თბილისი (BPI) – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ვენაში Euromoney-ს ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
ყოველწლიური ფორუმის მუშაობაში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ცენტრალური ბანკების და მთავრობის წარმომადგენლები, ინვესტორები და სხვადასხვა წამყვანი ფინანსური ორგანიზაციების ლიდერები მონაწილეობდნენ.
“ფორუმის განმვალობაში გამართულ განხილვებზე ყურადღება დაეთმო გლობალურად მონეტარული პოლიტიკის მიმართულებით არსებულ გამოწვევებს ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპაში საპროცენტო განაკვეთების ზრდის ტენდენციების ფონზე. ასევე განვიხილეთ ცენტრალური ბანკების დამოუკიდებლობის როლი ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის. ამ ღონისძიებაში მონაწილეობა მნიშვნელოვანია, რადგანაც ფორუმი საკმაოდ წარმომადგენლობითია. გარდა იმისა, რომ ფორუმს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მთავრობების და ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები ესწრებიან, ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ გავლენიანი სარეიტინგო კომპანიები და ინსტიტუციონალური ინვესტორები, რომლებიც უკვე არიან საქართველოს ბაზარზე, ან სურთ შემოსვლა”, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.
ფორუმის ფარგლებში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა შეხვედრები გამართა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების წარმომადგენლებთან. ასევე, შეხვდა პოტენციურ ინვესტორებს და მათ ქვეყნის მაკროეკონომიკური ტენდენციების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. Euromoney-ს ყოველწლიურ ფორუმზე მონაწილეებმა ასევე განიხილეს ფინანსური ბაზრების გლობალური საკითხები და ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება კაპიტალის ბაზრის განვითარების, ინვესტიციების და ფინანსური ინსტიტუტების ზრდის შესაძლებლობების შესახებ.