„ჯეოქეისის” სატრენინგო კურსის „საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოების საკითხები” მესამე მოდული „ეკონომიკური პოლიტიკა და ეკონომიკური უსაფრთხოება“ დაიწყო, რომელსაც ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის” მკვლევარი ეკონომიკის მიმართულებით და საინფორმაციო სააგენტო „კომერსანტის“ მმართველი პარტნიორი გიორგი აბაშიშვილი გაუძღვება.
მოდულის მიზანია პროგრამის მონაწილეებს გააცნოს ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის და მისგან გამომდინარე ფორმირებული ეკონომიკური უსაფრთხოების ძირითადი პრინციპები.
აღნიშნული მოდულის ფარგლებში სტუდენტები გაეცნობიან იმ ძირითად განმაპირობებელ ფაქტორებს, რომლებიც განსაზღვრავენ ან შესაძლებელია განსაზღვრონ ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების პრინციპები და მიმართულებები.
კურსი უფრო სპეციფიკური მიმართულებებით ფარავს შემდეგ ძირითად საკითხებს როგორიცაა: მაკროეკონომიკურ პოლიტიკის ფორმირება – მშპ-ის სტრუქტურა, ბიუჯეტი, გადასახადები და ვალი, ჩრდილოვანი ეკონომიკა და კორუფცია, ბაზრის ანალიზი: ფასები და დემპინგი, მონოპოლიები და ინტერესთა ჯგუფები, ქვეყნის სავაჭრო პოლიტიკა და დივერსიფიკაცია, ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკა და ენერგოუსაფრთხოება, ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკა და კონკურენტული უპირატესობის განსაზღვრა, ქვეყნის მონეტარული პოლიტიკა და ფინანსური უსაფრთხოება.
მოდულის მიმდინარეობისას ასევე მიმოხილული იქნება სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური უსაფრთხოების მოდელები.
„ჯეოქეისის“ სტუდენტურ პროგრამაში – „საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება“ მონაწილეობას იღებენ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან.