დავით ნარმანია: 2024 წლის ზაფხულში ელექტროენერგიის მოხმარებამ გადააჭარბა ზამთრის პერიოდში მოხმარებას

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, საქართველოში 2024 წელს ელექტროენერგიის მოხმარება 2023 წელთან შედარებით 5.3%-ით გაიზარდა. ამასთანავე, როგორც სემეკის თავმჯდომარე აღნიშნავს, 2024 წელი ჰიდროლოგიური თვალსაზრისით ერთ-ერთი საუკეთესო წელი იყო. გასულ წელს ჰიდროელექტროსადგურებმა 11,2 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც საქართველოს ელექტროენერგეტიკის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.
„გასულ წელს არასაყოფაცხოვრებო სექტორში 2023 წელთან შედარებით მოხმარება 9.3%-ით გაიზარდა. მათ შორის, პირდაპირი მომხმარებლების მოხმარება – 13.1%-ით. ამასთანავე, 2024 წელს, საყოფაცხოვრებო (მოსახლეობა) სექტორში ფიქსირდება ელექტროენერგიის მოხმარების რეკორდული მაჩვენებელი – 3,0 მილიარდი კვტ.სთ, რაც 2023 წლის მაჩვენებელზე 9,2%-ით მაღალია. ასევე, აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ზაფხულში ელექტროენერგიის მოხმარებამ გადააჭარბა ზამთრის პერიოდში მოხმარებას, რაც განპირობებულია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებით, მათ შორის, ტურიზმის ზრდით. ამასთანავე, საგულისხმოა საყოფაცხოვრებო სექტორში კონდიცირების სისტემის სულ უფრო აქტიური გამოყენება,“- აღნიშნა დავით ნარმანიამ.
მისივე ინფორმაციით, 2024 წელს ექსპლუატაციაში შევიდა 3 ჰიდროელექტროსადგური ჯამური სიმძლავრით 48,7 მგვტ, მათ შორის მნიშვნელოვანი იყო ხობი-2 ჰესი 45,7 მგვტ სიმძლავრით, რაც კიდევ უფრო მეტად გაზრდის ელექტროენერგიის გამომუშავებას.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ აზერბაიჯანის საელჩოში გახსნის სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ აზერბაიჯანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში …