ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ახალი, ერთიანი საგადასახადო/საბაჟო მეთოდოლოგიის ახალი პლატფორმა – infohub.rs.ge წარუდგინეს. აღნიშნული ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ორგანიზებით გაიმართა.
“Infohub” – გულისხმობს ელექტრონული ინფორმაციის მართვის ერთიან სისტემას, სადაც ცენტრალიზებულად იქნება გაერთიანებული სხვადასხვა ტიპის მონაცემი. აღსანიშნავია, რომ ახალი პროგრამული უზრუნველყოფის ამოქმედების შემდეგ, ყველა მომხმარებლისთვის ინფორმაცია კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება, ხოლო თავად ინფორმაციის მიღების პროცესი მნიშვნელოვნად გამარტივდება.
აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და EBRD-ის მხარდაჭერით, 2021 წლიდან, მიმდინარეობს „ერთიანი საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიური ბაზის შექმნის“ პროექტი, რომელიც გულისხმობს ერთიან მიდგომებზე დაფუძნებული ელექტრონული საინფორმაციო ბაზის (საინფორმაციო-საძიებო ონლაინ პლატფორმას) შექმნას. მეთოდოლოგიურ ბაზაში განთავსებული ინფორმაცია განკუთვნილი იქნება, როგორც შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებისთვის, ასევე გადასახადის გადამხდელებისთვის და სხვა დაინტერესებული პირისთვის.
ერთიანი მეთოდოლოგიური ბაზის საინფორმაციო-საძიებო პლატფორმის ტექნიკური უზრუნველყოფის პროცესი ხორციელდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD)-ის მხარდაჭერით, ხოლო საექსპერტო მხარდაჭერა უზრუნველყოფილია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფარგლებში.