თბილისი (BPI-UG) – 2018 წლის 3 ნოემბერს დაახლოებით 18:30 წუთზე, ქალაქ რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცს _ გიორგი ღვალაძეს ე.წ „კაი ბიჭებმა“ მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ყურიდან საყურე ჩამოახიეს და სცემეს. მიზეზი იყო ის, რომ ახალგაზრდა მამაკაცი „არატრადიციული ორიენტაციის“ წარმომადგენელი იყო. თავი კი მხოლოდ მას შემდეგ დაანებეს, როდესაც ახალგაზრდა მიწაზე დაეცა.
ამ ფაქტის შესახებ ჩემმა მეგობარმა მიამბო, რადგან დაზარალებული მისი ახლო ნათესავია. წყაროს ინფორმაციით, დაზარალებულს პოლიციისთვის არ მიუმართავს და ბუნებრივია ამ საქმეზე არც გამოძიება აღძრულა. რამაც ჩემში დიდი ეჭვები და ინტერესი გააჩინა. დავინტერესდი ამ თემით და გადავწყვიტე ამ საქმის დეტალები გამომეძია. თუ რის ნიადაგზე მოხდა ეს შემთხვევა? საქმე მხოლოდ მის ორიენტაციაში იყო თუ არა? ამ საქმეში კიდევ ხომ არ იყო რაიმე დაფარული მოტივი? დავინტერესდი იმ ფაქტით თუ, რატომ არ მიმართა დაზარალებულმა პოლიციას? ნუთუ არ ენდობოდა მათ? და თუ არ ენდობოდა – რატომ?
თავდაპირველად ჩემი მცდელობა ინტერვიუს აღებასთან დაკავშირებით უშედეგო არ მოჩნდა. ამიტომ ისევ ჩემს მეგობარს (წყაროს) დავუკავშირდი, რომელმაც მითხრა თუ რა ადგილას მოხდა შემთხვევა და იმ ადგილისკენ გავეშურე. ადგილზე მისვლისას შევისწავლე გარემო. შემთხვევა ქალაქის გარეუბანში მოხდა. ადგილზე კორპუსები, მოედანი და ორი მაღაზია დამხვდა. რომლებსაც წესით 18:30 წუთზე საკმაოდ აქტიურ მდგომარეობაში უნდა ემუშავათ და სულ, რომ თვალები დაეხუჭათ შემთხვევას მაინც დაინახავდნენ.
მაღაზიაში შევედი, სადაც მხოლოდ ერთი შუახნის ქალბატონი დაახლოებით 40-45 წლის დამხვდა, რომელსაც მივესალმე და შემდეგ კონკრეტული ფაქტის შესახებ ვკითხე. ქალბატონმა მზიამ კი ასეთი რამ თქვა: „ჯერ ყვირილის ხმა გავიგე და გარეთ გავედი, მერე დავინახე 3 ბიჭი ურტყამდა ძირს დაგდებულს ყვირილი ავტეხე და ამ ხმაზე ისინი გაიქცნენ. გადავწყვიტე პოლიციაში დამერეკა, მაგრამ მან მთხოვა არ დამერეკა. ფეხზე წამოაყენეს და ჩემთან აქ შემოიყვანეს. წარბიდან და ტუჩიდან სისხლი მოსდიოდა და ხელსახოცებით იწმენდდა. მერე ვიღაც ბიჭს დაურეკა, მანქანით მოაკითხეს და წაიყვანეს. მეტი არაფერი ვიცი.“
მეორე დღეს უკვე გარკვეული ინფორმაციით შეიარაღებული მივედი დაზარალებულთან. ამჯერად ჩემთან ერთად ჩემი მეგობარიც იმყოფებოდა, რომელიც ამავდროულად მისი ნათესავიც იყო. გიორგის ამჯერად ვუთხარი, რომ ამ შემთხვევაზე საკმაოდ ბევრი ინფორმაცია მქონდა, მაგრამ მე მაინტერესებს თუ რა მოხდა სინამდვილეში? რამ გამოიწვია დაძაბულობა? რა იყო ამის მიზეზი? და რატომ არ შეატყობინე პოლიციას?
„მეგობრის სახლიდან მოვდიოდი ტაქსით, დაახლოებით იყო 18:30 წუთი. გზაში გამახსენდა, რომ სიგარეტი არ მქონდა და ამიტომ ტაქსი მაღაზიასთან გავაჩერე და გავუშვი. სიგარეტი ვიყიდე და გამოვედი. მაღაზიიდან ჩემი სახლი ახლოს არის ხომ იცი და ამიტომ ფეხით წამოვედი. ქუჩაში, რომ მოვდიოდი მოედნის გვერდით 4 ბიჭი საუბრობდა, ხელში ლუდის ბოთლები ეჭირათ და სიგარეტს ეწეოდნენ. მე ამოვიღე სიგარეტი ჯიბიდან და სანთებელა ვთხოვე, რომ სიგარეტისთვის მომეკიდებინა. ერთმა სიცილი დაიწო და მეორეს უთხრა: „პიდარასტია ეს ჩემისაო“. მერე იმ ბიჭს, ვისაც ვკითხე ასანთი ხომ არ გაქვს თქო დაცინვა დაუწყეს ბიჭო შენ დაევასე და ასანთი მოიმიზეზა, რომ გაგიცნოსო. მივხვდი, რომ ჩემი გაშაყირება უნდოდათ და ასანთის მოცემას საერთოდ არ აპირებდნენ და წასვლა გადავწყვიტე. მერე საყურეზე მითხრეს: მოიხსენი სირცხვილია არასწორი პონტიაო და რაღაც ეგეთებს მეუბნებოდნენ. მე შემოვტრიალდი და წამოვედი. მერე ერთმა ყვირილი დამიწყო, „რომ გელაპარაკები თვალებში შემომხედე შე პიდარასტო“. შენ კაი ბიჭის სიტყვას პატივს არ სცემო?! და დავინახე 3 ბიჭი ჩემკენ წამოვიდა. ერთი ადგილიდან უყვიროდა გაანებეთ ბიჭო მეტი საქმე არ გაქვთ გოგოს ხელი არ დაარტყათო. ერთმა გამაჩერა და ხელი მოვიქნიე თავი დამანებეთ მეთქი და ყვირილი დავიწყე. მერე მითხრეს „რა გაყვირებს შე პიდარასტოო“ და მუშტების რტყმა დამიწყეს.
___ გიორგი დაძაბულობა შენმა ორიენტაციამ გამოიწვია?
___ გიორგი: „რა თქმა უნდა. ეშინიათ, რომ ქართველობას ვართმევთ. (გიორგი ირონიულად იცინის).“
___ რას გულისხმობ ანუ წარსულშიც გქონია მსგავსი შემთხვევები?
___ გიორგი: „ნუ ასეთი არა, მაგრამ ჩემი ორიენტაციის გამო დამცირება ბევრჯერ მოუყენებიათ. ქუჩაში ხალხი ზიზღით მიყურებს. მათ ჰგონიათ, რომ მე მომწონს ასეთი, რომ ვარ და ჰგონიათ, რომ ამას ძალით ვაკეთებ, მაგრამ ეს ხომ ასე არ არის.“
___ გიორგი, როგორც თვითმხილველებმა თქვეს, შენ გითხოვია, რომ პოლიციაში არ დაერეკათ. ეს რატომ გააკეთე?
___ გიორგი: „პოლიცია? (გიორგი ამ დროს ირონიულად იღიმის). პოლიცია. პოლიციას იმიტომ არ შევატყობინე, რომ აზრი არ ჰქონდა. ისინიც ისევე მიყურებენ როგორც სხვები.
___ რას გულისხმობ?
___ გიორგი: „შარშან მე და ჩემი მეგობარი ქუჩაში დაგვაკავეს, საეჭვო ტიპები ხართო, მაგრამ მალე გამოგვიშვეს.
ამ ზაფხულს მე და ჩემი მეგობარი პარკში სკამზე ვიჯექით და რაღაცეებზე ვლაპარაკობდით. ორი პოლიციელი მანქანიდან გადმოვიდა და მაღაზიაში უნდა შესულიყვნენ. სანამ შიგნით შევიდოდნენ შემოგვხედეს და გვითხრეს: „გამარჯობათ გოგონებოო“. ახლა შენ მითხარი ჰქონდა აზრი მათთან წასვლას? ისინიც ისევე ირონიით მიყურებენ როგორც სხვები. დამიჯერე ისინი სხვებზე უარესები არიან.“ გზაში მეგობარს ვეკითხებოდი: ნუთუ ასთი მდგომარეობაა დღეს ჩვენს ქვეყანაში? ნუთუ არავინ იცავს ამ ადამიანების უფლებებს? და თუ იცავს, რატომ არაა რეალურად დაცული მათი უფლებები? რომელი კანონი იცავს მათ? რამდენად ხშირია მსგავსი შემთხვევები? მეგობარმა გაიცინა და მითხრა: „მეტი საქმე არ გაქვს?“ მივხვდი, რომ მასთან საუბარს აზრი არ ჰქონდა ამიტომ დავემშვიდობე და სახლში წამოვედი. გადავწყვიტე ამ კითხვებისთვის პასუხები გამეცა.
რომელი სამართლებრივი და კონსტიტუციური მუხლები იცავს უმცირესობების უფლებებს ჩვენს ქვეყანაში?
მუხლი 1. კანონის მიზანი. ___ ამ კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის, ეროვნული კუთვნილების, პროფესიის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის შეხედულებების მიუხედავად.
მუხლი 2. დისკრიმინაციის ცნება / დისკრიმინაციის აკრძალვა. ___ 1) საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია. ___ 2) პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს. ___ ირიბი დისკრიმინაცია არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული, რომელიმე ნიშნის მიხედვით არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ სიტუაციაში მყოფ სხვა პირებთან შედარებით.
არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ წარმომადგენლების ინფორმაციით: – წინა წლებთან შედარებით ამ კუთხით მდგომარეობა გამოსწორდა და თვალშისაცემად იკლო დისკრიმინაციულმა შემთხვევებმა. მაგალითად 2016 წელს იანვარ-მარტში იყო ჩვენთვის ცნობილი დაახლოებით სულ 36 შემთხვევა, წელს კი – სულ რაღაც 15 შემთხვევაა ჩვენთვის ცნობილი. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მდგომარეობა პროგრესულია, თუმცა ბუნებრივია შედეგი მაინც საკმაოდ მძიმეა. რასაკვირველია თითოეულ ფაქტზე პოლიციის მხრიდან იყო საკმაოდ დროული და შესაბამისი ზომების მიღების მცდელობა.
როგორც ვხედავთ არსებული დისკრიმინაციული კანონების მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა უმცირესობების მიმართ დისკრიმინაციული შემთხვევები ფიქსირდება. დღეს ეს პრობლემა ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან დროა საზოგადოებამაც და ხელისუფლებამაც რეალობას თვალი გაუსწოროს. მსგავსი პრობლემების გამოვლენა და შესაბამისად საპასუხო ზომების მიღება მსგავს შემთხვევებზე ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესს, თანასწორობას და საზოგადოების ერთიანობას. თუ გვსურს დემოკრატიაში ცხოვრება და ევროპული მომავალი, მაშინ პირველ რიგში დღეს ჩვენ უნდა დავიცვათ თითოეული ადამიანის უფლებები იმისთვის, რომ ხვალ არ შეილახოს ჩვენი უფლებები. ამ პრობლემას არ უნდა შევხედოთ მხოლოდ „სექსუალურ უმცირესობათა“ კუთხით, არამედ იგი უნდა დავინახოთ ადამიანთა უფლებების ჭრილში, რადგან არ აქვს მნიშვნელობა ვის რა სწამს, ვინ რა ორიენტაციისაა, ვინ როგორ გამოიყურება, ვინ რა რელიგიას ქადაგებს, მთავარი არის ის, რომ ყველა თანასწორი უფლებებით ვსარგებლობთ და ამ ადამიანებსაც ისეთივე უფლებები გააჩნიათ, როგორიც სხვა ადამიანებს!
ამირან კოპაძე