თბილისი (BPI) – სარეიტინგო კომპანია Fitch -მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB-“ -დან „BB“-მდე გააუმჯობესა, პერსპექტივა სტაბილურით შეაფასა.
რეიტინგის გაუმჯობესება განპირობებულია 2018 წლის განმავლობაში სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს შენარჩუნებით და საგარეო შოკებისადმი მდგრადობის ზრდით. ანგარიშში აღნიშნულია, რომ რეგიონში არსებული შოკების მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკა მაღალი ტემპით გაიზარდა, გაცვლითმა კურსმა შეინარჩუნა სტაბილურობა და ეროვნულმა ბანკმა შეძლო რეზერვების შევსება.
ანგარიშის მიხედვით, რეიტინგის გაუმჯობესების განმაპირობებელ ძირითად პოზიტიურ ფაქტორებს წარმოადგენს: ქვეყნის საგარეო მოწყვლადობა ეტაპობრივად მცირდება და აღნიშნული ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.
ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ Fitch-ის რეიტინგის გაუმჯობესება მნიშვნელოვანი პოზიტიური ფაქტორია და აძლიერებს საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების და ინვესტორების ნდობას, რაც პოზიტიურად აისახება ქვეყნის ბიზნეს გარემოზე.
სამინისტროს განცხადებით, 2018 წლის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 4.8% შეადგინა, რაც განპირობებული იყო კერძო ინვესტიციებისა და საგარეო მოთხოვნის ზრდით.
სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სრულად დააფინანსებს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს, ასევე მოსალოდნელია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაჯანსაღება 2019-2020 წლებში თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების, ტრანსპორტის სექტორში მსხვილი ინვესტიციების და ანაკლიის პორტის განვითარების შედეგად.
რეიტინგის გაუმჯობესებას ხელს უწყობს მიმზიდველი ბიზნეს გარემო და მმართველობის ხარისხი. საქართველო იკავებს მე-6 ადილს მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით.
საბანკო სექტორში არსებული მდგომარეობა ასევე პოზიტიურია, რასაც ხელს უწყობს საბანკო სექტორში ლიკვიდობის, აქტივების ხარისხის და მომგებიანობის მაღალი მაჩვენებლები.
რეიტინგის სენსიტიურობის ანალიზის მიხედვით, საგარეო მოწყვლადობის შემდგომი შემცირება, ფისკალური კონსოლიდაცია და ეკონომიკური ზრდის მაღალი დონე მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნების პარალელურად პოზიტიურ გავლენას მოახდენს რეიტინგის შემდგომ შეფასებაზე.