით და წლიდან წლამდე სულ უფრო აძლიერებს თავის პოზიციებს საერთაშორისო ასპარეზზე. ახალგაზრდული კონკურსის მიზანია მომავალი ტალანტების და ზოგადად კრეატიული აზროვნების ხელშეწყობა.

თიბისი უკვე მესამე წელია გულშემატკივრობს Young Lions Georgia-ს და მიზნად ისახავს კრეატიული ინდუსტრიის მხარდაჭერას, რომელიც ქვეყნის მასშტაბით, ერთ-ერთი გამორჩეული ინდუსტრიაა და საერთაშორისო ასპარეზზეც ეთქმის სიტყვა. თიბისისთვის, როგორც ბრენდისთვის მნიშვნელოვანია, რომ კონკურსის ფარგლებში მონაწილეებმა ახალი აღმოჩენები გააკეთონ და მათმა ნამუშევრებმა ფესტივალს გარეთაც გააგრძელოს ცხოვრება.

Cannes Lions International Festival of Creativity 1954 წლიდან არსებობს და ყოველწლიურად ტარდება საფრანგეთში, ქალაქ კანში. კანის ლომები მსოფლიოში ყველაზე დიდი საერთაშორისო ფესტივალია კრეატიულ და სარეკლამო ინდუსტრიაში. კანის ახალგაზრდა ლომების კონკურსი კანის კრეატივის საერთაშორისო ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ახალგაზრდული კონკურსი ივნისის თვეში ტარდება, სადაც 30 წლამდელ რჩეულ ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ თავიანთი ქვეყნის სახელით მსოფლიოს პირველობა დაუმტკიცონ.

 

შემთხვევითი სიახლე

BENTLEY-მ ევროპაში ქსელი გააფართოვა და თბილისში წარმომადგენლობა გახსნა

თბილისში, Bentley Tbilisi-ის ახალი წარმომადგენლობა გაიხსნა. Bentley Tbilisi-ს წარმომადგენლობას ოპერირებას კომპანიის ექსკლუზიური დისტრიბუტორი „თეგეტა ჰოლდინგი“ …