BAG ინდექსი: გამოკითხულთა 76% სასამართლო სისტემის გაუმჯობესებას განხილვის ვადების შემჭიდროვებაში ხედავს

თბილისი (BPI) – BAG ინდექსის კვლევის ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გამოკითხული წევრების  33.4% სასამართლო სისტემას ეფექტიანად ან/და ძალიან ეფექტიანად მიიჩნევს, მაშინ როცა 39.2%-ის აზრით, სასამართლო სისტემა ჯამურად არაეფექტიანი ან/და ძალიან არაეფექტიანია. ბიზნეს ოპერატორების აღნიშნული შეფასება აჩვენებს, საკმაოდ არაერთგვაროვან დამოკიდებულებას, რომელიც ხელისუფლების მესამე შტოს მიმართ ბიზნესს აქვს.

გარდა ეფექტიანობისა, ასოციაციის წევრმა კომპანიებმა, ასევე, შეაფასეს სასამართლოს მიმართ ნდობის ხარისხი. როგორც კვლევამ გამოავლინა, ნდობის მხრივ სასამართლო ხელისუფლების მიმართ ბიზნესის დამოკიდებულება კიდევ უფრო უარყოფითია, კერძოდ, ჯამურად კომპანიების 50%-ს სასამართლო ხელისუფლების მიმართ ან დაბალი ნდობა აქვს ან საერთოდ არ ენდობა.

კვლევის ფარგლებში ბიზნეს ოპერატორების წარმომადგენლებმა ასევე უპასუხეს კითხვას თუ სად ხედავენ სასამართლო სისტემის საქმიანობის გაუმჯობესების საჭიროებას. აღნიშნულ კითხვაზე პასუხებიდან ყველაზე ხშირად სასამართლოში განხილვის ვადების შემჭიდროვება, ბიზნეს დავებთან დაკავშირებით მოსამართლეთა კომპეტენციის ამაღლება, სასამართლო პროცედურების გამარტივება და მოსამართლეთა მიუკეძოებლობის ხარისხის ზრდა დასახელდა.

აღსანიშნავია, რომ სასამართლო სისტემის გაუმჯობესების აუცილებლობას ერთნაირად  ხედავს რესპოდენტთა ყველა კატეგორია, მიუხედავად იმისა ეფექტიანად აფასებენ ამ სისტემას თუ არა. კერძოდ, იმ რესპონდენტების დიდი ნაწილი, რომლებიც სისტემას ეფექტიანად ან/და ძალიან ეფექტიანად მიიჩნევს, მაინც ფიქრობს, რომ განხილვის ვადების შემჭიდროვება და პროცედურების გამარტივება აუცილებელია.

„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სასამართლო სისტემის ეფექტიანობის გასაზრდელად, მაინც რჩება კონკრეტული პრობლემები, რომელსაც საქართველოში მოქმედი ბიზნესი დავების სასამართლოში გადასვლის შემდეგ აწყდება. BAG ინდექსის მესამე კვარტლის კვლევა კი ზუსტად ასახავს ამ პრობლემებს, რადგანაც ასოციაცია წარმოადგენს ყველაზე მსხვილ ბიზნეს გაერთიანებას საქართველოში, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს 400 ზე მეტ სხვადასხვა ზომის კომპანიას. შესაბამისად, თუკი გვაქვს დიაგნოზი, საჭიროა ერთად ვიფიქროთ ხარვეზების აღმოხვრაზე და სასამართლოს მიმართ ნდობის აღდგენაზე. ამ მიმართულებით ჩვენ მზად ვართ როგორც საქართველოს იუსტიციის საბჭოსთან, ასევე, ხელისუფლების აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოებთანაც თანამშრომლობისთვის“ – განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

აღსანიშნავია, რომ BAG ინდექსს საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMCG კვლევითი ცენტრი IFO ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს. კვლევის ანგარიში ყოველკვარტალურად ქვეყნდება და აცნობს საზოგადოებას ბიზნესწრეებში არსებულ განწყობასა და მოლოდინს.

კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ბანკის მობილბანკში ნებისმიერი ტრანზაქცია მომგებიანია

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკი სპეციალურად მობილბანკის მომხმარებლებს ახალ აქციას სთავაზობს. დღეიდან ერთი თვის განმავლობაში …