თბილისი (BPI) – ავიაკომპანია Georgian Airways-ის ინფორმაციით, თურქული კომპანია “ტავ ურბან ჯორჯია” ავიაკომპანიას თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენების განხორციელების საშუალებას არ აძლევს და ითხოვს “არარეალური ვალების დაფარვას, რისი ერთადერთი მიზანიც ავიაკომპანიის და მისი მგზავრების გაძარცვაა“, – განცხადებას ქართული ავიაკომპანია ავრცელებბს.
ავიაკომპანიაში აცხადებენ რომ ისეთი გადასახადები, როგორიც “ტავ ურბან ჯორჯიას” აქვს დაწესებული, არ არსებობს ევროპის თითქმის არცერთ აეროპორტში.
“Georgian Airways-ის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ “ტავ ურბან” ჯორჯიას მმართველობის პირობებში, შეუძლებელია ქართული ავიაციის ფუნქციონირება და შემდგომი განვითარება.
“ტავ ურბან ჯორჯიას” წელიწადში სუფთა მოგების სახით 400 მილიონ ლარზე მეტი გააქვს საქართველოდან, სანაცვლოდ კი თბილისში, რეგიონში ყველაზე ცუდი აეროპორტი გვაქვს, ხოლო ბათუმის აეროპორტში გაუსაძლისი პირობებია. “ტავ ურბან ჯორჯია” უარს ამბობს მოსაკრებლის შემცირებაზე, ქართული ავიაცია კი სულ უფრო და უფრო ზარალდება.
“ტავ ურბან ჯორჯიას” ტაქსის ფასებიც კი კაბალური აქვს. მაგალითად, თუ თბილისის აეროპორტში ჩამოსული მგზავრი მოინდომებს თბილისის ცენტრამდე ტაქსით წასვლას, მოუწევს ისარგებლოს “ტავის” ტაქსით, რაც სულ მცირე 45 ლარი დაუჯდება. (აეროპორტის ტერიტორიაზე სხვა ტაქსის დგომის/დალოდების უფლებას არ აძლევენ)
მივმართავთ თხოვნით საზოგადოებას, ჩვენს როგორც არსებულ, ისე პოტენციურ მგზავრებს, ყველას ვინც თვლის რომ “ტავ ურბან ჯორჯია” არ უნდა მართავდეს საქართველოს აეროპორტებს, დაგვიდექით გვერდში და სამშაბათს, 12 მარტს, 15:00 საათზე, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთად გავაპროტესტოთ “ტავ ურბან ჯორჯიას” კაბალური მმართველობა ჩვენს ქვეყანაში”, აცხადებენ Georgian Airways-ში.