ევროკავშირმა საქართველოში ახალი პროგრამა დაიწყო

საქართველოში ევროკავშირის ახალი პროგრამის „ევროკავშირი გარემოსთვის – წყლის რესურსები და გარემოსდაცვითი მონაცემები“ განხორციელება დაიწყო.

პროგრამა „ევროკავშირი გარემოსთვის – წყლის რესურსები და გარემოსდაცვითი მონაცემები“  ითვალისწინებს წყლის რესურსების მართვის კუთხით არსებული პოლიტიკის, ახალი რეფორმების და ადგილობრივ დონეზე მათი განხორციელების მხარდაჭერას, ასევე, წყლის რესურსების, ჰაერის ხარისხის, მიწათსარგებლობისა და ნარჩენების მიმართულებით არსებული მდგომარეობის შესახებ სანდო მონაცემებსა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.

„ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, საქართველო ეროვნული პოლიტიკის და კანონმდებლობის ევროკავშირთან ჰარმონიზაციას ახორციელებს. გარკვეული პროგრესი უკვე მიღწეულია – შემუშავდა წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონპროექტი და მნიშვნელოვნად გაფართოვდა წყლის მონიტორინგის ქსელი. უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის ახალი პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოში გარემოს დაცვის გაუმჯობესებას“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა პროექტის დაწყების ღონისძიებაზე.

პროგრამა „ევროკავშირი გარემოსთვის – წყლის რესურსები და გარემოსდაცვითი მონაცემები“ არის ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობასთან თანამშრომლობის ჩარჩოს ნაწილი და მისი მთლიანი  ბიუჯეტი 12,75 მილიონ ევროს შეადგენს. პროგრამა განხორციელდება 2022-2024 წლების განმავლობაში; განხორციელებაზე პასუხისმგებელი იქნება განმახორციელებელი ორგანიზაციების კონსორციუმი (ავსტრიის გარემოს დაცვის სააგენტო, ავსტრიის განვითარების სააგენტო (ADA), წყლის საერთაშორისო ოფისი – საფრანგეთი (OiEau), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია (UNECE)).

პროგრამა „ევროკავშირი გარემოსთვის – წყლის რესურსები და გარემოსდაცვითი მონაცემები“ ეყრდნობა ევროკავშირის მხარდაჭერით უკვე განხორციელებული პროექტების – ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლუსი (EUWI+) და ერთიანი გარემოსდაცვითი საინფორმაციო სისტემის II ფაზა (ENIS SEIS II East) – ფარგლებში მიღწეულ შედეგებს.

  • პროექტი EUWI+ დაეხმარა საქართველოს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებასა და ევროკავშირის წყლის რესურსების მართვის პრაქტიკის საქართველოში ეტაპობრივ დანერგვაში. შემუშავდა ალაზანი-იორის  და ხრამი-დებედას  აუზების მართვის გეგმები და ჭოროხი-აჭარისწყლის აუზის მართვის გეგმა, რომელიც შავი ზღვის სანაპიროსთან დაკავშირებულ საკითხებსაც მოიცავს. სამივე სააუზო მართვის გეგმა ჯამურად, მოიცავს 24,000 კმ² და 961,000 მოსახლეს.
  • ENI SEIS II East პროექტი მხარს უჭერდა ერთიანი გარემოსდაცვითი საინფორმაციო სისტემის (SEIS) პრინციპებისა და პრაქტიკის განხორციელებას ბიომრავალფეროვნების, წყლის, მიწის, ნარჩენების და ჰაერის შესახებ გარემოსდაცვითი მონაცემების წარმოების და ინდიკატორების შემუშავების გასაძლიერებლად. პროექტმა ხელი შეუწყო ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებას გარემოსდაცვითი შეფასებისა და აღრიცხვის სფეროში.

 

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …