საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია განახლებადი ენერგიის წყაროს – 500 კვტ სიმძლავრის ელექტროსადგურის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. საპილოტე პროექტი USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამისა და შპს „ფუდსერვისის“ მიერ ერთობლივად განხორციელდა.
„სემეკი მხარს უჭერს განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე სადგურების განვითარებას საქართველოში. ამ კუთხითაც მისასალმებელია USAID-ის როლი, რადგანაც USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის მხარდაჭერით საქართველოში არაერთი მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური დამონტაჟდა. აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან სემეკის ინიციატივით დაინერგა და საკმაოდ ეფექტიანად მოქმედებს ნეტო-აღრიცხვის პროგრამა, რომელიც არის ერთ-ერთი პოპულარული წამახალისებელი ინსტრუმენტი მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მიმართულებით. სწორად, განახლებადი ენერგიების ათვისების წახალისების მიზნით, გავზარდეთ ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ჩართული სადგურების დადგმული სიმძლავრე 500 კვტ-მდე. ბოლო მონაცემების შესაბამისად, სისტემაში ჩართული 500 კვტ-მდე სადგურების დადგმული ჯამური სიმძლავრე 57 მეგავატს აღემატება“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.
USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში საპილოტე პროექტების ინიცირებით განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებაში ტექნიკურ და მატერიალურ დახმარებას უწევს კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა დარგების განვითარებას.