კონფერენციაზე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საჯარო სექტორის ტრანსფორმაციის და ინფრასტრუქტურის განვითარების შესახებ იმსჯელებენ
11-12 ივნისს, სასტუმროში „შერატონ მეტეხი პალასი“ PwC-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების (CEE) საჯარო სექტორისა და ინფრასტრუქტურის ორდღიანი კონფერენცია იმართება, რომელშიც მონაწილეობას იღებს რეგიონში შემავალი 29 ქვეყნის წარმომადგენელი. კონფერენციის მთავარი თემაა ინფრასტრუქტურის განვითარებისა და საჯარო სექტორის ტრანსფორმაციის ხელშეწყობა საქართველოსა და რეგიონში. კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია ასევე დისკუსია საჯარო სექტორის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით.
PwC-ის ანალიზის თანახმად, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს 3 ტრილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია დასჭირდება მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად, რის თაობაზეც მსოფლიო ლიდერები შეთანხმდნენ 2030 წლისთვის. კერძო სექტორის მიერ მდგრადი განვითარების პროექტების დაფინანსების მიმართ ინტერესი მზარდია, თუმცა, ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას რამდენიმე ფაქტორი აფერხებს. PwC-ის კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ იმას, თუ როგორ შეიძლება რომ უფრო მიმზიდველი გახდეს მსგავსი პროექტების დაფინანსება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.
რეგიონალური განვითარების შესახებ დისკუსიას უძღვებოდა PwC საქართველოს საკონსულტაციო დეპარტამენტის დირექტორი თამთა შერმადინი. მასში მონაწილეობდნენ საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, ბ-ნი ირაკლი ქარსელაძე, საქართველოს საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელი, ბ-ნი ალექსანდრე რევია; აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეგიონალური პორტფელის მენეჯერი, ბ-ნი ბენ ლაკოკი (დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში); ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კავკასიის რეგიონალური დირექტორი, ქ-ნი კაროლინა ბორლინ ჰანსენი; და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ქ-ნი ლუიზა ვინტონი.
„ჩვენ ვეყრდნობით სხვა ქვეყნების გამოცდილებას იმ კუთხით, თუ როგორ ვმართოთ ეფექტურად ქვეყნის ინფრასტრუქტურის სექტორში და განვითარების პროექტებისთვის გათვალისწინებული ფინანსები. ამ მიმართულებით დიდი პროგრესი გვაქვს, თუმცა, ამ ტიპის პროექტების მხარდასაჭერად სწორი ფინანსური მოდელია საჭირო. PwC-ის აქვს ეს ცოდნა და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი საფუძველია საჯარო და კერძო თანამშრომლობის ფორმატის შემდგომი განხილვებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების წარმატებით განხორციელებას,” – განაცხადა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ბ–ნმა ირაკლი ქარსელაძემ.
კონფერენციის მასპინძელი ქვეყანა – საქართველო – საჯარო სექტორის ტრანსფორმაციის და განვითარების კარგი მაგალითია. საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვნად გაიზარდა გასული ათწლეულის განმავლობაში. ეკონომიკური რეფორმებისა და კარგი მმართველობის დანერგვით საქართველომ „რეფორმატორის“ იმიჯი დაიმკვიდრა რეგიონსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის.
საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელის, ბ–ნი ალექსანდრე რევიას განცხადებით, „საჯარო და კერძო თანამშრომლობა არის მექანიზმი, რომელსაც საქართველოს მთავრობა იყენებს ქვეყნის განვითარების მიზნებისთვის. ამ მიზნების მისაღწევად ჯერ კიდევ გვაქვს ფინანსების ნაკლებობა, შესაბამისად, ვეძებთ ინვესტიციების მოზიდვის გზებს კერძო სექტორიდან. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი სწორად წარიმართოს. ჩვენ ვუყურებთ არა მხოლოდ პროექტის მომგებიანობას ინვესტორისთვის, არამედ ასევე იმას, რომ პროექტმა ხელი შეუწყოს განვითარების მიზნების მიღწევას, რაც სასარგებლო იქნება ქვეყნის მოსახლეობისთვის. -ის აქვს მსგავსი პროექტების განხორციელების რეგიონული გამოცდილება და ალბათ სწორედ აქ არის შესაძლებლობა თქვენთვის, რომ ჩაერთოთ პროექტების განხორციელებაში რეგიონში, რაც კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამშრომლობას უფრო მოქნილს და ეფექტურს გახდის უახლესი ციფრული მექანიზმების გამოყენებით.”
მიუხედავად მიღწევებისა, როგორც საქართველოში, ასევე მთლიანად რეგიონში, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. PwC-ის საჯარო სექტორისა და ინფრასტრუქტურის ჯგუფი რეგიონის მასშტაბით მრავალ პროექტშია ჩართული, რაც გულისხმობს ადგილობრივი ხელისუფლების ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერებას, კრიტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებას და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას.
„მოხარული ვარ, რომ კერძო სექტორი დაინტერესებულია მდგრადი განვითარების მიზნებით. ძალიან ბევრი ადამიანი ამ მიზნებს აღიქვამს როგორც გაერთიანებული ერების დღის წესრიგს, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ თითოეულმა წევრმა სახელმწიფომ ნებაყოფლობით და ენთუზიაზმით აიღო ამ მიზნების განხორციელების ვალდებულება, ის ქვეყნების ეროვნული დღის წესრიგის ნაწილად იქცა. განვითარების პროექტების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება უნდა მოხდეს საზოგადოების ფართო მონაწილეობითა და ჩართულობით. მნიშვნელოვანია, რომ მოვისმინოთ იმ ადამიანების ხმა, რომლებიც არ ფლობენ ძალაუფლებას – ჩვენს რეგიონში მათი უმრავლესობა მამაკაცია. ასევე მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ამ პროექტების მდგრადობა მუნიციპალურ დონეზე. საკმარისი არ არის მხოლოდ შენობების აშენება, არამედ მნიშვნელოვანია, რომ აპ პროცესში ის ადამიანები იყვნენ ჩართულნი, ვინც უნდა ისარგებლოს ახალი ინფრასტრუქტურით და იზრუნოს მათ შენარჩუნებაზე,” – განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელმა საქართველოში, ქ–ნმა ლუიზა ვინტონმა.
კონფერენციაზე PwC-ის საჯარო სექტორის ექსპერტებმა განიხილეს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ადგილობრივ მთავრობებთან თანამშრომლობის წარმატებული მაგალითები, მათ შორის: ელექტრონული მმართველობის ინიციატივა სლოვაკეთში, ღია მონაცემების დამუშავების მექანიზმები, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საუკეთესო სცენარები და არაქმედითუნარიანი სესხების ათვისების გზები საჯარო სექტორის მიერ.
„ჩვენს ინტეგრირებულ, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საჯარო სექტორისა და ინფრასტრუქტურის ჯგუფში ვაერთიანებთ 29 ქვეყნის გამოცდილებას ჩვენი გლობალური ქსელის მეშვეობით. ხელს ვუწყობთ დაინტერესებული მხარეების ერთმანეთთან დაკავშირებას, მათ შორის ვაკავშირებთ ცენტრალური და ადგილობრივ მთავრობებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, ბიზნესებთან, სტარტაპებთან და საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ისეთ საერთაშორისო დონორებთან როგორიცაა ევროკავშირი (EU), დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტი (UK DFID), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ევროპის საერთაშორისო ბანკი (EIB) და მსოფლიო ბანკი (WB) ისეთ პროექტებზე, რაც უკავშირდება ციფრული საჯარო სექტორისა და ინოვაციების სტრუქტურულ რეფორმებს, ასევე გამჭვირვალობას და საბაზრო ეკონომიკის ტრანსფორმაციას,“ – განაცხადა PwC–ის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის საჯარო სექტორის და ინფრასტრუქტურის ლიდერმა აგნიეშკა გაიევსკამ.
PwC-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის აღმასრულებელმა დირექტორის, ნიკ კოშის განცხადებით, „ჩვენი ქსელის წარმატებას განაპირობებს ძლიერი ადგილობრივი ლიდერების ერთობლივი მუშაობა. წლევანდელი კონფერენციის მთავარი დევიზია კავშირებით ძლიერი ლიდერები (Leaders Powered by Connections), რადგან მტკიცედ გვწამს, რომ მხოლოდ საჯარო და კერძო სექტორების ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი საუკეთესო გადაწყვეტილებების მოძიება, რათა ჩვენს ქვეყნებს დავეხმაროთ მათ წინაშე მდგარი რთული პრობლემების გადაჭრაში. აქ ვგულისხმობთ, როგორც საჯარო მმართველობის გაუმჯობესებას და ინფრასტრუქტურის განვითარებას, ისე იმ პოლიტიკის მხარდაჭერას, რაც დააჩქარებს ეკონომიკურ ზრდას და რეგიონის ქვეყნებს ციფრული რევოლუციისთვის მოამზადებს.“
კონფერენცია, რომლის მასპინძლები არიან აგნიეშკა გაიევსკა და PwC საქართველოს მმართველი პარტნიორი ლაშა ჯანელიძე, ფოკუსირებულია საჯარო სექტორის ტრანსფორმაციის თემატიკაზე, მათ შორის განიხილება საქართველოს საჯარო სექტორის მოდერნიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯები და ის გამოცდილება, რაც რელევანტურია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნებისთვის.
„ამ მნიშვნელოვანი კონფერენციის საქართველოში ჩატარება ჩვენს ქვეყანის მიერ ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიღწეულმა პროგრესმა განაპირობა, უფრო კონკრეტულად კი იმ მნიშვნელოვანმა რეფორმებმა, რომლებიც ხორციელდება საჯარო სექტორში, ასევე ბიუროკრატიის შემცირების და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების მიმართულებებით. ცხადია, კიდევ მეტია გასაკეთებელი განვითარებისთვის, თუმცა, ვამაყობთ, რომ დღემდე მიღწეული პროგრესით საქართველო წარმატების მაგალითია მთელი რეგიონის მასშტაბით,“ – განაცხადა PwC საქართველოს მმართველმა პარტნიორმა ლაშა ჯანელიძემ.
____________________________
PwC–ს საჯარო სექტორისა და ინფრასტრუქტურის პრაქტიკის შესახებ
საჯარო სექტორი და ინფრასტრუქტურა PwC-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სტრატეგიული სექტორია. წლების განმავლობაში, PwC-იმ მნიშვნელოვანი გამოცდილება დააგროვა ამ მიმართულებით, რათა დახმარებოდა რეგიონის ქვეყნებს საჯარო სექტორისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობთ პროექტებში ადგილობრივ მთავრობებსა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად, მათ შორის რამდენიმე მსხვილი ჩარჩო-ხელშეკრულების ფარგლებში, რაც ითვალისწინებს რეგიონის მხარდაჭერას სტრუქტურული რეფორმების კუთხით.
პროექტების წარმატებით განხორციელების მრავალწლიანი გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა საშუალებას გვაძლევს მაღალი ხარისხის მომსახურება გავუწიოთ კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე.
გაიგეთ მეტი ბმულიდან: https://www.pwc.pl/en/services/capital-projects-infrastructure.html
PwC ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის შესახებ
PwC-ში ჩვენი მიზანია საზოგადოების ნდობის ამაღლება და მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტაში მათი დახმარება. ჩვენს ქსელში შემავალი ფირმები 158 ქვეყანაშია განთავსებული და მასში დასაქმებულია 250,000-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც უზრუნველყოფენ მაღალხარისხიან აუდიტორულ, საკონსულტაციო და საგადასახადო მომსახურებებს.
PwC აქტიურად არის წარმოდგენილი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში 25 წელზე მეტია. PwC ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა (PwC CEE) არის ქსელი ფირმებისა, რომელშიც შემავალი თითოეული ფირმა არის ცალკე და დამოუკიდებელი იურიდიული პირი და თითოეული მოქმედეს ადგილობრივი კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად. ჩვენ ვმუშაობთ, რათა ჩვენი კლიენტები ადგილობრივ ბაზრებზე უფრო წარმატებულები და გლობალურად კონკურენტუნარიანები გავხადოთ. დღეს ჩვენთან დასაქმებულია 12,000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 275 პარტნიორი, რომლებიც მუშაობენ 56 ოფისში 29 ქვეყანაში.
PwC-ს მნიშვნელობა წარმოადგენს PwC ქსელს და/ან ერთ ან მეტ მის წევრ ფირმას, რომლის თითოეული წევრი წარმოადგენს ცალკე იურიდიულ პირს. დეტალებისთვის იხილეთ ბმული: www.pwc.com/structure