პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი მუსიკოსების შესარჩევად მოსმენებს გამართავს

პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი წინანდლის ფესტივალის ფარგლებში, 2019 წელს დაფუძნდა და მეზობელ ქვეყნებში გამართული მოსმენების შედეგად დაკომპლექტდა. გასულ წელს, ორკესტრმა, რომლისთვისაც 80 ახალგაზრდა, ნიჭიერი მუსიკოსი შეირჩა, წინანდალში 4 კონცერტი გამართა მსოფლიოში აღიარებულ დირიჟორებთან და მუსიკოსებთან ერთად.

პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი წინანდლის საერთაშორისო ფესტივალის ძირითადი სიმფონიური ორკესტრია და მისი მუსიკალური ხელმძღვანელი მსოფლიოში განთქმული მაესტრო ჯანანდრეა ნოზედაა. მეხუთე, საიუბილეო სეზონი 2023 წლის, 31 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე გაგრძელდება.

პანკავკასიური ახალგაზრული ორკესტრის შესარჩევი მოსმენები 7 ქვეყანაში, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, თურქეთი, თურქმენეთი, საქართველო, ჩატარდება. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში მუსიკოსების მოსმენა 30 იანვარს გაიმართება. მონაწილეობის მიღება 18-იდან 28 წლამდე ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის იქნება შესაძლებელი. შერჩეული მუსიკოსები ფესტივალის დაწყებამდე, ორი კვირის განმავლობაში, რეპეტიციებს წინანდალში გაივლიან მსოფლიოს წამყვანი ორკესტრების პედაგოგების ხელმძღვანელობით. ორკესტრანტების მგზავრობას, განთავსებას, კვებას და სხვა დამატებით ხარჯებს უზრუნველყოფს წინანდლის ფესტივალი.

მოსმენაზე დასარეგისტრირებლად გთხოვთ შეავსოთ აპლიკაციის ფორმა: https://pcyo.tsinandalifestival.ge/registration/

2023 წლის პროგრამის სანახავად და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://tsinandalifestival.ge/pcyo-overview/

წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი 2019 წელს წინანდლის ისტორიული მამულის წიაღში, კომპანია სილქნეტის მხარდაჭერით დაფუძნდა. გამორჩეული საკონცერტო პროგრამისა და კლასიკური მუსიკის სფეროში აღიარებული მუსიკოსების მოწვევის გარდა, ფესტივალის დაარსების იდეა საგანმანათლებლო და სამშვიდობო მიზნებს ემსახურება.

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …