თბილისი (BPI) – 8 მაისს, 10:00-ზე, სასტუმროში „თბილისი მერიოტი“, საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) ორგანიზებით გაიმართება ღონისძიება, სადაც მოხდება საარბიტრაჟო დავის წარმოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილის – პროცედურული კონფერენციის, პროცედურულ საკითხთა შესახებ დადგენილების და მათი შედეგების განხილვა. სამუშაო შეხვედრაში პრაქტიკოსი იურისტები, პოტენციური არბიტრები, ადვოკატები და მხარეთა წარმომადგენლები ჩაერთვებიან, რომლებსაც გამოცდილებას საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრთან ერთად, წამყვანი იურიდიული ფირმებისა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები გაუზიარებენ. ღონისძიება იმართება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) მხარდაჭერით.
შეხვედრის მთავარი მიზანი არბიტრაჟის სფეროში პროფესიული უნარების განვითარების ხელშეწყობაა. ღონისძიებაზე წარადგენენ ასევე, საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის მიერ შედგენილი დოკუმენტის ნიმუშს- „საარბიტრაჟო განხილვის საკითხთა შესახებ დადგენილება“ და ისაუბრებენ მის მნიშვნელობაზე.
„ძალიან თვალსაჩინო შედეგი გვაქვს ქვეყანაში არბიტრაჟის ინსტიტუტის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიმართულებით. ბიზნესში ნდობა იმატებს და დავების გადასაწყვეტად სასამართლოს ალტერნატივას უფრო და უფრო ხშირად მიმართავენ. უნდა აღინიშნოს, რომ არბიტრაჟის შესახებ კანონში შესულმა ცვლილებებმა და სახელმწიფოს ღია მხარდაჭერამ ხელი შეუწყო ბიზნეს სუბიექტებში ამ სფეროსადმი ნდობის ამაღლებას. თუმცა, სასურველ შედეგამდე კიდევ დიდი გზაა და ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან არბიტრაჟის ინსტიტუტის განვითარება გრძელვადიანი პროცესია. გვაქვს ამბიცია ვიყოთ საარბიტრაჟო ჰაბი რეგიონის ქვეყნებში, თუმცა ამისთვის საჭიროა მაღალი კვალიფიკაცია და კომპეტენცია ამ სფეროში. ჩვენი სამუშაო შეხვედრა სწორედ პოტენციურ არბიტრებში პროფესიული უნარებისა და კომპეტენციის ხარისხის გაზრდას ემსახურება.“- აცხადებს საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის ხელმძღვანელი ბექა ინჯია. მისივე თქმით, მსგავსი ტიპის ღონისძიებებს ცენტრი პერმანენტულად მართავს.
შეგახსენებთ, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი დაფუძნებულია წამყვანი საერთაშორისი საარბიტრაჟო ინსტიტუტების მოდელების გათვალისწინებით და მისი ძირითადი მიზანია დავების გადაწყვეტის ნეიტრალური, ეფექტური და მოქნილი ალტერნატიული მექანიზმების ჩამოყალიბება. საარბიტრაჟო ცენტრის საარბიტრაჟო წესები არის შემუშავებული არბიტრაჟის ექსპერტთა და პრაქტიკოსთა საერთაშორისო კომისიის მიერ და აერთიანებს ახლა ტენდენციებს საარბიტრაჟო სფეროში და საუკეთესოდ დაცდილ დებულებებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებს მხარეთა მოთხოვნებს. საარბიტრაჟო ცენტრის საარბიტრაჟო წესები იძლევა საშუალებას მსოფლიოს ნებისმიერი ენა და ქვეყანა იქნას არჩეული დავების განსახილველად. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი არის პირველი და ერთადერთი საარბიტრაჟო ინსტიტუტი საქართველოში, რომელიც არ არის ორიენტირებული მოგებაზე. საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის სტრუქტურული ორგანოებია გამგეობა, საარბიტრაჟო საბჭო და სამდივნო. გამგეობა გადაწყვეტილებებს იღებს საარბიტრაჟო ცენტრის წესდებით ზუსტად განსაზღვრული საკითხების შესახებ და მონაწილეობას არ იღებს დავის გადაწყვეტის პროცესში.