გაზზე მომუშავე 12-მეტრიანი, 110 ავტობუსის შესაძენად ტენდერი გამოცხადდება

თბილისი (BPI) – თბილისის მერია ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე 12-მეტრიანი, 110 ერთეული  ავტობუსის შესაძენად ტენდერს გამოაცხადებს. ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ერთად, ტენდერი ახალი ავტობუსების შესაძენად უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხია. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ძალიან მალე ყვითელი ფერის ავტობუსები ჩავანაცვლოთ ახალი, თანამედროვე ტიპის ავტობუსებით. უკვე შევიძინეთ 90 ერთეული MAN-ის ტიპის ავტობუსი. მათგან 40 ერთეული მოწოდებულია და თბილისის მოსახლეობა სარგებლობს. ველოდებით დარჩენილი 50 ერთეულს, რომელიც ივლისში უნდა შემოსულიყო, თუმცა კომპანიას დამზადებასთან დაკავშირებით, გარკვეული პრობლემები შეექმნა. ამ ავტობუსებზე მოთხოვნა ძალიან დიდია და კომპანიას გარკვეული შეფერხებები აქვს. ძალიან მალე მოგვაწოდებენ და თბილისის მოსახლეობას ექნება საშუალება, ამ ავტობუსებით ისარგებლოს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, უკვე შესყიდულია რვამეტრიანი, ISUZU-ს მარკის 220 ავტობუსი, რომელთა მოწოდება უახლოეს მომავალში დაიწყება.

 

შემთხვევითი სიახლე

GCCA-ს და UNCTAD-ის ხელმძღვანელობას შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძესა და გაეროს კონკურენციისა და  მომხმარებელთა პოლიტიკის …