უკრაინის მოქალაქეების განთავსების საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და აღნიშნა რომ უკრაინის არც ერთი მოქალაქე არ დარჩება მზრუნველობის გარეშე.
“ომის დაწყების პირველივე დღიდან, საქართველოს მთავრობა, აჭარის მთავრობა აკეთებს ყველაფერს რომ უკრაინის არც ერთი მოქალაქე არ დარჩეს საცხოვრებლის და კვებითი მომსახურების გარეშე.
პირველივე დღიდან აჭარის რეგიონში შემოსული უკრაინის ყველა მოქალაქისთვის, რომელმაც მოგვმართა თხოვნით, რომ ესაჭიროებოდა დახმარება, იქნა უზრუნველყოფილი. ასევე, შემუშავდა კონკრეტული პროგრამა როგორც ცენტრალურ დონეზე, ასევე აჭარის რეგიონის დონეზე, რომლის ფარგლებშიც გამოიყო კონკრეტული ბიუჯეტი უკრაინის მოქალაქეების განთავსებიდა და საჭიროებების უზრუნველსაყოფად. იმატა მომართვიანობამ, როგორც საზღვრიდან ახლადშემოსული უკრაინის მოქალაქეების, ასევე საქართველოს სხვა რეგონებში მყოფი მოქალაქეებიც უკვე გამოდიან ბათუმში, გაზრდილია მომართვიანობა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან, აჭარის მთავრობასთან და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად მაქსიმუმს აკეთებს, რომ უკრაინის თითოეული მოქალაქისთვის მოძიებული იქნას ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი. ის მოქალაქეები, ვინც განთავსებული არიან მაღალი კლასის სასტუმროებში, მათთვის უკვე გამოიძებნა ბინები, ასევე სხვა ტიპის ალტერნატიული საცხოვრებელი ეტაპობრივად იქნება შეთავაზებული. ჩვენთვის უკრაინის თემა არის ძალიან სენსიტიური. ძალიან სოლიდარულად ვართ განწყობილი იმ პროცესების მიმართ, რაც უკრაინაში ხდება. სახელმწიფო აკეთებს მაქსიმუმს შესაძლებლობების ფარგლებში, რომ არც ერთი უკრაინელი არ დარჩეს საცხოვრებლის გარეშე.
აქტიურად ვართ კომუნიკაციაში იმ მოქალაქეებთან, ვინც განთავსებული არიან როგორც მაღალი კლასის სასტუმროებში, ასევე ზოგადად აჭარაში და ჩვენ მათთან კოორდინაციაში მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ არც ერთი უკრაინის მოქალაქე არ დარჩეს საცხოვრისის გარეშე. აქვე მადლობა მინდა გადავუხადო, კერძო სექტორს იმ სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის, რაც მათ უკრაინელების უსასყიდლონ განთავსების მიმართულებით გამოიჩინეს. ” – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თინათინ ზოიძემ.