თბილისი (BPI) – კობი-გუდაურის მონაკვეთზე შექმნილი ზვავსაშიშროების გამო მოძრაობა უკვე მესამე დღეა შეფერხებულია.
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინსიტრაციის ცნობით, მგზავრების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, რწმუნებულის ადმინსიტრაცია, ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად, კოორდინირებულად მუშაობს. ავტოკოლონის არასრულწლოვანი მგზავრები, მშობლებთან ერთად, საოჯახო ტიპის სასტუმროში არიან გადაყვანილები. დუშეთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით მათ გუშინ ცხელი საკვები ჩაუტანეს.
პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე ადგილზე იმყოფებოდნენ და მიიღეს გადაწყვეტილება, დღის მეორე ნახევარში, ჟინვალის ტერიტორიაზე 50 კაცზე გათვლილი კარავი განთავსდეს, სადაც მგზავრები გათბობას და ცხელი საკვების მიღებას მოახერხებენ.
მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რათა გზა დროულად გაიხსნას და მგზავრებმა უსაფრთხოდ შეძლონ გადაადგილება. ადგილზე საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახურია მობილიზებული. მიმდინარეობს ტერიტორიის დასუფთავება.
ამ ეტაპზე, კობი-გუდაურის მონაკვეთზე მოძრაობა ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის აკრძალულია. მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე საავტომობილო გზების დეპარტამენტი გაწმენდით სამუშაოებს დაიწყებს.